მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ წნევაზე

№49

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 14.12

წნევა
დაკოპირებულია

არტერიული წნევა ის ძალაა, რომლითაც სისხლი არტერიების კედლებს აწვება. ამ სისხლძარღვებს სისხლი გულიდან სხეულის სხვა ნაწილებისკენ მიაქვს. დღის განმავლობაში არტერიული წნევა ხან იმატებს, ხან იკლებს. თუ მან ზედმეტად მოიმატა და დიდხანს დარჩა მაღალი, შესაძლოა, ინფარქტი ან ინსულტი გამოიწვიოს. მაღალ წნევას ჰიპერტენზია ეწოდება.

ჰიპერტენზიის მთავარი რისკ-ფაქტორებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცხოვრების წესი და ოჯახური ისტორია. ზოგიერთ მათგანს, მაგალითად, ასაკს ან დაავადების ოჯახურ ისტორიას, ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია, შევიცვალოთ ცხოვრების წესი. მაგრამ მანამდე გავარკვიოთ, რა უწყობს ხელს წნევის მომატებას.

ჰიპერტენზიის რისკ-ფაქტორებია:

* ასაკი – სისხლძარღვებში მიმდინარე ცვლილებების გამო არტერიული წნევა ასაკთან ერთად იმატებს, თუმცა, ჰიპერტენზიის შემთხვევები ბავშვებსა და მოზარდებს შორისაც გახშირდა, სავარაუდოდ, ჭარბი წონისა და სიმსუქნის გამო;

* ოჯახური ისტორია და გენეტიკა – მაღალი წნევა ხშირად ოჯახური პრობლემაა, რაც გენებით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ მარილის მიმართ მომატებულ მგრძნობელობასაც ზოგჯერ ოჯახური ხასიათი აქვს;

* ცხოვრების წესი – არაჯანსაღი საკვების ხშირი მიღება, განსაკუთრებით – ნატრიუმით (სუფრის მარილით) მდიდარი და კალიუმით ღარიბი საკვებისა (მარილის სიჭარბისადმი მეტად მგრძნობიარეები არიან ხანდაზმულები, თირკმელების ქრონიკული დაავადების, დიაბეტის, მეტაბოლური სინდრომის მქონე ადამიანები), ალკოჰოლისა და კოფეინის ჭარბი მოხმარება, მოძრაობის დეფიციტი, მოწევა, ნარკოტიკების მოხმარება, არასაკმარისი და არასრულფასოვანი ძილი;

* წამლები – წნევის მომატება შეიძლება გამოიწვიოს ანტიდეპრესანტებმა, დეკონგესტანტებმა (ცხვირის გაჭედვისას გამოსაყენებელი წამლები), ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულმა აბებმა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებებმა (ასპირინი, იბუპროფენი). ზოგიერთმა მედიკამენტმა კი შესაძლოა, გაართულოს არტერიული წნევის კონტროლი;

* სამედიცინო მდგომარეობები, რომელთა დროსაც იცვლება სხეულში სითხეების, ნატრიუმისა და ჰორმონების დონე. ასეთია ზოგიერთი სიმსივნე, თირკმელების ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა და სიმსუქნე, ძილის აპნოე, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;

* რასა და ეთნოსი – მაღალი არტერიული წნევა უფრო ხშირია აფროამერიკული და რომანული წარმოშობის ხალხში, ვიდრე თეთრკანიანსა და აზიურში;

* სქესი – საშუალო ასაკში მამაკაცებს უფრო ხშირად აქვთ მაღალი არტერიული წნევა, ვიდრე ქალებს, მაგრამ ხანდაზმულობაში ქალებს უფრო ხშირად უვითარდებათ ჰიპერტენზია. გარდა ამისა, ქალებს, რომლებსაც მაღალი არტერიული წნევა ჰქონდათ ორსულობის დროს, ხანში შესვლისას უფრო ხშირად აღენიშნებათ ჰიპერტენზია;

* ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიპერტენზიის განვითარებაზე გავლენას ახდენს სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები – შემოსავალი, განათლება, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო. მაგალითად, რისკს ზრდის ღამის ცვლაში მუშაობა, ბავშვობაში საფრთხის ან რაიმე ტრავმის გადატანა.

სწორი მაჩვენებლები რომ მივიღოთ, წნევის გაზომვისას აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა:

* წნევის გაზომვამდე ნახევარი საათის განმავლობაში არ ივარჯიშოთ, არ ჭამოთ, არაფერი დალიოთ, მით უმეტეს – ყავა ან სხვა კოფეინიანი სასმელი, ალკოჰოლური სასმელი, არ მოწიოთ სიგარეტი;

* ეცადეთ, სავსე არ გქონდეთ ნაწლავები და შარდის ბუშტი;

* წნევის გაზომვამდე, სულ ცოტა, ხუთი წუთით ადრე დაჯექით კომფორტულ, მყარზურგიან სკამზე და მოდუნდით;

* ტერფები იატაკზე დადგით, არ გადააჯვარედინოთ;

* არ ილაპარაკოთ ხუთი წუთი წნევის გაზომვამდე, არც უშუალოდ გაზომვის დროს;

* გაითავისუფლეთ მკლავი მანჟეტისთვის – ის შიშველ კანზე უნდა გაიკეთოთ და არა ტანსაცმელზე.

* მანჟეტი კარგად უნდა იყოს შეკრული, არც ზედმეტად მჭიდროდ და არც ხალვათად.

* ხელი დაბლა არ დაუშვათ – მკერდის სიმაღლეზე მაგიდაზე დადეთ ისე, რომ მანჟეტი გულის დონეზე მოხვდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა