რატომ იმატა კოვიდ-19-ის პირობებში ჭინჭრის ციებამ და როგორ უნდა გაუმკლავდნენ ალერგიას პაციენტები
ავტორი: ნინო კანდელაკი 14:04 11.12, 2020 წელი
რა უნდა ვიცოდეთ ჭინჭრის ციების შესახებ? რატომ გახდა ის აქტუალური კოვიდ 19-ის პირობებში და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას. „თბილისელებთან“ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე საუბრობს.
– ქალბატონო ნინო, რა დაავადებაა ჭინჭრის ციება და როგორია მისი სიმპტომები?
– ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია, ადამიანის სხეულზე ჭინჭრის ნასუსხის მაგვარ გამონაყარს იწვევს, რასაც შემაწუხებელი ქავილი ახასიათებს. ის შესაძლოა, განვითარდეს ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში – როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ჭინჭრის ციება შეიძლება, იყოს მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობის. მწვავე ფორმის ხანგრძლივობა 6 კვირას არ აღემატება. მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, იყოს საკვები – რძე, კვერცხი, ხორბალი, თევზი, თხილეული, ასევე, ემულგატორებითა და დანამატებით გაჯერებული საკვები, ასევე, მედიკამენტები (ანტიბიოტიკები, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატები და ასე შემდეგ), მწერის ნაკბენი, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები. ქრონიკული ჭინჭრის ციების ხანგრძლივობა 6 კვირაზე მეტია, ის შესაძლოა, თვეები, იშვიათად, წლებიც გაგრძელდეს, ერთ დღესაც კი სპონტანურად გაჩერდეს და სამუდამოდ გაქრეს. მისი გამომწვევი მიზეზის პოვნა უფრო რთულია. ჭინჭრის ციება აღენიშნება მსოფლიო მოსახლეობის 1 პროცენტს და ამ პაციენტთა 30 პროცენტში გამომწვევი მიზეზი უცნობია.
– როგორ ხდება ჭინჭრის ციების დიაგნოსტირება?
– დაავადება ალერგოლოგებისთვის იოლი ამოსაცნობია, რადგან ის ვიზუალურად ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს და მაქსიმუმ, 24 საათში თავისით ან ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღებით უკვალოდ ქრება, თუმცა შემდეგ შესაძლებელია, ისევ გაჩნდეს. ის შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მსუბუქად, ისე მძიმედ. ჭინჭრის ციების მქონე პაციენტების დაახლოებით 40%-ს აღენიშნება შეშუპება, მას ანგიოედემას, ანუ „კვინკეს შეშუპებას“ უწოდებენ, რაც ვლინდება ტუჩის, ქუთუთოების, სახის, კიდურების შეშუპებით.
– კოვიდ 19-ის პირობებში, ძალიან აქტუალური გახდა აღნიშნული დაავადება. რა უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა აღნიშნული მოცემულობისას?
– ჭინჭრის ციება შეიძლება, იყოს კოვიდ 19-ის ერთ-ერთი სიმპტომიც. ის ვითარდება კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა დახლოებით 15-20%-ში, როგორც დაავადების დასაწყისში, ასევე ჰოსპიტალიზაციის შემდეგ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჭინჭრის ციების მიმდინარეობა შესაძლოა, გააუარესოს სიცხის დამწევმა და ტკივილგამაყუჩებელმა პრეპარატებმა, ამიტომ განსაკუთრებით ქრონიკული ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებისთვის კორონავირუსული ინფექციის დროს რეკომენდებულია ალერგოლოგის კონსულტაცია და მისი მეთვალყურეობა.
– ზოგადად, როგორ ვიმკურნალოთ და ვმართოთ დაავადება?
– ურტიკარიის მკურნალობა და მართვა ხორციელდება ახალი თაობის ანტიალერგიული პრეპარატით, რომლის დოზირებასა და ხანგრძლივობას ინდივიდუალურად საზღვრავს ალერგოლოგი, მწვავე ჭინჭრის ციება შედარებით იოლად ემორჩილება მკურნალობას და როგორც წესი, გადის 1-3 კვირის შემდეგ. ის შესაძლებელია, აღარასდროს განმეორდეს. შედარებით რთულია ქრონიკული ურტიკარიის მართვა, რადგან ზოგ შემთხვევაში, ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამეტებთან ერთად, საჭიროა უფრო ძლიერი პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა სტეროიდების ხანმოკლე კურსი, ბიოლოგიური პრეპარატები (ომალიზუმაბი), იმუნოსუპრესანტები და ასე შემდეგ.
– არის თუ არა საჭირო ამ დაავადების მკურნალობისას, კოვიდ 19-ის პარალელურად, სხვა ნიუანსების გათვალისწინებაც?
– ზოგადად ჭინჭრის ციების მქონე პაციენტები არ არიან კოვიდ 19-ის დაავადების განვითარების რისკის ქვეშ. ურტიკარიის მკურნალობა და მართვა არ განსხვავდება კორონავირუსული ინფექციის დროს განვითარებული ურტიკარიის მკურნალობისგან. თუმცა რეკომენდებულია, ურტიკარიის საშუალო და მძიმე მიმდინარეობის დროს ანტიალერგიული პრეპარატების გარდა, საჭიროების შემთხვევაში, სტეროიდები გამოყენებულ იქნეს ხანმოკლე კურსით და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შეძლებისდაგვარად მინიმალური მაკონტროლებელი დოზით. იმუნოსუპრესანტების გამოყენება კოვიდ 19-ის დროს ურტიკარიის სამართავად რეკომენდებული არ არის.
– რას ურჩევდით ჭინჭრის ციების მქონე ადამიანებს?
– მწვავე ჭინჭრის ციება, ექიმის სწორი დანიშნულებით, ხშირად კარგად ემორჩილება მკურნალობას და როგორც წესი, საშუალოდ 1-3 კვირაში გადის და პაციენტების გარკვეულ ნაწილს ცხოვრების განმავლობაში შესაძლებელია, აღარც გაუმეორდეს. შედარებით უფრო რთული სამართავია ქრონიკული ურტიკარიის ფორმები, როდესაც გამონაყარი მოქმედებს პაციენტების ცხოვრების ხარისხზე, იწვევს ძილის დარღვევას, შფოთვას, გაღიზიანებას. ასეთი პაციენტებისთვის აუცილებელია ალერგოლოგთან მჭიდრო კავშირში ყოფნა, იმისთვის რომ სწორი დანიშნულებით ბოლომდე იყოს მიღწეული მათ სიმპტომებზე კონტროლი, ხშირ შემთხვევაში ეს გულისხმობს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივ მიღებას. ქრონიკული ჭინჭრის ციების მქონე პაციენტების 50-60%-ს 6-12 თვის თავზე დაავადება გასდის. ზოგადად, თანამედროვე მსოფლიოში მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება, არის ახალი შესაძლებლობები, ახალი ეფექტური მედიკამენტები, რომელიც ძალიან ეფექტურია ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებისთის, ამიტომ ასეთ პაციენტებს ვურჩევ, არ მიმართონ თვითმკურნალობას და დროულად მიაკითხონ სპეციალისტს შესაბამისი რეკომენდაციებისა და მკურნალობის მისაღებად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან