მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ ოსტეოპოროზის შესახებ

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 29.07, 2022 წელი

ოსტეოპოროზი
დაკოპირებულია

ოსტეოპოროზი ძვლოვანი ქსოვილის გამეჩხერებაა. ამ დაავადებას მეოცე საუკუნის უხილავ ეპიდემიას უწოდებენ. გავრცელების მიხედვით, მას დღეს მეოთხე ადგილი უკავია და მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ონკოლოგიურ და ენდოკრინულ პათოლოგიებს თუ ჩამოუვარდება. ოსტეოპოროზი ქალებში გაცილებით ხშირად გვხვდება.

ოსტეოპოროზის გამომწვევი შეიძლება გახდეს:

•საკვებთან ერთად საკმარისზე ნაკლები კალციუმის მიღება;

• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ის დაავადებები, რომლებსაც კალციუმის შეწოვის დარღვევა ახასიათებს;

• ნაადრევი ან ქირურგიული მენოპაუზა;

• სხეულის მცირე, 56 კილოგრამზე ნაკლები, წონა;

• ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელების, ღვიძლისა და თირკმელზედა ჯირკვლების ზოგიერთი დაავადება;

• ხანგრძლივი უმოძრაობა;

• ცხოვრების უძრავი სტილი.

ოსტეოპოროზი თავისთავად არასოდეს აღმოცენდება. მას ყოველთვის ორგანიზმში მიმდინარე ესა თუ ის დარღვევა განაპირობებს. ვითარდება თანდათანობით, უსიმპტომოდაც, პირველი სიგნალი უმეტესად მოტეხილობაა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ზურგის ტკივილი, სიარულის დარღვევა და სხვა სიმპტომები ვლინდება. ეს დაავადება ქალებს უმეტესად კლიმაქსურ პერიოდში უვითარდებათ და სასქესო ჰორმონების გამომუშავების შემცირებასთან არის დაკავშირებული.

ოსტეოპოროზის განვითარებასა და პროგრესირებას ხელს უწყობს:

• სუფრის მარილისა და ყავის ინტენსიური მოხმარება;

• შემწვარ-მოხრაკულის უხვი მირთმევა;

• ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღება და თამბაქო;

• შიმშილობა და მცენარეული დიეტა;

• გაზიანი სასმელების უხვი მიღება.

პროფილაქტიკა:

ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის, რაც ძვლოვანი ქსოვილის მინერალური ცვლის უზრუნველყოფას გულისხმობს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რაციონალურ კვებას. კვების რაციონი უნდა აკმაყოფილებდეს ცილებისა და ცხიმების, ნახშირწყლებისა და მინერალური ნივთიერებების მოთხოვნილებას, მდიდარი იყოს შეუცვლელი ამინომჟავებით, ვიტამინებითა და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით. საკვების ინგრედიენტებს შორის ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისა და სტრუქტურულ-ფუნქციური სიჯანსაღისთვის უმთავრესი კალციუმია, ამიტომ ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია რაციონის გამდიდრება კალციუმითა და D ვიტამინით გაჯერებული პროდუქტებით. ასეთია: ფოთლოვანი ბოსტნეული, ნიგოზი, ორაგული, სარდინი, კამბალა, შვრია, პარკოსნები, რძის ნაწარმი, ჩირი. ასევე, რაციონში უნდა ჩავრთოთ ხახვი, ნიორი, კვერცხი და გოგირდის შემცველი სხვა სურსათი – ამ ელემენტს დიდი მნიშვნელობა აქვს ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებისთვის.

გახსოვდეთ:

ზომიერი ფიზიკური დატვირთვა და რეგულარული ვარჯიში ნებისმიერ ასაკში აჯანსაღებს ძვალ-სახსროვან სისტემას და უზრუნველყოფს მის სრულფასოვან ფუნქციონირებას. ასევე, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და შინაგანი ორგანოების პათოლოგიათა რისკს, ზრდის ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის მასასა და ხარისხს, აუმჯობესებს მოძრაობათა კოორდინაციასა და მოქნილობას. ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური ფორმირებისა და განახლებისთვის უმთავრესი მოძრაობა და ფიზიკური აქტივობაა. სწორედ ამიტომ გვირჩევენ სპეციალისტები:

• ფეხით სიარულს;

• სათანადო ვარჯიშების შესრულებას;

• ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას და უმოძრაობასთან ბრძოლას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი