რა ვუშველოთ შეშუპებულ უპეებს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.07
შეშუპებული, ჩამოსიებული უპეებით, ალბათ, ხშირად გაგღვიძებიათ. თვალებქვეშ გაჩენილი ტომრები ზოგჯერ მართლაც ყურადსაღები ნიშანია, რადგან შესაძლოა, რომელიმე დაავადებას ახლდეს, მაგრამ უმეტესად ისინი მხოლოდ ასაკის მატებაზე მიუთითებს. თვალების გარშემო არსებული ქსოვილები, მათ შორის, ქუთუთოების დამჭერი კუნთები, დროთა განმავლობაში სუსტდება, კანი ეშვება, ცხიმოვანი ქსოვილი ქვედა ქუთუთოების მიდამოში ჩამოდის და მათ შესიებულის მსგავს შესახედაობას აძლევს. თვალებქვეშ ზოგჯერ სითხეც გროვდება და შეშუპების სურათს აძლიერებს. დგება დღე, როცა სარკიდან ციმციმა, სიცოცხლით სავსე თვალების ნაცვლად შეშუპებული, დაღლილი თვალები შემოგყურებთ.
ამას იწვევს:
* სითხის შეკავება ამინდის ცვალებადობის გამო (მაგალითად, თბილ, ნესტიან დღეებში), ჰორმონული ფონის ცვლილება, მარილიანი საკვები;
* ძილის უკმარისობა;
* ალერგია, დერმატიტი (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შესიებას თან ახლავს სიწითლე და ქავილი);
* მემკვიდრეობითი განწყობა (ეს ფიზიოლოგიური თავისებურება შესაძლოა, სისხლით ნათესავებსაც ჰქონდეთ).
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:
* შეშუპება ძლიერი და მუდმივია;
* თან ახლავს სიწითლე, ტკივილი ან ქავილი;
* შეინიშნება სხეულის სხვა ნაწილებშიც, მაგალითად, ფეხებზე.
ექიმი გამორიცხავს შეშუპების სხვა მიზეზებს: ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას, ინფექციურ პროცესს, ალერგიას.
თვალებქვეშ გაჩენილ ტომრებს დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ ებრძოლოთ:
* თვალების გარშემო მსუბუქი ზეწოლით რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიდეთ ცივი საფენები;
* საკმარისად იძინეთ. მოზრდილი ადამიანისთვის 7-8-საათიანი ძილი ნორმაა;
* ეცადეთ, ძილის დროს თავი მაღალ სასთუმალზე გედოთ (შეგიძლიათ დამატებითი ბალიშის გამოყენება). ეს ხელს შეუშლის თვალების ირგვლივ სითხის დაგროვებას;
* თავი აარიდეთ სავარაუდო ალერგენებს. საჭიროებისას გამოიყენეთ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები. თუ შეამჩნიეთ, რომ ქუთუთოები საპნის ან კოსმეტიკური საშუალების გამოყენების შემდეგ გიშუპდებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
* თვალის ქვეშ შეშუპების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ალერგია. ალერგენები, მაგალითად, მტვერი, იწვევს ანთებას და სითხის დაგროვებას თვალების ირგვლივ. ალერგიული რეაქციები ხშირად გვხვდება სხვა სიმპტომებთან ერთად, როგორიცაა ქავილი, სიწითლე;
* სინუსიტი ცხვირის ირგვლივ მდებარე სინუსების ანთებაა. სინუსების ანთება იწვევს თვალის ირგვლივ წნევის მატებას, რაც იწვევს უპეების შეშუპებას. სინუსიტის სხვა სიმპტომებია ცხვირის შეშუპება, სახის ტკივილი და თავის ტკივილი;
* თირკმელების დაავადებები – ვინაიდან თირკმელების ერთ-ერთი ფუნქციაა ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გაფილტვრა თუ თირკმლის ფუნქციები გაუარესდა, ორგანიზმში სითხის დაგროვება ხდება. ეს იწვევს თვალის ქვეშ შეშუპებას, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია დილით. თირკმელების დაავადება შეიძლება გამოვლინდეს სხვა სიმპტომებით, განსაკუთრებით შეშუპებით და მაღალი წნევით;
* ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები – ჰიპოთირეოზი ვითარდება, თუ ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს საკმარის ჰორმონებს. ჰიპოთირეოზი იწვევს შეშუპებას თვალების ირგვლივ და სხეულის სხვა ნაწილებზე. დაღლილობა, თმის ცვენა და სიცივის აუტანლობა ჰიპოთირეოზის სხვა სიმპტომებს შორისაა;
* გულის უკმარისობა – ამ დროს გულს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობის სისხლის გადატუმბვა. ამ შემთხვევაში ორგანიზმში ხდება სითხის დაგროვება, რაც თვალის ქვეშ შეშუპების სახით ვლინდება. შეშუპება შესაძლებელია, შეინიშნებოდეს ტერფებში, ფეხებსა და მუცელზე;
* ძილის პრობლემები არასაკმარისი ძილი უპეების ანთებისა და შეშუპების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ძილის ნაკლებობა იწვევს თვალების ირგვლივ სისხლძარღვების გაფართოებას და სითხის დაგროვებას, შედეგად უპეები შუპდება. რეგულარული და ხარისხიანი ძილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასეთი შეშუპების თავიდან აცილებაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან