მედიცინა

რაში გვეხმარება ნესვი

№26

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 07.07, 2023 წელი

ნესვი
დაკოპირებულია

ნესვი, კარტენოიდების მაღალი მაჩვენებლის წყალობით, ანტიკანცეროგენული თვისებებით გამოირჩევა და კვლევების მიხედვით, კონკრეტულად, ფილტვის სიმსივნის განვითარების რისკის შემცირება შეუძლია.

ნესვი შეიცავს ანტიკოაგულანტ ადენოსინს, რომელიც სისხლის უჯრედების შედედების და შესაბამისად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების პრევენციას ახდენს.

მისთვის დამახასიათებელი შარდმდენი თვისებების წყალობით, ნესვი იდეალურია თირკმლის დაავადებების საპრევენციოდ: სისტემატურად, ყოველ დილით, მცირე ულუფა ნესვის მირთმევით თირკმლების ჯანსაღ მდგომარეობას შევუწყობთ ხელს.

ნესვი დიდი ოდენობით შეიცავს წყალს, შესაბამისად, მისი მოხმარება დადებითად აისახება კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაზეც. ამასთან, ნესვში არსებული მინერალები მჟავიანობის დარეგულირებას უწყობენ ხელს, რაც ხშირად ხდება ხოლმე მუცლის არეში დისკომფორტის მიზეზი.

ნესვი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც ჩვენი ორგანიზმის ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი. ამ ჯგუფის ვიტამინები გვესაჭიროება შაქრისა და ნახშირწყლების გადასამუშავებლად. ამდენად, ნესვის მიღებით საკმაო რაოდენობით ენერგიასაც ვიღებთთ.

კოლაგენის შემცველობის წყალობით, ნესვი იდეალურია ჯანსაღი კანისთვის, ვინაიდან უჯრედების მთლიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამას გარდა, A, C და B ვიტამინების დახმარებით, ნესვი კანის დაბერების პრევენციაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

კანთან ერთად, A ვიტამინის შემცველობა დადებითად მოქმედებს ჩვენი თმის სიჯანსაღეზეც: ასტიმულირებს თმის ზრდას, B ჯგუფის ვიტამინები კი თმის ცვენის თავიდან აცილებაში გვეხმარება.

როგორ ავარჩიოთ ნესვი

👉 მწიფე და გემრიელ ნაყოფს საოცარი სურნელი აქვს;

👉მწიფე ნესვი ხელის ოდნავ წამორტყმისას ყრუ ხმას გამოსცემს,

👉მწიფე ნესვის ქერქი ყუნწის საპირისპირო მხარეს მსუბუქი ზეწოლისას ოდნავ იზნიქება, განსხვავებით უმწიფარი ნაყოფის ქერქისაგან, რომელიც მკვრივი და არადრეკადია.

ნესვი მავნებელია:

👉რძის ნაწარმსა და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, რადგან საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციურ დარღვევებს იწვევს;

👉მეძუძური დედებისათვის, რადგან შესაძლოა, ჩვილებში მონელების დარღვევას გაუწიოს პროვოცირება;

👉 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგანაც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს;

👉კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციური დაავადებების დროს;

👉გასტრიტით (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) და წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთათვის.

უსიამოვნო ასპექტია ის, რომ ნესვში შეიძლება, იყოს პესტიციდებისა და ნიტრატების დაშვებულ ნორმაზე მეტი რაოდენობა, განსაკუთრებით, თუ მას სეზონზე ადრე შევიძენთ.

ნიტრატებისა და პესტიციდების ყველაზე მეტი რაოდენობა კანსა და მისი „კუდის“ არეში გროვდება. ამიტომ ნესვის დაჭრისას კანთან ერთად, მინიმუმ, ერთი სანტიმეტრი რბილობიც უნდა მოვაჭრათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა