რა უნდა ვიცოდეთ ფსორიაზზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 03.04

წელიწადის სეზონზე გამწვავების დამოკიდებულების მიხედვით, განასხვავებენ ფსორიაზის ორ ფორმას: „ზამთრის“ და „ზაფხულის“.
ყველაზე გავრცელებულია „ზამთრის“ ფორმა, გვხვდება პაციენტების დაახლოებით 80%-თან. გამწვავებას იწვევს არა სიცივე, არამედ ულტრაიისფერი გამოსხივების ნაკლებობა. პაციენტების, დაახლოებით, 10%-ს აწუხებს ფსორიაზის „ზაფხულის“ ფორმა, როდესაც ულტრაიისფერი გამოსხივება, პირიქით, გამწვავების პროვოცირებას ახდენს. და კიდევ, პაციენტების, დაახლოებით, 10%-ს აღენიშნება შერეული ფორმა.
ფსორიაზული გამონაყარი შეიძლება იყოს შეზღუდული რაოდენობით, უფრო ხშირად გვხვდება იდაყვისა და მუხლის სახსრების გამშლელ ზედაპირზე ან ფარავს კანის დიდ ზედაპირს, მათ შორის სახის, თავის თმიანი ნაწილისა და ფრჩხილების ჩართვით. ფსორიაზით დაავადებული პაციენტების 50%-ს აღენიშნება ფრჩხილის დისტროფია. უფრო ხშირად ზიანდება ხელის ფრჩხილები, ვიდრე ფეხის.
ზოგიერთ პაციენტთან დაავადება მწვავედ მიმდინარეობს, ზოგიერთს კი ფსორიაზული გამონაყარი ფეხებისა და იდაყვის კანზე, ეგრეთ წოდებული, „მორიგე ბალთები“, წლობით აღენიშნება.
დაავადების მძიმე ფორმების დროს ზიანდება მთელი სხეულის კანი და პროცესში ერთვება სახსრები. ფსორიაზით დაავადებულთა, დაახლოებით, 10-15%-ს აწუხებს ფსორიაზული ართრიტი.
გამონაყარს ჩვეულებრივ არ ახლავს ქავილი. შეხორცების შემდეგ მათ ადგილზე ნაწიბურები არ რჩება. თმის ზრდა, ჩვეულებრივ, არ ირღვევა.
ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორებია:
• ინფექციური (სასის, ცხვირ-ხახისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, ჰერპესი და სხვა);
• ფსიქოგენური (გადაღლა, გადაძაბვა, სტრესი);
• ტოქსიკური (ალკოჰოლი, მოწევა, ნარკოტიკები, ზოგიერთი მედიკამენტი);
• მეტაბოლური (სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კლიმაქსი და სხვა);
• ფიზიკური (კანის ტრავმა, გადაცივება, მზის დამწვრობა და ასე შემდეგ).
ფსორიაზის მიმდინარეობის ეტაპები (სტადიები):
I – პროგრესირებადი სტადია – ხასიათდება დიდი რაოდენობით ახალი გამონაყრის გამოჩენით კანზე, განსაკუთრებით კანის მცირე დაზიანებათა გამოვლენით სხეულის სხვადასხვა ადგილზე (ნაკაწრები, ბზარები, დამწვრობა). ახალი გამონაყრის გაჩენას ხშირად თან ახლავს ქავილი;
II – სტაციონარული სტადია – ახალი პაპულები არ ჩნდება, უკვე არსებულთა ირგვლივ წარმოიქმნება ფერმკრთალი დეპიგმენტირებული საზღვარი (ერთგვარი კიდე), ქავილი ქრება;
III – რეგრესირებადი სტადია – გამოირჩევა ბალთების (ფოლაქების) გაბრტყელებით, მათი აქერცვლა მცირდება და ისინი თანდათან ქრება.
ცხიმების, ძმრისა და ცხარე სანელებლების შემცველი საკვების მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს დაავადების გამწვავება ან გაუარესება. მიზანშეწონილია, შეიზღუდოს მწნილის, შემწვარი და ცხიმიანი საკვების, ყავის, შოკოლადის, ტკბილეულის, ცომეულის, კონსერვანტებისა და საკვები დანამატების შემცველი და მალფუჭებადი პროდუქტების პაშტეტები, ხორცისა და თევზის სალათები და ასე შემდეგ. აკრძალულია ასევე, ცხარე, მარილიანი და შებოლილი საკვები ჭამა. ფსორიაზით დაავადებულთა რაციონის 2/3 უნდა იყოს ტუტეწარმომქმნელი პროდუქტები და მხოლოდ 1/3-ს უნდა შეადგენდეს მჟავას წარმომქმნელი საკვები.
ალკოჰოლსა და ნიკოტინს ფსორიაზის გამწვავების პროვოცირება შეუძლიათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან