რას შეიძლება, ნიშნავდეს სისხლდენა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.07, 2023 წელი

ქალის ორგანიზმი ყოველთვის არ სჯერდება „ლიმიტირებულ“ მენსტრუაციულ სისხლდენას – შესაძლოა, გამონადენი მენსტრუაციებს შორისაც გაჩნდეს ან თავად თვიურმა გადალახოს ყოველგვარი ლიმიტი.
სისხლდენა ნორმის ფარგლებს სცდება და, ამდენად, საყურადღებოა, თუ:
* მენსტრუაციებს შორის იჩენს თავს. შესაძლოა, სისხლდენა უხვი არც იყოს და თეთრეულზე მხოლოდ ბაც ვარდისფერ ლაქებს ტოვებდეს;
* ვითარდება სქესობრივი კონტაქტის შემდეგ;
* მენსტრუაციის დროს მეტისმეტად უხვი და ხანგრძლივია. თუ სისხლდენამ, თუნდაც მენსტრუაციულმა, 7 დღეს გადააჭარბა, მას მენორაგიას უწოდებენ. ამ დროს ქალს საათში ერთხელ მაინც უხდება საფენის ან ტამპონის გამოცვლა;
* სისხლდენა მენოპაუზის შემდეგაც გრძელდება.
ქალის სიცოცხლის ზოგიერთ ეტაპზე ციკლის დარღვევა საგანგაშო არ არის, თანაც, მალევე უბრუნდება ნორმას. მაგალითად, სქესობრივი მომწიფების ასაკში, პირველი მენსტრუაციიდან – მენარქედან რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში, თვიური შესაძლოა, არარეგულარული იყოს, სისხლიანი გამონადენი კი – ზომაზე მეტად უხვი ან მცირე. მსგავსი უცნაურობანი შესაძლოა, მენოპაუზის პერიოდშიც გაგრძელდეს: ციკლი მოკლდება, არარეგულარული ხდება, სისხლდენა ძლიერდება ან სუსტდება. ამგვარი ცვლილებები დროებითია და მკურნალობას არ საჭიროებს.
დისფუნქციურ სისხლდენას იწვევს:
ორმოცდაათს მიტანებულ ქალთა უმრავლესობას კლიმაქსთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. დისკომფორტის მიზეზი ამჯერადაც ჰორმონული დისბალანსია: მკვეთრად მცირდება საკვერცხეების მიერ ესტროგენისა და პროგესტერონის პროდუქცია და იწყება მენსტრუაციული ციკლის სავსებით კანონზომიერი ცვლილებები, რომლებიც თვიურის გაქრობით სრულდება.
მენსტრუაციული ციკლის ცვლილებები მენოპაუზის დადგომამდე რამდენიმე წლით ადრე იწყება: ციკლი მოკლდება ან ხანგრძლივდება; სისხლდენა უხვი ან მეტისმეტად მწირია; ისიც შეიძლება, მენსტრუაციამ თვე გამოტოვოს... ამგვარი ცვლილებები ნორმალურია და მენოპაუზის დადგომას გვაუწყებს. ამ პერიოდს პერიმენოპაუზა ეწოდება. თვიურის გაქრობისთანავე იწყება მენოპაუზა, ხოლო ციკლის გაქრობიდან ერთი წლის შემდეგ დგება პერიოდი, რომელსაც პოსტმენოპაუზას უწოდებენ.
იმ კანონზომიერ ცვლილებებთან ერთად, რომლებსაც ქალი ასე თუ ისე ეგუება, ჰორმონული დისბალანსი შესაძლოა, გაცილებით ძლიერი დისკომფორტის მიზეზადაც იქცეს: იმის გამო, რომ საკვერცხე კვერცხუჯრედს აღარ გამოისვრის, აღარც ჰორმონების დონე მცირდება ყოველთვიურად. შედეგად ესტროგენი კვლავ ჩვეული ოდენობით გამომუშავდება, რაც ენდომეტრიუმის ქსოვილის ჩამოფრცქვნის ნაცვლად მის შესქელებას განაპირობებს. ამის გამო შესაძლოა, უეცრად დაიწყოს უხვი სისხლდენა ან ქალი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საცვალზე სისხლიან ლაქებს ამჩნევდეს. ამ შემთხვევაში გინეკოლოგთან ვიზიტს ნუ გადადებთ.
გინეკოლოგთან ვიზიტს გირჩევთ მაშინაც, თუ 55 წელს გადააბიჯეთ, მაგრამ მენსტრუაციული სისხლდენა ჯერ კიდევ არ შეგიწყვეტიათ.
პოსტმენოპაუზის პერიოდში საშოდან სისხლდენას უმეტესად განაპირობებს:
* ჰორმონული თერაპია;
* საშვილოსნოს ამომფენი გარსის გათხელება – ენდომეტრიუმის ატროფია;
* პოლიპები;
* ენდომეტრიუმის შესქელება, რომელმაც უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა, ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას დაუდოს სათავე;
* საშვილოსნოს კიბო.
გაცილებით იშვიათად:
* მცირე მენჯის ღრუს ინფექციები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ზოგიერთი მედიკამენტი.
მენოპაუზის შემდგომ პერიოდში საშოდან სისხლდენის მიზეზი რვიდან ერთ შემთხვევაში საშვილოსნოს ღრუში არსებული ავთვისებიანი წარმონაქმნია.
საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკი მომატებულია, თუკი ქალს:
* აქვს ჭარბი წონა;
* ახალგაზრდობისას ჰქონდა არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი;
* მენოპაუზა გვიან დაუდგა;
* აქვს საკვერცხეების პოლიკისტოზი;
* ჰქონდა ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, რომელსაც არ უმკურნალა;
* ჰქონდა საკვერცხის, ძუძუს ან სწორი ნაწლავის კიბო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან