რაზე მიგვანიშნებს თვალიდან გამონადენი
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.10, 2023 წელი

თვალში არსებული ლორწო ნარჩენებს გამოდევნის. ძილის დროს ის გროვდება, გაღვიძებისას თვალის კუთხეებში ცოტაოდენი გამონადენი თუ გექნებათ, ეს ნორმალურია. თუმცა, დღის განმავლობაში, მუდმივად ლორწოვანის დაგროვება იმის ნიშანია, რომ თქვენი თვალები დახმარებას საჭიროებენ.
გამონადენი თვალის მოსვენების პროცესში გროვდება, როდესაც გძინავთ და ის თვალის ლორწოვანისა და მასში არსებული ცხიმოვანი ნივთიერებისგან წარმოიქმნება. იგი ხშირად სერიოზულ დაავადებასთან არ ასოცირდება, მაგრამ მაინც სჯობს, ექიმს ეჩვენოთ, რომ მდგომარეობა უფრო არ გაუარესდეს.
თვალიდან გამონადენის ფერის, სიხშირისა და თანმხლები სიმპტომების მეშვეობით შესაძლებელია მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა. გამონადენის მიზეზი ყველაზე ხშირად ინფექციებია, მაგალითად, ბლეფარიტი, ანუ, ქუთუთოს ანთება. მას ახასიათებს გაღიზიანებული თვალიდან გამონადენი. თუ დილით, გაღვიძებისას შეამჩნევთ, რომ წამწამები ერთმანეთზე გეწებებათ და თვალების გახელა გიჭირთ, ასეთ დროს, საჭიროა თვალის ჰიგიენა დაიცვათ და თბილი კომპრესები დაიდოთ.
თუ მწვანე გამონადენი შენიშნეთ, ეს სინუსური ინფექციის მანიშნებელია.
ერთი თვალიდან ან ორივედან მოთეთრო გამონადენი ნიშნავს, რომ თვალი გაღიზიანებულია, ესეც ინფექციის მაჩვენებელია. გამომწვევი მიზეზი შეიძლება, ძალიან ბევრი იყოს.
გამონადენის ერთ-ერთი ხშირი მიზეზი კონიუნქტივიტია – თვალის გარსის ანთებაა. მას ბაქტერია ან ვირუსი იწვევს, გადამდებია და თვალის სიწითლე ახასიათებს.
თვალის სიწითლის გარდა, მასთან ასოცირდება შემდეგი სიმპტომები:
• ქავილი;
• გამონადენი ერთ ან ორივე თვალში;
• ცრემლდენა;
• ტკივილი;
• თვალის გაღიზიანება, წვის შეგრძნება.
თვალის წვეთებთან ერთად, ცივი კომპრესები არსებულ დისკომფორტს შეგიმსუბუქებთ.
გამონადენის მიზეზი, ასევე, შეიძლება, იყოს ალერგია და არ არის გამორიცხული, რომ თავად კონიუნქტივიტიც იყოს ალერგიული ფორმის. ალერგენი კი შეიძლება მტვერი ან ნებისმიერი სხვა რამ იყოს. სიმპტომები გამონადენთან ერთად შეიძლება იყოს:
• ქავილი;
• წვა;
• ქუთუთოების შეშუპება;
• სურდო/ცემინება.
დაავადების თავიდან აცილების მიზნით, უნდა მოერიდოთ ალერგიის გამომწვევებს, მიიღოთ ალერგიის წამალი და თვალის წვეთები – ექიმის დანიშნულებით.
რქოვანას წყლული
მშრალმა თვალმა ან ინფექციამ შეიძლება, გამოიწვიოს რქოვანას წყლული. რომელსაც, თვალიდან თეთრი გამონადენი ახასიათებს. მისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
• თვალის სიწითლე;
• ტკივილი;
• ხშირი ცრემლდენა;
• უსიამოვნო შეგრძნება ქუთუთოსთან;
• მგრძნობელობა სინათლის მიმართ.
ასეთ დროს აუცილებელია მკურნალობა, შესაძლოა, დაგჭირდეთ ანტიბიოტიკოთერაპია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან