მედიცინა

რატომ არ აქვთ საახალწლო დღეებში დასვენების ფუფუნება ოფთალმოლოგებს და როგორ შეიძლება, დღესასწაულმა მხედველობა დაგვაკარგვინოს

№53

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 05.01, 2021 წელი

ანა დვალიშვილი
დაკოპირებულია

თვალი რთული და მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელსაც გაფრთხილება და სათანადო მოვლა სჭირდება. მისმა თუნდაც უმნიშვნელო დაზიანებამ შესაძლოა, მხედველობის გაუარესება და სიბრმავეც კი გამოიწვიოს.  ჩვენი  და ჩვენი შვილების  თვალებისთვის კი განსაკუთრებით დიდი საფრთხის შემცველია სადღესასწაულო დღეები. 

თვალის ტრავმებსა და მათი მკურნალობის გზებზე გვესაუბრება ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოფთალმოქირურგი, ასისტენტ-პროფესორი ანა დვალიშვილი.

– ქალბატონო ანა, რა არის თვალის ტრავმა და მისი გამომწვევი მიზეზები?
– თვალის ტრავმის დროს, პირველ რიგში, თვალის ოპტიკური აპარატი – რქოვანა, ბროლი და მინისებრი სხეული ზიანდება. გაცილებით მძიმე შემთხვევებში შესაძლოა, ბადურა და მხედველობის ნერვიც დაზიანდეს. ასეთი ტრავმები ხშირად ცალმხრივ სიბრმავეს იწვევს.

თვალის ტრავმის მიზეზი შეიძლება, გახდეს:

⭕ თვალში უცხო სხეულის მოხვედრა, ეს იქნება მტვრი, ქვიშა, შუშის ნამსხვრევები, ნაპერწკალი, ნამცეცები თუ სხვა;

⭕ ბლაგვი – მაგალითად, შამპანურის საცობით ან მახვილი საგნით თვალის დაზიანება, ცეცხლნასროლი ჭრილობა, სიმაღლიდან ჩამოვარდნა. ამ დროს შესაძლოა, თვალის დაჟეჟილობა განვითარდეს.
ახალი წლის დღეებში საკმაოდ ხშირია თვალის დამწვრობა ცეცხლის ალით, ცხელი ზეთის შხეფით, ქიმიური ნივთიერებებით, ეგრეთ წოდებული, „ხლაპუშკებით“. სამწუხაროდ, ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვები უფროსების გაუფრთხილებლობის გამო ზიანდებიან. ტრავმის მიზეზად შეიძლება, იქცეს, მაგალითად, თვალში მოხვედრილი თოვლის გუნდა, ასევე, საყოფაცხოვრებო ქიმია, წებო, საღებავი, სარეცხი საშუალება, აეროზოლი – მაგალითად, ხელოვნური თოვლის სახით, ასევე, კოსმეტიკური საშუალება. ზოგჯერ საკმაოდ ვერაგია ცხელი ორთქლის მოხვედრის შედეგად განვითარებული დამწვრობაც. მნიშვნელოვანია სწრაფი მომართვიანობა.პირველ საათებსა თუ დღეებში ადამიანს ჰგონია, რომ იოლად გადარჩა, მაგრამ 2-5 დღის შემდეგ ვითარდება ქსოვილების მძიმე, შეუქცევადი ცვლილები. ამიტომ, ყველას ვთხოვ, ნუ დაიწყებენ თვითმკურნალობას, ნუ დაკარგავენ ძვირფას დროს და დაუყოვნებლად მიმართონ ოფთალმოლოგს.
– ანუ, ახალ წელს ოფთალმოლოგები ვერ ისვენებთ.
– საახალწლო სტატისტიკა არ იძლევა ამის საშუალებას (იღიმება). სამწუხაროდ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, შემთხვევები კი არ იკლებს, მატულობს. ამას ემატება თვალის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, მაგალითად, გლაუკომა, დიაბეტური რეტინოპათია... რომლებიც ახალი წლის დღეებში იღებენ ალკოჰოლს, ჭარბი რაოდენობით ტკბილეულს, გამაღიზიანებელ საკვებს, ერღვევათ მკურნალობის რეჟიმი და უმწვავდებათ მდგომარეობა.
– რას უნდა მიაქციონ პაციენტებმა ყურადღება. რა სიმპტომების შემთხვევაშია აუცილებელი გადაუდებელი ვიზიტი ოფთალმოლოგთან?
– თვალის ტრავმის სიმპტომებია: თვალის ჭრა და ტკივილი, ცრემლდენა, სინათლის შიში, ქუთუთოების ავტომატური სპაზმი. თვალში მოხვედრილი უცხო სხეული კონიუნქტივაზე რჩება და იწვევს ცრემლდენას, ტკივილს, რაც თვალების დახამხამებისას კიდევ უფრო ძლიერდება. ტრავმებმა შეიძლება, გამოიწვიოს თვალში სისხლჩაქცევა, ბადურასა და სისხლძარღვოვანი გარსის გაგლეჯა, ბადურას აშრევება, ტრავმული კატარაქტა. ყველაზე ხშირად ასე ბლაგვი საგნის დარტყმისა და დაჟეჟილობის დროს ხდება. ადამიანს არ შეუძლია, შეხედოს სინათლეს, მკვეთრად ქვეითდება მხედველობა.
ტრავმის სახიფათო გართულებაა მხედველობის ნერვის დაზიანება (ნერვის გაგლეჯა, მხედველობის არხში ან თვალბუდეში გაჭყლეტა, თვალის კაკლიდან მოწყვეტა), რამაც შესაძლოა, მხედველობის ცალმხრივი, შეუქცევადი დაკარგვა გამოიწვიოს.
ქუთუთოები, პრაქტიკულად, ყველა სახის ტრავმის დროს ზიანდება. ჩალურჯება და შეშუპება ქუთუთოების დაზიანების ყველაზე თვალსაჩინო ნიშნებია.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას – თვალის ნებისმიერი სახის ტრავმის დროს აუცილებელია დაუყოვნებლივ ოფთალმოლოგთან ვიზიტი, რათა დადგინდეს თვალის დაზიანების ხასიათი და სიღრმე. ექიმი დაათვალიერებს თვალის ფსკერს, შეაფასებს ბადურას მდგომარეობას. გამჭოლი ჭრილობის დროს შესაძლოა, საჭირო გახდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება თვალში უცხო სხეულის გამოსავლენად. ექიმი, ასევე, შეაფასებს მხედველობის ნერვის დაზიანების ხარისხს და განსაზღვრავს მხედველობის შენარჩუნების შესაძლებლობას.
სერიოზული დაზიანებების დროს შესაძლოა, აუცილებელი გახდეს თერაპიული და ქირურგიული მკურნალობის სტაციონარის პირობებში ჩატარება.
აუცილებლობის შემთხვევაში დარეკეთ: 595 61-62-49.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი