მედიცინა

რას იწვევს და როგორ მოვაგვაროთ ტკბილზე დამოკიდებულების პრობლემა

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.11, 2023 წელი

ტკბილზე დამოკიდებულება
დაკოპირებულია

შაქარი 8-ჯერ მეტად იწვევს მიჩვევას, ვიდრე ისეთი ძლიერი საშუალებები, როგორიცაა თუნდაც კოკაინი, ხოლო მისი ჭარბი მიღება, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ჯანმრთელობის დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული.

ჭარბი წონა - შაქრით სავსე საკვებს აკლია ზრდა-განვითარებისთვის საჭირო კომპონენტები, ის ბავშვის ორგანიზმს არაჯანსაღ ნივთიერებებს აწვდის, რაც ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილებას იწვევს და შესაძლოა, იქცეს ისეთი დაავადებების განვითარების წინაპირობად, როგორებიცაა ღვიძლის გაცხიმოვნება, დიაბეტი, მტკივანი სახსრები, ქრონიკული თავის ტკივილი.

დიაბეტის მომატებული რისკი - შაქრის ჭარბი მიღებისას ორგანიზმში ინსულინის დონე იმატებს, რაც ტიპი 2 დიაბეტის განვითარების წინაპირობაა. ადრეულ ასაკში განვითარებული დიაბეტი აზიანებს თირკმელებს, მხედველობის ორგანოებს და არა მხოლოდ.

იმუნური სისტემის დასუსტება - ბავშვის ჯერ კიდევ განვითარების ფაზაში მყოფი ორგანიზმისთვის შაქრისა და რაფინირებული ნახშირწყლების ნორმაზე დიდი რაოდენობით მიღება ასუსტებს იმუნურ სისტემას. ის ვეღარ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა და შესაბამისად ბავშვის ორგანიზმი უფრო მოწყვლადი ხდება ინფექციების მიმართ.

ტკბილეული უდრის გაფუჭებულ კბილებს - როდესაც ბავშვი ბევრ ტკბილეულს ჭამს, მისი პირის ღრუს ბინადარი ბაქტერიები შაქარს მჟავად გარდაქმნიან, რომელიც კბილის მინანქარს არბილებს. შედეგად, კბილები ცვდება და ილევა. მავნე ბაქტერიები ნელ-ნელა მრავლდება და ბავშვის პირის ღრუ მეტად მოწყვლადი ხდება დაავადებების მიმართ.

კუჭ-ნაწლავის პრობლემები - ორგანიზმში შაქრის დონის მატებისას იკლებს სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა საჭმლის მომნელებელ სისტემაში. შედეგად ვითარდება კუჭ-ნაწლავის ისეთი პრობლემები, როგორიცაა აირები, გულძმარვა, გაუვალობა.

რა უნდა მოიმოქმედოს ამ დროს მშობელმა, როდესაც ბავშვი ეჩვევა ტკბილეულს, უარს ამბობს ჯანსაღ საკვებზე და ითხოვს მხოლოდ ტკბილს?

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, გარკვეული პერიოდი სახლში არ ვიქონიოთ ტკბილი, უბრალოდ, არ შეიძინოთ. როდესაც ბავშვს არ აქვს ცდუნება, ვერც ნებისყოფა უმტყუნებს, როდესაც ბავშვი დაიწყებს სახლში კანფეტის ან ორცხობილას ძებნას, უბრალოდ, ვერ იპოვის. ოჯახის წევრების მიდგომა ამ საკითხისადმი უნდა იყოს შეთანხმებული და ერთიანი. მაგალითად, თუ დედა არ აძლევს ბავშვს ტკბილეულს, ბებიამ პატარა ჩუმად არ უნდა დააჯილდოოს.

თუ გადაწყვეტთ რაციონიდან ტკბილის ამოღებას, იყავით შეუვალი, აღიჭურვეთ მოთმინებით და არ შეცვალოთ პოზიცია. ბავშვის ტირილმა გული არ უნდა მოგილბოთ. როდესაც ბავშვმა იცის, რომ ტირილი გაუვა, ის არ გაჩერდება, სანამ სასურველს არ მიიღებს, ამიტომ ეცადეთ, შეცვალოთ სტრატეგია და კანფეტის ან ორცხობილას ნაცვლად ჯანსაღი საკვები შესთავაზოთ. გვერწმუნეთ, ადრე თუ გვიან ბავშვი დათანხმდება თქვენს შემოთავაზებას. გადაატანინეთ ყურადღება რაიმე საინტერესოს კეთებით ან მის თვალწინ გემრიელად მიირთვით ჯანსაღი საკვები. ამის შემყურე ბავშვი, დიდი ალბათობით, მოგბაძავთ და თვითონაც მოუნდება თქვენთან ერთად ჭამა.

რა თქმა უნდა, საუბარი არ არის ისეთ ბავშვებზე, რომელთაც განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ ტკბილის მიმართ და შეუძლიათ, რამდენიმე დღის განმავლობაში უარი თქვან ჯანსაღ საკვებზე. ამ დროს უმჯობესია, მშობელმა კონსულტაცია ექიმთან გაიაროს.

დიეტაზე მხოლოდ ბავშვის დასმა მიზანშეწონილი არ არის, თუ გინდათ, რომ შედეგს მიაღწიოთ, ბავშვთან ერთად უნდა აკეთოთ ყველაფერი. სიტყვა „შენ“ არ უნდა არსებობდეს, უნდა იყოს სიტყვა „ჩვენ“. ასევე, კარგი გამოსავალი იქნება, ბავშვს შესთავაზოთ ტკბილის ალტერნატივა. ეს შეიძლება, იყოს თეფშზე ლამაზად გაფორმებული ხილი, ჩირი ან საკვებით ლამაზად გააფორმოთ თეფში და ამით მიიქციოთ პატარას ყურადღება.

ძალიან ხშირად მშობლები ბავშვებს კარგი საქციელისთვის ტკბილეულობით აჯილდოებენ. ეს ემოცია იწვევს მიჯაჭვულობას და დიდ ასაკში, როდესაც ადამიანს აქვს სტრესი, ბავშვობის „ტკბილ ემოციებში“ ეძებს გამოსავალს. ტკბილი მასთან დადებით მოგონებებთან ასოცირდება. სწორედ ამის გამო გაუცნობიერებლად იღებს ბევრ ტკბილეულს და ხდება მასზე დამოკიდებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული