მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ ზაფხულის ალერგიებზე

№30

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.08

ალერგია
დაკოპირებულია

ზაფხულში შედარებით აქტუალური ხდება:

• ალერგიული რინიტი;

• „მზის ალერგია“;

• ალერგია მწერის ნაკბენზე

რამდენად საშიში შეიძლება, იყოს ალერგია სიცოცხლისათვის?

ალერგია შეიძლება იყოს საშიში, როდესაც საქმე გვაქვს ანაფილაქსიასთან. ეს არის მწვავე, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში, მულტისისტემური სინდრომი, რომელსაც იწვევს სამიზნე უჯრედებიდან გამოთავისუფლებული მედიატორების მოხვედრა სისხლის მიმოქცევაში. ანაფილაქსია გამოვლინდება მრავალი სიმპტომით:

• ურტიკარია („ჭინჭრის ციება“);

• კვინკეს შეშუპება;

• სიწითლე;

• ქავილი;

• მსტვინავი ხიხინი;

• ქოშინი;

• ღებინება;

• დიარეა;

• კოლაფსი.

ანაფილაქსიის დროს სიკვდილის მიზეზს წარმოადგენს სასუნთქი სისტემის ობსტრუქცია და კარდიოვასკულური კოლაფსი. შესაბამისად, ამ დროს აუცილებელია დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს.

როგორ ავიცილოთ თავიდან ზაფხულში ალერგიული რეაქციის განვითარება?

ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ალერგია ზაფხულის პერიოდში მოყვავილე ამა თუ იმ მცენარის მტვერზე, უნდა დაიწყონ მკურნალობა ამ პერიოდის დადგომამდე, მინიმუმ, ორი კვირით ადრე, რათა სეზონი მარტივად გადალახონ. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინონ ალერგენებთან კონტაქტის თავიდან აცილების რეკომენდაციები, ესენია:

1. მოერიდეთ გარეთ სიარულს ქარიან, მშრალ, ცხელ ამინდში, რადგან მცენარეთა მტვრის კონცენტრაცია ჰაერში ამ დროს მაქსიმალურია. უკეთესია სეირნობა წვიმიანი ამინდის შემდეგ;

2. დახურეთ სახლისა და მანქანის ფანჯრები, განსაკუთრებით ქარიან ამინდში. გამოიყენეთ HEPA ფილტრის მქონე ჰაერის გამწმენდი აპარატი და მტვერსასრუტი;

3. ავეჯის ზედაპირი და ოთახის იატაკი გაწმინდეთ სველი წესით;

4. არ გააშროთ სარეცხი გარეთ, უმჯობესია ამისთვის გამოიყენოთ საშრობი ოთახი;

5. სახლში მოსვლის შემდეგ მიიღეთ შხაპი;

6. ხშირად გამოირეცხეთ ცხვირი ფიზიოლოგიური ან ზღვის მარილის შემცველი ხსნარით.

ვისაც აქვთ „მზის ალერგია“ უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

* გარეთ გასვლის წინ 15 წუთით ადრე მზისთვის ხილულ ადგილებზე დაიტანონ მზისგან დამცავი საშუალება, რომელსაც აქვს მზისგან დამცავი მაღალი ფაქტორი (SPF50), რათა დაცულ იქნეს კანი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. თუ გარეთ ყოფნა დიდხანს უწევთ, საჭიროა მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება ყოველ 2 საათში ერთხელ;

* შეზღუდონ გარეთ ყოფნის დრო 10-დან 16 საათამდე, როდესაც მზის ზემოქმედება ყველაზე ინტენსიურია;

* ატარონ მზისგან დამცავი სათვალე და ქუდი, ჩაიცვან ღია ფერის ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი.

* მზეზე ყოფნის დროს ყურადღებით უნდა იყვნენ ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან ისინი ხელს უწყობენ ფოტოალერგიული გამონაყრის განვითარებას. ასეთი მედიკამენტებია: ანტიბიოტიკები, ორალური კონტრაცეპტივები, კარდიოლოგიური და ანტიმიკოზური საშუალებები, შარდმდენები, ტკივილგამაყუჩებლები.

მწერის ნაკბენის მიმართ ალერგიის მქონე პირებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

* სახლში ფანჯრებსა და კარებზე გამოიყენონ დამცავი ბადეები;

* მგზავრობისას დახურონ მანქანის ფანჯრები;

* მოერიდონ ბალახში ღია ფეხსაცმლით ან ფეხშიშველა სიარულს;

* ჩაიცვან გრძელსახელოებიანი სამოსი და შარვალი, განსაკუთრებით, როცა ტყეში, ყვავილებით ან ბალახით დაფარულ ადგილზე გასვლას აპირებენ;

* არ გამოიყენონ მძაფრი სუნის ჰიგიენური საშუალებები და სუნამოები;

* მოერიდონ გარეთ კვებას;

* მწერთან მიახლოებისას არ გააკეთონ მკვეთრი მოძრაობები, გაერიდონ მშვიდად და ფრთხილად;

* ნაკბენი არე ჩამოიბანონ საპნით, დაიდონ ცივი საფენი 20-30 წუთის განმავლობაში. თუ ნესტრიანმა მწერმა უკბინათ, პირველ რიგში, მოიცილონ ნესტარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა