რაზე მიგვითითებს დალურჯებები კანზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 21.04, 2022 წელი

ყველას მიგვირტყამს ფეხი ან ხელი მაგიდაზე, კარადაზე, რასაც კანზე სხვადასხვა ფერის კვალი დაუტოვებია – ლურჯი, შავი ან ორივე ერთად. სილურჯე არის კანის ზედაპირის ქვეშ არსებული სისხლძარღვების უმნიშვნელო დაზიანება. როცა სისხლძარღვები დაზიანებულია, მცირე რაოდენობით სისხლი გამოიჟონება, რაც აძლევს კანს ლურჯ, შავ ან იასამნისფერ შეფერილობას. რა ხდება, როცა ფეხები, მკლავები ან სხეულის სხვა ნაწილები ძალიან მარტივად, უმნიშვნელო მირტყმით გილურჯდებათ და ვერც კი ხვდებით საიდან მოდის სილურჯე. ეს შეიძლება, რამდენიმე მიზეზით იყოს გამოწვეული.
ბერდებით – კანი ასაკის მატებასთან ერთად უფრო თხელი ხდება და სისხლძარღვები კი – უფრო „მყიფე“. ეს ორი რამ მიდრეკილს გხდით აუხსენელი დალურჯებებისკენ.
კანის დათხელებასთან ერთად თქვენ კარგავთ იმ ცხიმებსა და კოლაგენებს, რომელიც სისხლძარღვებს იცავდა. ასევე, სისხლძარღვები კარგავს ელასტიკურობას, რის გამოც ისინი მეტად არიან მიდრეკილნი დაზიანებისკენ.
იღებთ ისეთ წამლებს, რომლებიც ათხელებს სისხლს – თუ თქვენ იღებთ სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს გულის არითმიისა და სისხლის შედედების სამკურნალოდ, ეს შეიძლება, იყოს თქვენს კანზე არსებული დალურჯებების მიზეზი.
განიცდით ვიტამინების დეფიციტს – C და K ვიტამინების ნაკლებობა იწვევს აუხსნელ დალურჯებებს – მაგრამ ეს პრობლემა, ძირითადად, განვითარებად ქვეყნებშია, ხოლო თუკი ხელი მიგიწვდებათ ჯანსაღ საკვებზე, მაშინ ეს პრობლემა თქვენ ნაკლებად გეხებათ. მაგრამ როდესაც არასწორად ვიკვებებით, ჩვენ ორგანიზმი ვერ იღებს B, C, A, D ვიტამინების ან ფოლიუმის მჟავის საჭირო რაოდენობას და სწორედ ამ დროს ჩნდება სხეულზე სისხლჩაქცევები.
როგორ მოვიშოროთ დალურჯება სწრაფად – სილურჯის გაქრობა შესაძლოა, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს და მის დასაჩქარებლად ბევრს ვერაფერს გააკეთებთ. მაგრამ არსებობს უტყუარი ხრიკი, რასაც შეუძლია ამ პროცესის დაჩქარება. მას შემდეგ, რაც მიარტყამთ მუხლს ან იდაყვს, მალევე დაიდეთ ყინული და გაიჩერეთ 10 წუთით, დღეში რამდენჯერმე.
სისხლძარღვთა დაავადებები – სისხლჩაქცევები შეიძლება, გამოიწვიოს ზოგიერთმა ისეთმა დაავადებამ, როგორიცაა: ჰემოფილია, თრომბოციტოპენია, წითელი მგლურა, ციროზი, ლეიკემია და მრავალი სხვა.
ფიზიკური დატვირთვა – ვარჯიშისა და ფიზიკური დატვირთვის დროს ყველაზე დიდი სიმძიმე კუნთებს აწვება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს სისხლძარღვების მუშაობის დარღვევა და გაჩნდეს სისხლჩაქცევები.
დიაბეტი – დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ხშირად აქვთ სხეულზე მუქი ლაქები, მაგრამ ესენი სისხლჩაქცევები არ არის, ეს ლაქები ინსულინის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობიდან გამომდინარე ჩნდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან