რა უნდა ვიცოდეთ ნარკოზის შემდგომი მდგომარეობის შესახებ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.11

ანალგეზური ნივთიერებები, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტთან ერთად, ორგანიზმის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციათა მარეგულირებელი ცენტრების დათრგუნვასაც იწვევს, ამიტომ ნარკოზის შემდეგ პაციენტებს მტკივნეული შეგრძნებები, უსიამოვნო ემოციები და ინტოქსიკაციის სიმპტომები აღენიშნებათ.
ნარკოზის შემდგომი გართულებებიდან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ნარკოზის შემდგომი ღებინება. ამიტომაც ეკრძალება პაციენტს ნარკოზის შემდეგ პირველი 2-3 საათის განმავლობაში წყლისა და საკვების მიღება. ღებინებისას პაციენტი გვერდზე უნდა გადავაბრუნოთ და პირის ღრუ რაც შეიძლება სწრაფად გავუსუფთაოთ პირნაღები მასისგან, რათა არ მოხდეს პირნაღები მასის გადასვლა სასუნთქ გზებში.
ოპერაციის შემდეგ მოძრაობათა შეზღუდვა სასუნთქი სისტემის ფუნქციათა დათრგუნვას იწვევს, ამიტომ ნარკოზის შემდგომ გართულებათა შორის ყველაზე ხშირად ოპერაციის შემდგომი პნევმონია და სასუნთქი სისტემის სხვა პათოლოგიები იჩენს თავს. ოპერაციის შემდგომი პნევმონია მოგვიანებით გართულებათა რიცხვს ეკუთვნის და ოპერაციიდან მეოთხე-მერვე დღეს ვითარდება. ასეთ დროს ერთ-ერთი უპირველესი ღონისძიება პაციენტის გაციებისგან დაცვაა.
ფილტვების დრენაჟული ფუნქცია რომ არ დაქვეითდეს, დროდადრო აუცილებელია ზედა სასუნთქი გზებიდან და პირის ღრუდან შიგთავსის ამოქაჩვა.
აქტიურად უნდა ჩატარდეს სუნთქვის პროცესის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები:
• გამოღვიძებისთანავე უნდა დააძალოთ პაციენტს, პერიოდულად ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა აკეთოს;
• საათში ერთხელ აუცილებლად ამოძრაოს ზედა და ქვედა კიდურები, რა თქმა უნდა, თუ ოპერაცია ამის საშუალებას იძლევა;
• ეს მოძრაობები პაციენტმა შინაც უნდა განაგრძოს;
• ფილტვების ვენტილაციის გასაზრდელად და ანთებითი პროცესების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რეზინის საჰაერო ბურთების ბერვას;
• პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ხველასა და ნახველის გამოყოფას, ამიტომ ტკივილის შიშით ამაზე უარი არ უნდა თქვან, ხველისას ხელით უნდა დაიჭირონ ნაოპერაციევი ადგილი, რათა მუცლის კედლის კუნთების შეკუმშვისას ტკივილი არ გაძლიერდეს და შემდეგ აქტიურად ამოახველონ;
• ხველისას ტკივილს ამცირებს ქვედა კიდურების მუხლებში მოხრაც.
კუჭ-ნაწლავის სისტემა
მძიმე ოპერაციის შემდეგ (რომელიც რამდენიმე საათს გრძელდება) ნარკოზი ამცირებს ნერწყვის გამოყოფას და იწვევს პირის ლორწოვანი გარსების სიმშრალეს, მტანჯველ სლოკინს, ღებინებას, ბოყინს, ფაღარათს, მეტეორიზმს და სხვა. მშრალი ენა ნივთიერებათა ცვლის მოშლის მაუწყებელია. ასეთ დროს პაციენტს ენა სველი ტამპონით უნდა გავუსუფთაოთ. ენის სიმშრალე ხშირად ნარკოზის შემდეგ 2-3 კვირაც კი გრძელდება. ასეთ დროს შედეგიანია პირის ღრუში სოდიანი წყლის გამოვლება: 1 სადილის კოვზი სოდა უნდა გავხსნათ 1 ჭიქა თბილ წყალში.
თუ ოპერაციის შემდეგ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებითა და მეხსიერებით უკმაყოფილო ხართ, გირჩევთ, ცოტა ხანს მოითმინოთ და ტვინი სრული სიმძლავრით არ ამუშაოთ, მისცეთ ადაპტაციისათვის რამდენიმე ხანი და გონს მოსვლის საშუალება. უნდა გვახსოვდეს, რომ ტვინი სხეულის ნაწილია და მას არ შეუძლია მთელი დატვირთვით იმუშაოს მაშინ, როდესაც სხეული დასუსტებულია და ძალ-ღონის აღდგენის პროცესშია.
ოპერაციის შემდეგ წყლის სმა ხშირად არასასურველ შედეგებს იწვევს, ამიტომ პირველ საათებში ეს აკრძალულია. დასაშვებია მხოლოდ ენისა და ტუჩების დასველება, პირის ღრუში წყლის გამოვლება. აღსადგენად კი განსაკუთრებით სასარგებლოა ახალგამოწურული წვენები, მინერალური წყლები და ჩაი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან