მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ ცოფისა და აცრის შესახებ

№40

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.10

აცრა
დაკოპირებულია

ცოფით შეიძლება, ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაინფიცირდეს ცხოველის ნაკბენით, ნაკაწრით, ჭრილობაზე ან დაზიანებულ კანზე ნერწყვის შეხებით. მეცნიერული კვლევებით ადამიანიდან ადამიანის ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

თავდაპირველად ცოფის სიმპტომები შესაძლოა, იყოს გრიპის მსგავსი – სისუსტე, დისკომფორტი, ცხელება ან თავის ტკივილი. ასევე, შეიძლება იყო ჩხვლეტის ან ქავილის შეგრძნებები ნაკბენ ადგილზე. შეგრძნებები შეიძლება, გაგრძელდეს რამდენიმე დღე.

დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ადამიანს შესაძლოა, დაეწყოს ჰალუცინაციები, უძილობა. მწვავე პერიოდი მთავრდება მეორიდან მეათე დღემდე. კლინიკური ნიშნების გამოვლენა, როგორც წესი, ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ გადარჩება, მკურნალობა მხოლოდ ტანჯვის შემსუბუქებაში ეხმარება.

სამწუხაროდ, ცოფის წინაშე მედიცინა უძლურია, საქართველო კი მაღალი რისკის ქვეყანაა, ამიტომ უკიდურესი სიფრთხილე გვმართებს, უფრო მეტი, ვიდრე იმ ქვეყნებს, სადაც ცოფი თითქმის აღმოფხვრილია. ცოფის აცრა უნდა ჩატარდეს ყველა შემთხვევაში, თუ დაავადების განვითარების თუნდაც სულ მცირე თეორიული შანსი არსებობს.

როგორც იცით, ცოფის ვირუსი ადამიანის სხეულში ხვდება, თუ ის დაკბინა, დაკაწრა ან დადორბლა დაავადებულმა ცხოველმა. თუ დარწმუნებული არ ვართ, რომ ცხოველი ჯანმრთელია, ასეთი კონტაქტის შემდეგ, თავის დაზღვევის მიზნით, მალევე უნდა დავიწყოთ ვაქცინაცია. ცხოველზე ათდღიანი დაკვირვების ტაქტიკა მცდარია. აცრების დაწყება ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია და თუ ცხოველს ამ ათი დღის განმავლობაში დაავადების ნიშნები არ გამოაჩნდა, შეწყდეს. თუ ათდღიანი დაკვირვების პერიოდში ცხოველს ცოფი გამოუვლინდა, აცრების დაწყება შესაძლოა, უკვე დაგვიანებული აღმოჩნდეს.

ცოფის ვაქცინა საკმაოდ სერიოზული პრეპარატია და ადვილად იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ვისაც მეტი გამოცდილება აქვს, ის მეტადაც ფრთხილობს. აცრა გაცილებით მსუბუქი გადასატანია, თუ პაციენტი განსაზღვრულ რეკომენდაციებს დაიცავს, კერძოდ, 10-14 დღე მოერიდება მზეს, ფიზიკურ დატვირთვას, სტრესს, რძესა და რძის ნაწარმს, შოკოლადს და კაკაოს სხვა ნაწარმს, ციტრუსებს (ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, გრეიპფრუტი), ქათმის კვერცხს, სოიას, არაქისს, თხილს, კაკალს, თევზს, ზღვის პროდუქტებს, ღორისა და ცხვრის ხორცს, ძეხვეულს, ძმარს, მაიონეზს, ცხარე სანელებლებს (მდოგვი, აჯიკა, ტყემალი), პომიდორს, პირშუშხას, თალგამს, ბოლოკს, ბადრიჯანს, სოკოს, მარწყვს, ნესვს, ყურძენს, ანანასს, საფუვრიანი ცომის პროდუქტებს, თაფლს, გაზიან სასმელებს, ყავას...

ალკოჰოლის აკრძალვის ხანგრძლივობას ექიმი აცრის კურსისა და ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით ადგენს. ალკოჰოლი ასუსტებს იმუნიტეტს და შესაძლოა, ხელი შეუწყოს ვაქცინაზე რეაქციის განვითარებას.

აცრას ყოველთვის აქვს აზრი. ცოფის საინკუბაციო პერიოდი, წესისამებრ, ერთიდან სამ თვემდეა, მაგრამ შესაძლოა, უფრო ხანმოკლე – ერთ კვირამდე, ან ხანგრძლივი – ერთ წლამდე აღმოჩნდეს, ამიტომ, თუნდაც კონტაქტიდან რამდენიმე კვირა იყოს გასული, რჩება შანსი, დაავადების განვითარებამდე ორგანიზმმა ანტისხეულების გამომუშავება მოასწროს.

რისკის შემთხვევაში ჩვეულებრივ იცრებიან ორსულებიც, მეძუძური დედებიც, ახალშობილებიც.

ნაკბენი ჭრილობის მქონე პაციენტს, ცოფის ვაქცინასთან ერთად, როგორც წესი, ტეტანუსის აცრაც უტარდება, თუმცა, თუ ბავშვს სრულად აქვს ჩატარებული ასაკობრივი აცრები, ის არ სჭირდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა