მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ საყლაპავი მილის ვარიკოზული გაგანიერების შესახებ

№34

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 30.08

ვარიკოზი
დაკოპირებულია

საყლაპავის ვენების გაგანიერების გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს:

• ღვიძლის ციროზი;

• ღვიძლის სიმსივნეები;

• ღვიძლის ვენების თრომბოფლებიტი;

• კარის ვენის ანომალიები ან მასზე ზეწოლა;

• ზედა ღრუ ვენაზე ზეწოლა;

• გულის უკმარისობის დროს სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში წნევის აწევა.

როგორც ხედავთ, მიზეზი შეიძლება, იყოს პათოლოგიური პროცესი უშუალოდ ღვიძლში ან სხვა ისეთი დაავადებები, რომელთა დროს ზეწოლას განიცდის კარის ვენა. კარის ვენა წარმოადგენს მსხვილი კალიბრის სისხლძარღვს, რომლის მეშვეობით ღვიძლისკენ მიედინება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან შეკრებილი სისხლი. როგორც ვიცით, ღვიძლს მრავალი ფუნქცია აქვს. ერთ-ერთია დეზინტოქსიკაციური ფუნქცია, ანუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წამოსულმა სისხლმა უნდა გაიაროს ღვიძლი და, მარტივად რომ ვთქვათ, გაიფილტროს ორგანიზმისთვის მომწამლავი ნივთიერებებისგან. სწორედ ღვიძლის ციროზით ან სიმსივნით გამოწვეული ცვლილებები იწვევს დაბრკოლებას სისტემაში, რაც დროთა განმავლობაში საყლაპავისა და კუჭის ზედა ნაწილის ვენათა ვარიკოზული გაგანიერებით გამოიხატება.

დაავადება შეიძლება, განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ეს დამოკიდებულია ძირითადი დაავადების ჩამოყალიბებაზე, რადგან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვენების გაგანიერება ხშირად სხვა დაავადების გართულებას წარმოადგენს. სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, მამაკაცები ავადდებიან ორჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ქალები და ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ ცხოვრების წესში. მამაკაცები უფრო ხშირად მოიხმარენ ალკოჰოლიან სასმელებს, ნარკოტიკებს და სხვა, რაც ხელს უწყობს ვირუსული ჰეპატიტებისა და ღვიძლის ციროზის განვითარებას. ასაკი, საშუალოდ, 50 წელია.

საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, როგორც წესი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი პირველი გამოვლინება ხშირად სისხლდენაა, მაგრამ ზოგჯერ გამოხატულია უმნიშვნელო სიმპტომატიკა: გულძმარვა, ყლაპვის გაძნელება, რომელიც გადაფარულია ძირითადი დაავადების, მაგალითად, გულის უკმარისობის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადების სიმპტომებით.

მთავარი გართულებაა სისხლდენა. ზოგადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან განვითარებული სისხლდენებიდან ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების წილი სულ 6%-ია. სიხშირით პირველ ადგილზეა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულიდან განვითარებული სისხლდენა – 50-60%, შემდეგ მოდის სიმსივნეები, გასტრიტები და სხვა დაავადებები.

ხშირად სისხლდენა პროფუზულია, პაციენტს აქვს პირღებინება დიდი რაოდენობით, ალისფერი სისხლით კოლტებთან ერთად. თუ სისხლი მოხვდა კუჭში, შესაძლოა, მასა იყოს ყავის ნალექისმაგვარიც, რადგან კუჭის წვენთან შერევისას სისხლი იცვლის ფერს. მოგვიანებით ჩნდება შავი, კუპრისფერი განავალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა