მედიცინა

რაზე მიუთითებს გამონადენი ყურიდან

№44

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 07.11

ყურის ტკივილი
დაკოპირებულია

ჩირქოვანი გამონადენის გაჩენა მოსალოდნელია გარეთა სასმენი მილის შემოფარგლული ანთების (სასმენი მილის ფურუნკული) ან დიფუზური ანთების, შუა ყურის მწვავე და ქრონიკული ანთების დროს. ჩირქოვანი გამონადენი დიდი რაოდენობით მკვდარ ლეიკოციტებს შეიცავს. ასეთი გამონადენი შეიძლება, სხვადასხვა ფერის იყოს – მოთეთრო-მოყვითალო, ყვითელი, იშვიათად – მომწვანოც. მომწვანო ფერი გამომწვევ მიკროორგანიზმთან არის დაკავშირებული. ჩირქოვანი გამონადენი შეიძლება, იყოს თხელიც და სქელიც, სუნიანიც და უსუნოც. სუნიანი ჩირქოვანი გამონადენი დამახასიათებელია ქრონიკული ეპიტიმპანიტისთვის. ეს არის ქრონიკული ოტიტის რთული ფორმა, რომელსაც თან სდევს სასმენი ძვლების კარიესული დაშლა.

ყურიდან გამონადენი არასოდეს არ არის ნორმა, ის ყოველთვის დაავადებაზე მეტყველებს. ჩირქოვანი გამონადენიც, რასაკვირველია, საყურადღებო სიმპტომია. ეს ნიშანია იმისა, რომ აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგს – ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს მივმართოთ. თუმცა, ჩირქოვანი გამონადენის არსებობა შუა ყურის ანთების დროს ერთი მხრივ დადებითი მოვლენაც არის: ჩირქის გამოყოფა იმას ნიშნავს, რომ ხდება ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერის დრენირება. გაცილებით საშიშია მდგომარეობა, როდესაც შემოფარგლულ სივრცეში, ნებისმიერ ადგილას, ყალიბდება ჩირქოვანი კერა. ყური კი ანატომიური თავისებურებების გამო ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: შუა ყურის ზედა კედელი მხოლოდ თხელი ფირფიტით არის გამიჯნული თავის ქალას შუა ფოსოსგან. ზოგჯერ აღნიშნულ ფირფიტას აქვს ხვრელები. ამ ხვრელების საშუალებით შესაძლოა, ინფექციური პროცესი თავის ტვინისკენ გავრცელდეს. რიგ შემთხვევაში სწორედ აღნიშნული მექანიზმით ვითარდება ყურისმიერი ქალასშიგა გართულებები.

მენინგიტი, ტვინის აბსცესი – შუა ყურის უკანა კედელი ესაზღვრება საფეთქლის ძვლის დვრილისებრ მორჩს, აქედან არსებობს ინფექციის გავრცელების საფრთხეც. ინფექციის გავრცელება გამოიწვევს ანტრიტსა და მასტოიდიტს, რომლებიც ხშირად ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. როდესაც ყურში არსებული ჩირქი გარეთა სასმენი მილით გარეთ გამოდის და ჩირქოვანი ინფექციის კერა იცლება, ინფექციური პროცესის თავის ტვინისკენ გავრცელების საფრთხეც მცირდება. ზოგჯერ, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, აღნიშნული გართულებების თავიდან აცილების მიზნით, თუ დაფის აპკის მთლიანობა თავისთავად არ დაირღვა და ჩირქი არ გამოიყო, ხდება მისი პარაცენტეზი ანუ გაკვეთა. ამრიგად, მსგავს შემთხვევებში ჩირქის გამოყოფა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მისი არარსებობა. თუმცა ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან ნიშნავს, რომ არსებობს დაავადება, დაავადების არსებობა კი ყოველთვის დაკავშირებულია მისი გართულების რისკთან.

ჩირქოვანი გამონადენი არის სიმპტომი და არა დაავადება. ამდენად, ჩვენ ვმკურნალობთ ჩირქოვანი გამონადენის გამომწვევ დაავადებას და არა გამონადენს.

სისხლიანი გამონადენი შესაძლოა, განპირობებული იყოს გარეთა სასმენი მილის ან დაფის აპკის ტრავმული დაზიანებით ან ანთებითი დაავადებით. გარეთა სასმენი მილის ტრავმულ დაზიანებას ხშირად ყურის სხვადასხვა შეუფერებელი საგნით გაწმენდა იწვევს. სისხლიანი გამონადენი ჩნდება დაფის აპკის გახეთქვისას – შუა ყურის ანთების დროს დაფის აპკის პერფორაცია ან თავისთავად ხდება, ან მას ექიმი ატარებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა