რა უნდა ვიცოდეთ თინეიჯერების აგრესიაზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 23.11
თინეიჯერებისთვის ბრაზის კონტროლი შედარებით რთულია, რადგან მათი მეამბოხე ბუნება ხშირად სწორედ ბრაზითა და აგრესიით ცდილობს თვითგამოხატვას. თინეიჯერობის პერიოდი ჰორმონული, ფიზიკური და ემოციური ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს, რაც გუნება-განწყობის ხშირ ცვალებადობას, იმპულსურობას და ფეთქებადობას იწვევს.
* ჰგონია, რომ მისი არავის ესმის და სერიოზულად არავინ აღიქვამს;
* აწუხებს შფოთვა, მიდრეკილია დეპრესიისკენ, იკეტება საკუთარ თავში;
* ადვილად იძენს მავნე ჩვევებს.
თინეიჯერები მოზღვავებულ ბრაზს სხვადასხვანაირად გამოხატავენ. ერთმა შეიძლება, იტიროს, იყვიროს, კარი გაიჯახუნოს, მეორე, პირიქით, თავის თავში ჩაიკეტოს, უარი თქვას ჭამაზე, შეწყვიტოს მეგობრებთან ურთიერთობა. შვილს ყველაზე უკეთ მშობელი იცნობს, შესაბამისად, ყველაზე უკეთ თქვენ მიხვდებით, როდის უჭირს და სჭირდება დახმარება მოზარდს. გადაჭარბებული ემოციურობის გამო თინეიჯერებში ხშირია სუიციდისკენ მიდრეკილება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ადრევე ვიზრუნოთ პრობლემის მოგვარებაზე, რათა სიტუაციამ სავალალო შედეგამდე არ მიგვიყვანოს. ესაუბრეთ შვილს, როგორც ზრდასრულს. ერიდეთ მასთან მბრძანებლური და დამრიგებლური კილოთი საუბარს, რადგან ამით უფრო მეტად გააღიზიანებთ, დაკარგავთ მის ნდობას და თუ აქამდე გიზიარებდათ ემოციებს და გახედებდათ თავის ცხოვრებაში, ამიერიდან შესაძლოა, ეს შანსი დაკარგოთ.
* თინეიჯერისთვის აუცილებელია, თავს ოჯახის სრულფასოვან წევრად გრძნობდეს და განუწყვეტლივ ხედავდეს ოჯახის წევრების სიყვარულსა და თანადგომას. ისეირნეთ ერთად, მოაწყვეთ პიკნიკი, სადაც მობილურით გართობა ყველას აეკრძალება – მხოლოდ საუბარი და ერთმანეთისთვის ემოციების გაზიარება იქნება ნებადართული. აქციეთ ასეთი შეკრებები ტრადიციად. ნუ გეგონებათ, რომ რაკი გაიზარდა, ოჯახური სითბო აღარ სჭირდება. პირიქით, თინეიჯერობა სწორედ ის ასაკია, როდესაც სითბო და გაგება უმნიშვნელოვანესია;
* გაიზიარეთ მისი გრძნობები და ემოციები. უთხარით, რომ გესმით მისი, რომ მის ასაკში თქვენც ისევე გრძნობდით თავს, როგორც ახლა ის. ნუ ეტყვით, რომ პრობლემა, რომელიც მას უსაშველო ეჩვენება, სინამდვილეში ნერვიულობად არ ღირს. შესაძლოა, მართლა ასე იყოს, მაგრამ ასეთი მიდგომა მოზარდს გააღიზიანებს, იფიქრებს, რომ მისი არ გესმით და საკუთარ თავში ჩაიკეტება;
* ერიდეთ გადამეტებულ კონტროლს. ნუ გაუჩხრეკთ ტელეფონს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მის უსაფრთხოებაში ეჭვი გეპარებათ. უბრალოდ, დარწმუნდით, რომ ბავშვი აცნობიერებს უსაფრთხოების წესების მნიშვნელობას და იცის, როგორ დაიცვას თავი შესაძლო საფრთხისგან;
* პატივი ეცით შვილის პირად სივრცეს. ეს უპირველესი წესია, რომელიც უნდა დაიცვათ თინეიჯერთან ურთიერთობისას. თინეიჯერისთვის პირადი სივრცე აუცილებელია. მიეცით მას თავისუფლება და დაკმაყოფილდით მის პირად ცხოვრებაში იმ დოზით ჩარევით, რა დოზითაც თავად ჩაგახედებთ. ის უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და უფრო გულწრფელი იქნება თქვენთან;
* დაარიგეთ, ოღონდ დელიკატურად. არის შემთხვევები, როდესაც აუცილებელია, იყოთ მისი არა მხოლოდ მეგობარი, არამედ მშობელი და მრჩეველიც, რომელიც მას სწორ გზაზე დააყენებს. ეცადეთ, ეს რაც შეიძლება ფაქიზად გააკეთოთ. სასურველია, ესაუბროთ ისე, რომ თავად მივიდეს სწორ აზრამდე და თავად დაინახოს, სად უშვებს შეცდომას. მიეცით ბრაზთან გამკლავების ჯანსაღი მაგალითი. თუ რთულ სიტუაციებში თავად ფეთქდებით, ყვირით, კარს აჯახუნებთ, თქვენი შვილი ვერ ისწავლის ასეთ სიტუაციებთან მშვიდად გამკლავებას. ყვირილს და აგრესიას ნორმად მიიჩნევს და გასაქანს მისცემს თავის ემოციებს. ეცადეთ, შვილის თანდასწრებით ემოციები მოთოკოთ და პირად მაგალითზე აჩვენოთ, როგორ გაუმკლავდეს რთულ სიტუაციებს;
* შესთავაზეთ იოგა, მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები, სუფთა ჰაერზე სეირნობა დღეში, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში. თუ სურვილი გამოხატა, ერთად დაკავდით რაიმე საქმით, ისეირნეთ და პარალელურად ისაუბრეთ იმაზე, რა აწუხებს ან სულ სხვა თემაზე, რომელზეც თავად მოისურვებს საუბარს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან