რა უნდა ვიცოდეთ შიგელოზზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 22.03

შიგელოზი, იგივე ნაწლავთა დიზენტერია, უწყინარიდან შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიშ ფორმაში გადაიზარდოს. შიგელას ინფექციური აგენტის მიმღებლობა საყოველთაოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექცია შესაძლოა, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეხვდეს, თუმცა ავადობის მაჩვენებლები ყველაზე მაღალია ბავშვებთან. დაავადებას მკვეთრად გამოხატული სეზონურობა ახასიათებს. შემთხვევათა უმრავლესობა წლის თბილ პერიოდში გამოვლინდება. შიგელოზი, როგორც ნაწლავთა ტიპური ინფექცია, ვრცელდება ფეკალურ-ორალური და საყოფაცხოვრებო-კონტაქტური გზით. დაავადების გავრცელება დამოკიდებულია სანიტარიულ მდგომარეობაზე, მოსახლეობის კულტურის დონეზე, მის სიმჭიდროვეზე, კვების თავისებურებებზე...
შიგელოზს „ჭუჭყიანი ხელების” დაავადებასაც უწოდებენ. ის უფრო ხშირად გვხვდება იქ, სადაც არ იცავენ პირადი და კვების ჰიგიენის წესებს (ან სადაც მათი დაცვა შეუძლებელია). ადამიანის სხეულში მოხვედრიდან 1-3 (ან მეტ, მაქსიმუმ, 7) დღეში შიგელა მსხვილ ნაწლავში იწვევს ანთებით რეაქციას და ფეკალურ მასებთან ერთად გარეთ გამოიდევნება. დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, ტემპერატურის მომატებით, მუცლის ძლიერი შეტევითი ტკივილით, რომელიც თანდათან ლოკალიზდება მუცლის მარცხენა ნახევარში. ზოგჯერ ტკივილს თან ახლავს გულისრევა და ღებინებაც. განავალი თხიერია, ხშირად – ლორწოს, სისხლისა და ჩირქის შემცველი. ავადმყოფს აწუხებს დეფეკაციის შემდგომი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, აღენიშნება ანალური სფინქტერის მტკივნეული სპაზმი, რასაც თან ახლავს დეფეკაციის გაძლიერებული სურვილი განავლის გამოყოფის გარეშე.
ავადმყოფი გადამდებია დაავადების დაწყებისთანავე სრულ გამოჯანმრთელებამდე (საშუალოდ – 4 კვირა). ასიმპტომური ფორმის შემთხვევაში გადამდებობის პერიოდი შესაძლოა, თვეზე მეტხანსაც გაგრძელდეს.
მცირეწლოვან ბავშვებს შესაძლოა, განუვითარდეთ მძიმე ფორმის გაუწყლოება წონის კარგვით. დეჰიდრატაციას შოკისა და სიკვდილის გამოწვევაც კი შეუძლია, განსაკუთრებით – ქრონიკულად მოავადე ან კვებადაქვეითებულ ბავშვებთან.
შიგელათი ინფიცირებულ ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა, განუვითარდეს კრუნჩხვა. ვინაიდან ეს დაბალი ტემპერატურის ფონზეც ხდება, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კრუნჩხვას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ბაქტერიის ტოქსინების გავლენა იწვევს.
ანთება და დეფეკაციის დროს ძლიერი ჭინთვა ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს სწორი ნაწლავის პროლაფსს – მისი სხეულის გარეთ გამოვარდნას.
შიგელოზის იშვიათი გართულებაა ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, რომელიც სისხლის წითელი უჯრედების დაშლით გამოწვეული ჰემოლიზური ანემიით ვლინდება.
ტოქსიკური მეგაკოლონი მსხვილი ნაწლავის კედლის ნერვული განგლიების დაზიანების გამო ვითარდება. ამ დროს ხელი ეშლება ნაწლავის სანათურში აირებისა და განავლოვანი მასების გადაადგილებას, რაც შესაძლოა, ნაწლავის კედლის მთლიანობის დარღვევის (რუპტურის) მიზეზადაც კი იქცეს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, პერიტონიტი, გამოიწვიოს.
რეიტერის სინდრომი – ბაქტერიით გამოწვეული ანთების საპასუხოდ ვითარდება რეაქტიული ართრიტი, რომელსაც ხშირად თან ახლავს თვალის ლორწოვანისა და ურეთრის ანთება.
ძალიან იშვიათად, ნაწლავის კედლის დაზიანების შემთხვევაში, შიგელა შესაძლოა სისხლში გადავიდეს და ბაქტერიემია გამოიწვიოს.
დღესდღეობით შიგელას საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, თუმცა მეცნიერები აქტიურად მუშაობენ მის შესაქმნელად. დაავადების პრევენციის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა სანიტარიული ნორმების დაცვაა:
* სიმპტომების მქონე ინფიცირებულ ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ კონტაქტი ჯანმრთელებთან;
* ინფიცირებული ბავშვის პამპერსი უნდა ჩააგდოთ დალუქულ სანაგვე ურნაში. ის ადგილი, სადაც ბავშვს პამპერსს უცვლით, ყოველი გამოცვლისას სადეზინფექციო ხსნარით უნდა მოიწმინდოს;
* განავალი, რომელიც აბინძურებს ინფიცირებული ადამიანის ტანსაცმელსა და თეთრეულს, უნდა ჩამოირეცხოს გამდინარე წყლით, მერე კი სარეცხ მანქანაში, ცხელი წყლის რეჟიმში. რეცხვის დასრულების შემდეგ წყლის ნიჟარა, უნიტაზი და სარეცხი მანქანა უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხსნარით, მაგალითად, განზავებული ქლორიანი მათეთრებლით;
* შიგელოზით დაავადებული ბავშვის მომვლელმა ყოველი კონტაქტის შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოს საპნითა და წყლით (საპონი, სულ მცირე, 20 წამის განმავლობაში უნდა ისვას), განსაკუთრებით მაშინ, თუ სხვა ადამიანებთან უწევს შეხება ან საჭმლის მომზადებას აპირებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან