რა უნდა ვიცოდეთ შარდის შეუკავებლობაზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
შარდის შეუკავებლობის პრობლემას ქალები უფრო ხშირად აწყდებიან, ვიდრე მამაკაცები. ამის მიზეზია ორსულობა, მშობიარობა და მენოპაუზა. ორსულობის დროს საშვილოსნო აწვება შარდის ბუშტს, რაც იწვევს შარდვის გახშირებას და ზოგჯერ შეუკავებლობასაც. მშობიარობის შემდეგ კი შესაძლოა, მენჯის ფსკერის კუნთები დასუსტდეს, რაც ასევე ხელს უწყობს შარდის შეუკავებლობას. მენოპაუზის დროს ესტროგენის დონის შემცირება იწვევს შარდსადენის ლორწოვანი გარსის გათხელებას, რაც ასევე ზრდის შეუკავებლობის რისკს.
მამაკაცებში შარდის შეუკავებლობის ყველაზე ხშირი მიზეზი პროსტატის პრობლემებია. პროსტატის გადიდება საკმაოდ ხშირია ასაკოვან მამაკაცებში. ის აწვება შარდსადენს და იწვევს შარდვის გაძნელებას ან პირიქით, შეუკავებლობას. თუმცა შარდის შეუკავებლობა პროსტატის კიბოს მკურნალობის შემდეგაც შეიძლება, განვითარდეს.
შარდის შეუკავებლობის ძირითადი სიმპტომი, რა თქმა უნდა, შარდის უნებლიე გამოყოფაა. თუმცა, არსებობს სხვა ნიშნებიც, რომლებიც შეიძლება, მიუთითებდნენ ამ პრობლემაზე:
* ხშირი მოშარდვის სურვილი, განსაკუთრებით ღამით;
* მოშარდვის უეცარი, ძლიერი სურვილი;
* შარდვის დაწყების გაძნელება;
* შარდნაკადის შესუსტება;
* შარდვის შემდეგ ბოლომდე დაუცლელობის შეგრძნება.
თუ შეამჩნიეთ ეს სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პროგნოზს.
შარდის დროებითი შეუკავებლობა
შარდის დროებითი შეუკავებლობა ხშირად გამოწვეულია გარკვეული საკვებით, სასმლით ან მედიკამენტებით, რომლებიც შარდმდენის ფუნქციას ასრულებენ. ეს ნივთიერებები ასტიმულირებენ შარდის ბუშტს და ზრდიან შარდის მოცულობას.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:
ალკოჰოლი – ალკოჰოლი არის დიურეტიკი, რომელიც ზრდის შარდის გამოყოფას და ამცირებს თირკმლების უნარს, შეინარჩუნოს წყალი. ეს იწვევს ხშირ შარდვას და პოტენციურად შარდის შეუკავებლობას.
კოფეინი – კოფეინი ასევე, დიურეტიკია. ის ასტიმულირებს შარდის ბუშტს და ზრდის შარდის წარმოქმნას. ყავა, ჩაი და ენერგეტიკული სასმელები დიდი რაოდენობით შეიცავენ კოფეინს.
გაზიანი სასმელები და მინერალური წყალი – ამ სასმელებში გვხვდება ნახშირორჟანგი, რომელიც აღიზიანებს შარდის ბუშტს და ზრდის შარდვის სიხშირეს.
ხელოვნური დამატკბობლები – ზოგიერთი ხელოვნური დამატკბობელი, განსაკუთრებით ასპარტამი, იწვევს შარდის ბუშტის გაღიზიანებას.
შოკოლადი – შოკოლადი შეიცავს როგორც კოფეინს, ასევე თეობრომინს, ორივე მათგანი დიურეტიკია. ცხარე წიწაკა: ცხარე საკვები, განსაკუთრებით წიწაკა, ზოგჯერ აღიზიანებს შარდის ბუშტს და იწვევს ხშირ შარდვას.
გულისა და წნევის წამლები, სედატივები და კუნთების მომადუნებლები – ეს მედიკამენტები ხშირად იწვევენ გვერდით ეფექტებს, მათ შორის შარდის შეუკავებლობას.
C ვიტამინის დიდი დოზები – C ვიტამინის ჭარბი მიღება შესაძლოა, მოქმედებდეს, როგორც დიურეტიკი.
გარდა ამისა, დროებითი შარდის შეუკავებლობა შეიძლება, გამოწვეული იყოს ადვილად სამკურნალო სამედიცინო მდგომარეობებით:
საშარდე გზების ინფექცია – ინფექციები აღიზიანებენ შარდის ბუშტს, რაც იწვევს შარდვის ძლიერ სურვილს და ზოგჯერ შეუკავებლობას. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს წვას შარდვისას, ხშირ შარდვას და მღვრიე ან სისხლიან შარდს.
ყაბზობა – სწორი ნაწლავი მდებარეობს შარდის ბუშტის ახლოს და იზიარებს ბევრ საერთო ნერვს. მაგარი, შეკუმშული განავალი სწორ ნაწლავში იწვევს ამ ნერვების ზედმეტ აქტიურობას და ზრდის შარდვის სიხშირეს. ეს შეიძლება, გამოიწვიოს ბოჭკოების არასაკმარისი რაოდენობით მიღებამ, დეჰიდრატაციამ ან გარკვეულმა მედიკამენტებმა.
რეკომენდაციები:
წონის დაკლება – ჭარბი წონა ზრდის წნევას შარდის ბუშტზე.
კოფეინისა და ალკოჰოლის მიღების შემცირება - ეს ნივთიერებები აძლიერებს შარდის გამოყოფას.
მენჯის ფსკერის კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშები – ეგრეთ წოდებული, კეგელის ვარჯიშები.
მოშარდვის გრაფიკის დაცვას – რეგულარული მოშარდვა ამცირებს შეუკავებლობის რისკს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





