რაზე მიუთითებს ყურის სხვადასხვა ტიპის გამონადენი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.10, 2021 წელი

იმის მიხედვით, თუ რისგანაა გამოწვეული, ყურიდან შესაძლოა, მოდიოდეს ლორწოვანი, ჩირქოვანი, სისხლიანი, ლიქვორის (თავზურგტვინის სითხის) შემცველი გამონადენი.
ჩირქოვანი გამონადენის გაჩენა მოსალოდნელია გარეთა სასმენი მილის შემოფარგლული ანთების ან დიფუზური ანთების, შუა ყურის მწვავე და ქრონიკული ანთების დროს. ჩირქოვანი გამონადენი დიდი რაოდენობით მკვდარ ლეიკოციტებს შეიცავს. ასეთი გამონადენი შეიძლება, სხვადასხვა ფერისა იყოს. მოთეთრო-მოყვითალო, ყვითელი, იშვიათად მომწვანოც. მომწვანო ფერი გამომწვევ მიკროორგანიზმთან არის დაკავშირებული. ჩირქოვანი გამონადენი შეიძლება იყოს თხელიც და სქელიც, სუნიანიც და უსუნოც. სუნიანი ჩირქოვანი გამონადენი დამახასიათებელია ქრონიკული ეპიტიმპანიტისთვის. ეს არის ქრონიკული ოტიტის რთული ფორმა, რომელსაც თან სდევს სასმენი ძვლების კარიესული დაშლა.
ყურიდან გამონადენი არასოდეს არის ნორმა, ის ყოველთვის დაავადებაზე მეტყველებს. ჩირქოვანი გამონადენიც საყურადღებო სიმპტომია. თუმცა ჩირქოვანი გამონადენის არსებობა შუა ყურის ანთების დროს, ერთი მხრივ, დადებითი მოვლენაც არის: ჩირქის გამოყოფა იმას ნიშნავს, რომ ხდება ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერის დრენირება. გაცილებით საშიშია მდგომარეობა, როდესაც ჩირქოვანი კერა შემოფარგლულ სივრცეში ყალიბდება. ყური კი ანატომიური თავისებურებების გამო ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს: შუა ყურის (დაფის ღრუს) ზედა კედელი მხოლოდ თხელი ფირფიტით არის გამიჯნული ქალას შუა ფოსოსგან. ზოგჯერ აღნიშნულ ფირფიტას აქვს ხვრელები. ამ ხვრელების საშუალებით შესაძლოა, ინფექციური პროცესი თავის ტვინისკენ გავრცელდეს. რიგ შემთხვევაში, სწორედ, აღნიშნული მექანიზმით ვითარდება ოტოგენური ქალას შიგა გართულებები. ასეთ გართულებათა შორის უნდა ვახსენოთ მენინგიტი, ტვინის აბსცესი. როდესაც ყურში არსებული ჩირქი გარეთა სასმენი მილით გარეთ გამოდის და ჩირქოვანი ინფექციის კერა იცლება, მაშინ ინფექციური პროცესის თავის ტვინისაკენ გავრცელების საფრთხეც მცირდება. თუმცა ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან ნიშნავს, რომ არსებობს დაავადება, დაავადების არსებობა კი ყოველთვის დაკავშირებულია მისი გართულების რისკთან და საჭიროა ყურადღების გამოჩენა.
ოპერაციული ჩარევის ჩვენებაა სუნიანი ჩირქოვანი გამონადენი. ის უკავშირდება ეპიტიმპანიტს, რომელიც ძვლების დესტრუქციით მიმდინარეობს.
რაც შეეხება სეროზულ გამონადენს, ეს ლორწოვანი გამონადენი მოთეთრო და წყლისებრია. ის შესაძლოა გაჩნდეს გარეთა სასმენი მილის დიფუზური ანთების, ეგზემის, დერმატიტის, ყურის სოკოვანი დაავადების დროს. სერიოზული გამონადენი გამოიყოფა აგრეთვე შუა ყურის არაჩირქოვანი ანთების დროსაც. შესაძლოა, გამონადენი მოშავოც იყოს.
ლიქვორის შემცველი გამონადენი კი ახასიათებს ტრავმას, რომელსაც ზოგადად ქალას ფუძის მოტეხილობის სახელით იცნობენ.
სისხლიანი გამონადენი შესაძლოა, განპირობებული იყოს გარეთა სასმენი მილის ან დაფის აპკის ტრავმული დაზიანებით ან ანთებითი დაავადებით. გარეთა სასმენი მილის ტრავმულ დაზიანებას ხშირად ყურის სხვადასხვა შეუფერებელი საგნით გაწმენდა იწვევს. ბავშვებმა შესაძლოა, დაფის აპკი უცხო სხეულებით დაიზიანონ, მოზრდილ ასაკში კი დაფის აპკის მექანიკური დაზიანება ფიზიკური ფაქტორის ზემოქმედების, მაგალითად, დარტყმის, შედეგია. სისხლიანი გამონადენი ჩნდება დაფის აპკის გახეთქვისას.
რაც შეეხება სასმენ მილში გოგირდის ჭარბად დაგროვებას, ეს ბუნებრივი მოვლენაა და მას დამცველობითი ფუნქცია აქვს. ჩვეულებრივ, ღეჭვისა და ყლაპვის პროცესში გარეთა სასმენი მილის აპკოვან-ხრტილოვანი ნაწილის დრეკადობის წყალობით ხდება გოგირდის გარეთ გამოყოფა. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად, გარეთა სასმენი მილის სივიწროვის, მტვრიანი გარემოს ზემოქმედების ან გარეთა სასმენ მილში ჭარბი თმიანი საფარველის არსებობისას გოგირდის მასების გამოდევნა ბრკოლდება. ზოგჯერ კი ჯირკვლები გოგირდს ჭარბად გამოყოფენ. გოგირდოვანი მასების დაგროვება ახშობს გარეთა სასმენი მილის სანათურს, რაც იწვევს ბგერის გატარების შეფერხებას და სმენის დაქვეითებას. ეს განსაკუთრებით კარგად იგრძნობა ბანაობის შემდეგ, როცა თბილი წყლის მოხვედრა იწვევს გარეთა სასმენ მილში ჭარბად დაგროვილი გოგირდის გაჯირჯვებას, სასმენი მილის დახშობას და პაციენტს უჩნდება მნიშვნელოვანი დისკომფორტი სმენის დაქვეითების, ყურებში ხმაურის თუ დაგუბებისა და დახშობის შეგრძნების გამო.
რაც უფრო ხშირად გაიწმენდთ გარეთა სასმენ მილს, მით უფრო მეტად გააქტიურდება გოგირდის გამომყოფი ჯირკვლები და ჭარბად გამოიყოფა გოგირდი, ამიტომ ყურის გაწმენდა კვირაში მხოლოდ 1-2-ჯერაა რეკომენდებული. არ შეიძლება მეტისმეტად ღრმად გამოწმენდაც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან