მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ ლაქტაციის პერიოდზე

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 13.01, 2024 წელი

ლაქტაცია
დაკოპირებულია

ჩვილის ძუძუთი კვება რეკომენდებულია, გაგრძელდეს ორ წლამდე, თუნდაც, დღეში ერთხელ. ძუძუს წოვის პროცესში ქალის ორგანიზმში გამომუშავდება რძის რაოდენობისა და გამოყოფის დასარეგულირებელი ჰორმონები. რაც უფრო ხშირად წოვს ბავშვი ძუძუს, მით უფრო მეტია რძის რაოდენობა. ქალის ორგანიზმი იმდენი რაოდენობის რძეს გამოიმუშავებს, რამდენსაც გასცემს. რძის წარმოქმნას ხელს უწყობს რიგი ფსიქოლოგიური ფაქტორები, მაგალითად, დედის სურვილი ჩვილი ძუძუთი კვებოს, დედის დადებითი ემოციური განწყობა, დედა-შვილის კანით კანთან კონტაქტი.

მეძუძური დედის სრულფასოვანი კვება აუცილებელი პირობაა არა მარტო დედის ჯანმრთელობის, არამედ ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის. ის უნდა აკმაყოფილებდეს დედის ორგანიზმის მოთხოვნილებას ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებზე, ცილებზე, ცხიმებზე, ნახშირწყლებზე.

რაციონი უნდა შედგებოდეს შემდეგი პროდუქტებისგან:

• მოხარშული საქონლის, ინდაურისა და ქათმის ხორცი;

• რძე, მაწონი, არაჟანი, ხაჭო;

• მცენარეული (მზესუმზირასა და ზეითუნის) ზეთი;

• მარცვლეული სხვადასხვა ფაფები, უხეშად დაფქული ფქვილისგან გამომცხვარი პური;

• ხილი და ბოსტნეული.

რძის მომატებას ხელს უწყობს რძის ნაწარმი, ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები, ხილი, პური, სხვადასხვა მარცვლეული.

ბევრ დედას აწუხებს კითხვა, საშიში ხომ არ არის ავადმყოფობისას ძუძუს წოვება.

არსებობს იმ დაავადებების სია, რომელთა დროსაც ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია. ეს სია, საბედნიეროდ, ძალიან მოკლეა: აივ ინფექცია, აქტიური ტუბერკულოზი და თ-ლიმფოტროპული ინფექცია. თუ არც ერთი მათგანი არ გაქვთ, თამამად შეგიძლიათ, ბავშვს ძუძუ აწოვოთ.

გაციებისა და გრიპის დროს მით უმეტეს არაფერია საშიში – ვირუსი რძეში არ გადადის. გარდა ამისა, დედის რძე თვითონვე შეიცავს ინფექციის საწინააღმდეგო ახალგამომუშავებულ ანტისხეულებს, რომლებიც კვების დროს პირდაპირ გადაეცემა პატარას – ამაზე უკეთესი დაცვა რა უნდა იყოს?!

გაითვალისწინეთ:

  • თუ წამლები გაქვთ დანიშნული, დარწმუნდით, რომ ძუძუთი კვების დროს მათი მიღება უსაფრთხოა. აუცილებლად მოეთათბირეთ ექიმს!
  • თუ ღებინება და დიარეა გაქვთ, აუცილებლად სვით საკმარისი რაოდენობის წყალი – ამ დროს გაუწყლოების რისკი ძალიან მაღალია, ეს კი უარყოფითად აისახება როგორც თქვენს ჯანმრთელობაზე, ისე რძის მარაგზე;
  • მინიმუმამდე დაიყვანეთ ბავშვის ინფიცირების რისკი: შეხებამდე დაიბანეთ ან ანტისეპტიკური ხსნარით დაიმუშავეთ ხელები; აიფარეთ პირბადე; ცემინებისა და ხველების დროს ცხვირ-პირზე აიფარეთ ერთჯერადი ხელსახოცი და მაშინვე გადააგდეთ; ეცადეთ, არ აკოცოთ პატარას პირთან და ცხვირთან ახლოს;
  • ბავშვს მოთხოვნისთანავე მოაწოვეთ ძუძუ – იშვიათმა კვებამ რძის მარაგზე შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა