მედიცინა

რაში გვეხმარება ტირილი

№38

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 04.10

ტირილი
დაკოპირებულია

ტირილი ემოციის გამოხატვის ფორმაა. ის მხოლოდ ადამიანური ქცევაა – არც ერთ ცხოველს არ შეუძლია ტირილით სევდის ან სიხარულის გამოხატვა.

რაში სჭირდება ადამიანს ტირილი? ერთი თეორიის თანახმად, როცა ვტირით, სხვები უფრო გვეხმარებიან. შესაბამისად, ცრემლები სხვებში ალტრუისტული ქცევის გამოსაღვიძებელი მექანიზმია. მეორე თეორიის თანახმად, ტირილი ნდობის გამომხატველია, თანაც უპირობოსი და არაცნობიერის. ჩვენ შეგვიძლია, ყასიდად გავიღიმოთ ან მოვიღუშოთ, მაგრამ თითქმის ვერასოდეს ვტირით განზრახ. ცრემლები ემოციის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი გამოძახილია. ანუ ჩვენ ვტირით იმასთან, ვისაც ვენდობით, ვინც ჩვენს სევდას გაიზიარებს.

ადამიანები ერთმანეთთან გაცილებით მეტად ვურთიერთობთ, ვიდრე ცხოველები. ამ ურთიერთობის გასაღვივებლად ნდობის გამომხატველი ნიშნები გვჭირდება. გამოდის, რომ ტირილი სწორედ ასეთი ნიშანია, უკონტროლო და გულახდილი. ტირილის გამაძლიერებელი ძალა, გარდა იმისა, რომ ცრემლების შეკავებაზე უამრავ ენერგიას ვხარჯავთ, მოშვება და ემოციების გამოხატვა გაცილებით სასარგებლოა ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ტირილი, არ არის დაავადების პირდაპირი „მკურნალი”, თუმცა, მას შეუძლია, მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინოს, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ტირილის პროცესი ორგანიზმს ეხმარება სტრესისა და ემოციური დაძაბულობის მოხსნაში.

ტირილის დადებითი გავლენა

* ემოციური განმუხტვა: ტირილი არის ბუნებრივი მექანიზმი, რომლითაც ადამიანი უმკლავდება ძლიერ ემოციებს, როგორიცაა სტრესი, მწუხარება, იმედგაცრუება ან სიხარული. ცრემლებს გამოაქვს ორგანიზმიდან სტრესის ჰორმონები (მაგალითად, კორტიზოლი), რაც განწყობას აუმჯობესებს და ადამიანს სიმშვიდის შეგრძნებას უბრუნებს;

* ტკივილის შემსუბუქება: ტირილის დროს ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინებს, რაც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლელია. ამიტომ, ტირილს შეუძლია ფიზიკური ან ემოციური ტკივილი შეამსუბუქოს;

* ძილის გაუმჯობესება: ზოგჯერ, ძლიერი ემოციური განმუხტვის შემდეგ, ადამიანს უადვილდება დაძინება, რადგან მისი ნერვული სისტემა მშვიდდება;.

* ურთიერთობების გაუმჯობესება: როდესაც ადამიანი ტირის, ეს გულწრფელობისა და დაუცველობის ნიშანია, რაც ხელს უწყობს სხვებთან ემოციურ კავშირსა და ემპათიის გაღრმავებას. უნდა აღინიშნოს, რომ ტირილი არის სტრესის დროებითი შემსუბუქების საშუალება და არა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზა. თუ ხშირად გიწევთ ტირილი ან თუ გრძნობთ, რომ მუდმივად დათრგუნული ხართ, მნიშვნელოვანია, რომ დახმარებისთვის სპეციალისტს, მაგალითად, ფსიქოლოგს მიმართოთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტირილი ორგანიზმის ბუნებრივი ემოციური განმუხტვის მექანიზმია. მისი შეკავება კი ამ პროცესს აფერხებს, რაც შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს.

ფსიქოლოგიური შედეგები

ტირილის შეკავება ადამიანში ემოციურ დაძაბულობასა და სტრესს აგროვებს, რადგან დათრგუნული ემოციები სხეულში რჩება. ამან შესაძლოა გამოიწვიოს:

* შფოთვა და დეპრესია: ემოციების მუდმივმა დათრგუნვამ შეიძლება; გაზარდოს ფსიქიკური აშლილობების რისკი;

* უარყოფითი განწყობა: ადამიანი შესაძლოა, გახდეს გაღიზიანებული, პასიური ან მუდმივად დაძაბული.

ფიზიკური შედეგები

ფსიქოლოგიურთან ერთად, ტირილის შეკავებამ შესაძლოა, ფიზიკური პრობლემებიც გამოიწვიოს, რადგან დაგროვილი სტრესი გავლენას ახდენს მთელ სხეულზე. შედეგად კი შეიძლება, მივიღოთ:

* გულისცემის აჩქარება: დათრგუნული ემოციების დროს გულისცემა მატულობს, რაც არ არის სასარგებლო გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის;

* არტერიული წნევის მომატება: სტრესი პირდაპირ კავშირშია მაღალ წნევასთან;

* თავის ტკივილი და დაღლილობა: დაძაბულობამ შეიძლება; გამოიწვიოს ქრონიკული თავის ტკივილი, კისრისა და მხრების დაჭიმულობა;

* საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები: სტრესი ხშირად აზიანებს საჭმლის მონელების პროცესს, იწვევს გულძმარვას, კუჭის ტკივილსა და სხვა მსგავს სიმპტომებს.

ამიტომ, ემოციების გამოხატვა ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რადგან ტირილი გვეხმარება სხეულისა და გონების ჰარმონიის შენარჩუნებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა