მედიცინა

რატომ იმყოფება ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოფთალმოქირურგი ანა დვალიშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე, მასაჩუსეტსის თვალის კლინიკაში

№34

ავტორი: ნინო წულუკიძე 14:26 28.08

ანა დვალიშვილი
დაკოპირებულია

სტრესი, არასწორი კვება, სპეციფიკური სამუშაო პირობები, დიაბეტი და სხვა ქრონიკული დაავადებები ხშირად ხდება თვალის დაზიანების მიზეზი. საბედნიეროდ, თანდათან იხვეწება თვალის პათოლოგიების დიაგნოსტიკის ტექნოლოგიები და მკურნალობის მეთოდები. საქართველოში თვალის დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიურ დეპარტამენტშიც. დეპარტამენტის ახალგაზრდა ხელმძღვანელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ოფთალმოქირურგ ანა დვალიშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით კეთდება რთული ოპერაციები და ქირურგიული მანიპულაციები.

ანა დვალიშვილი ხშირად სტუმრობს მსოფლიოს წამყვან ოფთალმოლოგიურ კლინიკებს და მუდმივად იმაღლებს კვალიფიკაციას.

2022 წელს იმყოფებოდა კატმანდუში, ნეპალის თვალის ინსტიტუტში, სადაც 6 თვის განმავლობაში გადიოდა სპეციალური სწავლების კურსს. ხოლო 2024 წელს, იმავე ინსტიტუტის ეგიდით, ნეპალის მოსახლეობას უფასო გამოკვლევებსა და ქირურგიულ მკურნალობას უტარებდა. 2023 წელს გაიარა ქირურგიული კურსი გლაუკომის თანამედროვე მკურნალობის მეთოდების შესახებ ფინეთში – ტამპერეს სასწავლო ცენტრში, ამჟამად კი ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე იმყოფება მასაჩუსეტსის თვალის კლინიკაში გლაუკომისა და ბადურის ქირურგიის მკურნალობის ახალი მეთოდების გაცნობის მიზნით. ატარებს ყველა სირთულის ქირურგიულ მანიპულაციას თვალზე.

– ანა, მოდი, ჯერ კატმანდუში შენი ხანგრძლივი ვიზიტის შესახებ მოგვიყევი.

– კატმანდუში, ნეპალის თვალის ინსტიტუტში გატარებული 6 თვე ჩემი კარიერული ზრდისთვის და პროფესიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დავეუფლე თვალის უკანა მონაკვეთის ქირურგიას. რთული იყო, მაგრამ უმნიშვნელოვანესი გამოცდილება მივიღე. რამდენიმე თვის წინ კი, ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად, კატმანდუში მონაწილეობა მივიღე პროექტში, რომლის მიზანია ნეპალში სიბრმავის დამარცხება და ითვალისწინებს უფასო ამბულატორიულ და ქირურგიულ მკურნალობას პაციენტებისთვის, რომელთაც ამის ფინანსური საშუალება არ აქვთ. ორი თვის განმავლობაში ცენტრალური დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში ვატარებდით მოსახლეობის უფასო გამოკვლევებს, იმ ადამიანებს კი რომელთაც ესაჭიროებოდათ ქირურგიული ჩარევა საშუალება ჰქონდათ, უფასოდ ჩაეტარებინათ მკურნალობა. დიდი პატივი იყო მსოფლიოში ცნობილ ოფთალმოქირურგებთან ერთად ასეთ კეთილ საქმეში მონაწილეობა.

– 32 წლის ასაკში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ხართ. ეს, ალბათ, დიდი შრომის შედეგია. რა დაგეხმარათ თქვენს კარიერულ კიბეზე გზის გაკვლევაში.

– ალბათ, მიზნის დასახვა და შრომისმოყვარეობა. ვიცოდი, რომ ქართულ განათლებასთან ერთად, აუცილებელი იყო, მენახა, თუ როგორ ვითარდებოდა სხვა ქვეყნებში ოფთალმოლოგია. აქ ძალიან დამეხმარა სასწავლო გრანტები: ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის სასწავლო გრანტი, ევროპის გლაუკომის ასოციაციის სასწავლო გრანტი, ევროპის კატარაქტალური და რეფრაქციული ქირურგიის სასწავლო გრანტი, ევროპის ბადურის ასოციაციის სასწავლო გრანტი, თურქეთის თვალის აკადემიის სასწავლო გრანტი, რამაც საშუალება მომცა რეზიდენტურის დასრულების შემდეგ, რამდენიმე წელი, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გამეგრძელებინა მუშაობა. შემდეგ იყო ნეპალის საოცარი გამოცდილება და ახლა – ამერიკის შეერთებული შტატები. ყოველთვის ვიცოდი, რომ საქართველოში უნდა გამეგრძელებინა საქმიანობა და ეს ცხოვრების ყველა ეტაპზე მეტ მოტივაციას მაძლევდა.

ძალიან ხშირად პაციენტები აღნიშნავენ, რომ ურჩევნიათ ახალგაზრდა, ევროპული გამოცდილების ექიმთან მკურნალობა. თუმცა, როდესაც საქმე ქირურგიას ეხება ბევრჯერ პირდაპირ უკითხავთ – თქვენ უნდა გამიკეთოთ ოპერაცია? (იღიმის) სამედიცინო სფეროში არის მიმართულებები, რომლებიც შედარებით ახალია და ახლა ვითარდება. ამიტომ, ასეთ მიმართულებებში, ახალგაზრდა თაობა აქტიურად ვართ ჩართული.

აქტიურად ვმუშაობთ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების თვალისმხრივი დაზიანებების პრევენციის ღონისძიებებზე. ჩვენს კლინიკაში დიალიზზე მყოფ 300-ზე მეტი პაციენტი ყოველთვიურ სრულ ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს უფასოდ გადის, რათა მოხდეს თირკმლის რეტინოპათიისთვის დამახასიათებელი ცვლილებების ადრეული გამოვლენა და მართვა. ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში თვალის დაზიანება უმეტესად ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს და როდესაც პაციენტი ექიმს მიმართავს, სრული მხედველობის აღდგენა თითქმის შეუძლებელია. ასევე, მინდა, შევეხო გლაუკომასაც, რომელიც საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გლაუკომის ყველაზე გავრცელებულ ფორმას უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს, ეს ნიშნავს, რომ პაციენტს შეიძლება, ჰქონდეს გლაუკომა, მაგრამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს. ჩვენ გვყოლია პაციენტები მაღალი ცენტრალური მხედველობითა და შორსწასული გლაუკომის დიაგნოზით. სამწუხაროა, რომ გლაუკომისას დაზიანებული ნერვული ბოჭკოების აღდგენა არ ხდება, ამიტომ ის პერიფერიული მხედველობა, რომელიც დაიკარგა თითქმის შეუძლებელია, აღდგეს. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდებით ხდება გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობის ტაქტიკის ინდივიდუალური შერჩევა თითოეულ პაციენტში.

– უფრო კონკრეტულად რომ გვითხრა, რა სიახლეებით უბრუნდები შენს პაციენტებს ამერიკიდან?

– ვიმყოფები მასაჩუსეტსის თვალის კლინიკაში, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს. ვატარებ ყველა სირთულის ქირურგიულ მანიპულაციას თვალზე. ვეუფლები გლაუკომისა და ბადურის ქირურგიული გზით მკურნალობის ახალი მეთოდებს.

– რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მოგმართოთ თქვენ?

– თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ ოფთალმოლოგიაში საკმაოდ ბევრი პათოლოგია საწყის ეტაპზე სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და პაციენტი მათ მხოლოდ მაშინ ამჩნევს, როდესაც მხედველობა უკვე შეუქცევადად არის დაკარგული. პაციენტები მაღალი არტერიული წნევით, შაქრიანი დიაბეტით, თირკმლის პათოლოგიებით აუცილებლად საჭიროებენ სისტემატურ ოფთალმოლოგიურ კონსულტაციას. 40 წლის ზევით კი წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი. მხედველობის პროგრესირებადი დაქვეითება, გაორება, თვალების ტკივილი და მოჭერის შეგრძნება, ნათებები და შავი წერტილები თვალების წინ, მხედველობის გარდამავალი დაბინდვა – ეს ის სიმპტომებია, რომლის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა