რატომ ტირიან პატარები
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.12
ცნობილია, რომ ჩვილი ბავშვების დიდი ნაწილი მთელი დღის განმავლობაში წყნარად ყოფნის შემდეგ, საღამოს ექვსი საათისათვის ან ცოტათი გვიან, ჭირვეულობას იწყებს. ეს, დაახლოებით, 3 კვირის ასაკისთვის იწყება და 3 თვემდე გრძელდება. ზოგიერთი პატარა სულაც არ ტირის დიდი ხნის განმავლობაში. ზოგადად კი, ტირილი არც ძალიან ხმამაღალია და არც განსაკუთრებით ძლიერი. ასეთ შემთხვევაში დედას პატარა ხელში აჰყავს, არწევს მას და 10-15 წუთში ყველაფერი წყნარდება. თუმცა არიან პატარებიც, რომელთაც ნამდვილი ტირილის „შეტევები“ ეწყებათ. მათი დაწყნარება შეუძლებელია ნახევარი საათის თუ მეტი დროის განმავლობაში.
პატარა, რომელიც ჩვეულებრივ, წყნარი და მხიარულია, მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე ჭირვეულობს, ეს სავსებით ნორმალურია, რადგანაც კარგად ვიცით, შეუძლებელია, ბავშვი ისე გაიზარდოს, რომ არ იტიროს. თუმცა, როცა დროთა განმავლობაში ტირილი მუდმივ ხასიათს იღებს, ჩვენც მოსვენებას ვკარგავთ.
დღის გარკვეულ მონაკვეთში ყველა ბავშვი ტირის და იშვიათია პატარა, რომელიც ასე არ იქცევა.
რა არის ტირილის მიზეზი? შესაძლოა, ის დაკავშირებულია უკონტროლო მზარდ შიშთან, რაც სიბნელის დადგომასთან ერთად მოდის. რასაკვირველია, ეს არ არის ზუსტი ახსნა. ხშირად ასეთი ტირილი იმ ფაქტს მიეწერება, რომ პატარას საღამოობით მუცელი სტკივა. რიგ შემთხევებში მართლაც ასეა, მაგრამ გაუგებარია, რატომ სტკივა მუცელი პატარას მაინცდამაინც საღამოობით, როცა დღის განმავლობაში ის თავს სავსებით კარგად გრძნობს. თუ პატარა, რომელიც ჩვეულებრივ, წყნარი და მხიარულია, საღამოობით რეგულარულად და ხანგრძლივად ტირის, ამის გამო ნუ ინერვიულებთ. როცა პატარას ტანსაცმელს შეამოწმებთ და დარწმუნდებით, რომ ის არ არის სველი, ბავშვს არ აწუხებს ჰაერი, რომელიც ვერ ამოიტყორცნა, არც პამპერსია ძალიან მჭიდროდ შეკრული და პატარაც მშიერი არ არის, აიყვანეთ ბავშვი ხელში, მოეფერეთ მას, არწიეთ, მიეცით წყალი. ნუ ინაღვლებთ, 3-4 თვის ასაკისათვის საღამოობით ტირილის ჩვევა აუცილებლად გაქრება.
ღამის შიში და კოშმარები, უეცარი გაღვიძება, მოუსვენარი ძილი – ეს ყველაფერი ბავშვის შინაგანი შფოთვის ასახვაა და გარკვეულწილად პატარას პიროვნულ თვისებებსაც ცვლის.
ღამის კოშმარები შეიძლება, 2 წლის ასაკიდან დაიწყოს, თუმცა არ არის გამორიცხული, უფრო გვიანაც – 2-დან 7 წლამდე პერიოდში. მაგრამ ამ ასაკში უფრო ტიპურია ღამის შიში ან სომნამბულიზმი. ყველა ეს გამოვლინება, განურჩევლად მათი ხშირი გამეორებისა, არ არის საშიში და მშობლებში პანიკას არ უნდა იწვევდეს. ბავშვი, რომელსაც ღამით კოშმარები არ ესიზმრება ან ცუდი სიზმრის გამო არ ატირდება, უიშვიათესი გამონაკლისია და არა ნორმა. ხშირად პატარები დილით ვერც კი იხსენებენ, რა მოხდა ღამით. ზოგჯერ ისინი ძილში ლაპარაკობენ ან რაღაც გაუგებარ ბგერებს წარმოთქვამენ, წამოჯდებიან საწოლში ან უეცრად წამოხტებიან ხოლმე, მაგრამ ამ დროს სულაც არ იღვიძებენ.
საკმარისია, პატარას მივუახლოვდეთ, თავზე ხელი გადავუსვათ, წყნარად დაველაპარაკოთ, რომ მალე დაწყნარდეს და მშვიდი ძილი განაგრძოს. არის შემთხვევები, როცა პატარებს დილით ახსოვთ ღამით განცდილი შიში და ნანახი სიზმარი, მაგრამ, რასაკვირველია, ეს ყველაფერი დღისით აღარ არის ისეთი საშიში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან