რა უნდა ვიცოდეთ მუნზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
მუნი, ასევე ცნობილი, როგორც ბღერი, არის ქავილის მომგვრელი გამონაყარი კანზე, რომელსაც იწვევს ტკიპა Sarcoptes scabiei. ადამიანს ძლიერი ქავილი უჩნდება იმ ადგილებში, სადაც ტკიპა კანში შედის. ქავილის სურვილი განსაკუთრებით ძლიერდება ღამით. მუნი გადამდებია და შეიძლება, სწრაფად გავრცელდეს ახლო ფიზიკური კონტაქტის გზით, მაგალითად, ოჯახში, სკოლაში, საბავშვო ბაღში ან ციხეში. რადგან ინფექცია მარტივად ვრცელდება, ექიმები ხშირად ურჩევენ მკურნალობას როგორც ინფიცირებულს, ისე მასთან ახლო კონტაქტის მქონე ადამიანებს.
მუნს (ბღერს) იწვევს პაწაწინა, რვაფეხა ტკიპა, რომელიც კანში აღწევს და შიგნით კვერცხებს დებს. კვერცხებიდან იჩეკებიან ტკიპების ლარვები, რომლებიც კანის ზედაპირზე გამოდიან და იზრდებიან. ეს ტკიპები შემდეგ სხეულის სხვა უბნებზე ვრცელდებიან ან სხვა ადამიანზე გადადიან. ქავილი გამოწვეულია ორგანიზმის ალერგიული რეაქციით ტკიპებზე, მათ კვერცხებსა და ნარჩენებზე. შესაბამისად, ხშირად მუნი გამოიყურება, როგორც ალერგიული გამონაყარი. ეს ტკიპები ვრცელდებიან ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო – კანის-კანზე – კონტაქტით და შედარებით იშვიათად – ტანსაცმლის ან თეთრეულის გაზიარებით. აღსანიშნავია, რომ ცხოველებისგან ადამიანს ტკიპები ვერ გადაედება, რადგან ცხოველის ტკიპები ადამიანის კანში ვერ გადარჩებიან და ვერ გამრავლდებიან. თუმცა, თუ ადამიანი შეეხო მუნის მქონე ცხოველს, შესაძლოა, ტკიპამ, კანქვეშ მოხვედრის შემთხვევაში, დროებითი ქავილი გამოიწვიოს.
როგორ ამოვიცნოთ მუნი
მუნი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: ქავილი – ხშირად ძლიერი და განსაკუთრებით ღამით; თხელი, ტალღოვანი ხაზები კანზე, რომლებიც მცირე ბუშტუკებით არის დაფარული. მუნი ხშირად ვლინდება კანის ნაკეცებში, თუმცა ის შეიძლება სხეულის მრავალ უბანზე გაჩნდეს.
მოზრდილებსა და დიდ ბავშვებში მუნი ხშირად ჩნდება ხელისა და ფეხის თითებს შორის, იღლიაში, მუცლის არეში, მაჯების შიდა მხარეს, იდაყვის შიდა მხარეს, ფეხის გულებზე, მკერდზე, სარძევე ჯირკვლებისა და ჭიპის გარშემო; სასქესო ორგანოების მიდამოში, დუნდულების ზედაპირზე.
ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში მუნი, ძირითადად, ჩნდება თითებზე, სახეზე, თავსა და კისერზე, ხელისგულებსა და ფეხისულებზე. თუ მუნი უკვე გქონიათ, სიმპტომები შეიძლება, ინფექციის წყაროსთან ახალი კონტაქტიდან რამდენიმე დღეში გამოგიჩნდეთ. ხოლო თუ პირველად დაინფიცირდით, შესაძლოა, სიმპტომების გაჩენას 6 კვირა დასჭირდეს. თუმცა, საგულისხმოა, რომ ამ პერიოდშიც კი შეგიძლიათ, დაავადება სხვას გადასდოთ, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები ჯერ არ გქონიათ.
მუნის მკურნალობა შეიძლება, მოიცავდეს როგორც კანზე პირდაპირ წასასმელ პრეპარატებს, ისე პერორალურ მედიკამენტებს. მიზანია ტკიპების განადგურება, თუმცა ქავილი შესაძლოა, მკურნალობის შემდეგ კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდეს. მედიკამენტები ვერ ანადგურებს ტკიპას კვერცხებს, ამიტომ თუ სიმპტომები არ გაქრება, შესაძლოა, მკურნალობის კურსის განმეორება დაგჭირდეთ. ასევე, აუცილებელია, რომ იმკურნალონ ახლო წარსულში თქვენმა სექსუალურმა პარტნიორებმა და ყველამ, ვინც თქვენთან ერთად ცხოვრობს.
შეიძლება თუ არა მუნის პრევენცია
იმისთვის, რომ მუნი ხელახლა არ დაგემართოთ და ტკიპები სხვებს არ გადასდოთ, საჭიროა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა: გარეცხეთ ყველა ტანსაცმელი და თეთრეული. მაღალი ტემპერატურა ანადგურებს ტკიპებს და მათ კვერცხებს. მუნზე მკურნალობის დაწყებამდე ბოლო სამი დღის განმავლობაში გამოყენებული ტანსაცმლის, პირსახოცებისა და თეთრეულის გასარეცხად ცხელი, საპნიანი წყალი გამოიყენეთ. შემდეგ ეს ყველაფერი მაღალ ტემპერატურაზე გააშრეთ. იმ ნივთებს, რომელთა გარეცხვაც არ შეიძლება ქიმწმენდა ჩაუტარეთ. ნივთები, რომლებსაც ვერ რეცხავთ, ვერც ქიმწმენდას ახერხებთ, მოათავსეთ ჰერმეტულად დახურულ პარკებში და ყველასგან მოშორებით გადაიტანეთ, მაგალითად, ავტოფარეხში – საკვების გარეშე ტკიპები რამდენიმე დღეში კვდებიან.
მუნის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სახლის საფუძვლიანად დასუფთავება. ავეჯის, ხალიჩებისა და იატაკის გასაწმენდად გამოიყენეთ მტვერსასრუტი, ასევე, ადამიანისთვის უსაფრთხო საწმენდი საშუალებები, რათა ზედაპირებს მოშორდეს მტვერი, სადაც შეიძლება, ტკიპები ბუდობდნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





