რა უნდა ვიცოდეთ სეფსისზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.09
სეფსისი (სისხლის მოწამვლა) უმძიმესი ინფექციური დაავადებაა.
ამ დროს ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმი სისხლის მეშვეობით აღწევს სხვადასხვა ორგანოში და თუ შესაბამისი მკურნალობა არ ჩატარდა, იწვევს ლეტალურ შედეგს.
სეფსისი შეიძლება, გამოიწვიოს ნებისმიერმა მიკროორგანიზმმა: ბაქტერიამ, ვირუსმა, სოკომ, პარაზიტმა ან მათმა კომბინაციამ, ინფიცირების გზა კი მრავალგვარია.
საკმაოდ რთულია დაავადების დიაგნოსტიკა, ვინაიდან სეფსისს არ გააჩნია სპეციფიკური კლინიკური ნიშნები.
დაავადება შეიძლება, პირველადი ბაქტერიემიით (სისხლში მიკრობის არსებობით) იყოს განპირობებული ან სხვა პათოლოგიის ფონზე განვითარდეს (მეორეული ბაქტერიემი). სეფსისთან ფონური დაავადება შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩირქოვანი პროცესი. სეფსისით რთულდება არაჩირქოვანი დაავადებებიც.
სიმპტომები:
სეფსისი არასპეციფიკური სიმპტომებით მიმდინარეობს. მათგან ყველაზე ხშირად გვხვდება: მაღალი ტემპერატურა და შემცივნება, თუმცა, ტემპერატურა შესაძლოა, ნორმაზე დაბალიც იყოს, იშვიათად – ნორმალურიც კი. ეს ადამიანის ორგანიზმზეა დამოკიდებული.
დაავადების პროგრესირების შემთხვევაში ვითარდება მძიმე სეფსისი, რომელიც რომელიმე ორგანოს უკმარისობას იწვევს, ხოლო თუ რამდენიმე ორგანო დაზიანდა, ვითარდება სეპტიკური შოკი ანუ პოლიორგანული უკმარისობაა, რა დროსაც ნებისმიერი ორგანოს დაზიანების ალბათობა თანაბარია. უკმარისობის მოვლენები ტვინსა და გულში ყველაზე გვიან იჩენს თავს, ვინაიდან ისინი სისხლის დიდი რაოდენობის მობილიზებას ახდენენ და სისხლნაკლებობას არ განიცდიან, თუმცა, დროთა განმავლობაში ამ ორგანოს უბნები სწორედ სისხლის მეშვეობით ,,მარაგდებიან“ ტოქსიკური ნივთიერებებით, რაც მძიმე მოწამვლას იწვევს. სეპტიკური შოკი სხვა შოკებისგან განსხვავდება იმით, რომ პაციენტი შესაძლოა, იყოს კონტაქტური, ადეკვატური, თუმცა რამდენიმე წუთში დაიღუპოს.
სეფსისის პროფილაქტიკა ნებისმიერი ჩირქოვანი კერის დროულ და სრულყოფილ მკურნალობას გულისხმობს. არ შეიძლება თვითმკურნალობა, ანტიბიოტიკოთერაპიის არასწორად წარმართვა, ნაადრევად შეწყვეტა (სამწუხაროდ, ზოგიერთი პაციენტი, მდგომარეობის გაუმჯობესებას იგრძნობს თუ არა, მკურნალობას წყვეტს, ასე კი გართულების ალბათობა საგრძნობლად იმატებს), ან მიზანშეუწონლად და ხშირად დანიშვნა. ყოველივე ეს ანტიბიოტიკებისადმი მიკრობების რეზისტენტობას ზრდის. არამც და არამც არ შეიძლება ჩირქოვან წარმონაქმნზე, თუნდაც ძალიან პატარაზე, მექანიკური ზეწოლა, დაჭერა, გამორწყვა – ამან შესაძლოა გამომწვევს სისხლისკენ გზა გაუხსნას.
სეფსისის პროფილაქტიკაა იმუნიტეტის გაძლიერება, გაჯანსაღება – რაც უფრო ძლიერია ორგანიზმი, მით ნაკლებია სეფსისის განვითარების ალბათობა.
თუ სამ დღეზე მეტად გაგიხანგრძლივდათ ცხელება და შემცივნება, აუცილებლად მიმართეთ ინფექციონისტს, სეფსისოლოგს. თუ სხვა მიზეზით კლინიკაში მყოფ პაციენტს დაეწყო ცხელება და სამ დღეზე მეტხანს გაუგრძელდა, გაიხსენეთ სეფსისის არსებობა. ამ მძიმე სენისაგან მხოლოდ ადრეული დიაგნოსტიკა თუ გადაგვარჩენს.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში კრიტიკული დეპარტამენტები აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიებით, პაციენტს ხარისხიანად უვლიან და ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკაც მაღალ დონეზეა, სეფსისით ლეტალობა ჯერ კიდევ 50%-ს აღწევს, ამიტომ წამყვან ქვეყნებშიც კი ერთადერთ გამოსავლად სწორედ ადრეულ დიაგნოსტიკას მიიჩნევენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან