მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ კალციუმის შესახებ

№27

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 13.07, 2023 წელი

კალციუმი
დაკოპირებულია

კალციუმი ადამიანის სიცოცხლისთვის საჭირო ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია, მასზე არის დამოკიდებული ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების ფორმირება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში და შენარჩუნება მოზრდილებში, ასევე გულის, კუნთების, ნერვებისა და სისხლის შედედების სისტემის გამართული ფუნქციონირება.

კალციუმს განუწყვეტლივ მოვიხმართ, შესაბამისად, ორგანიზმში მისი მარაგი თანდათან ილევა. კალციუმის წარმოქმნა ორგანიზმს თავად არ შეუძლია, ამიტომ ის გარედან უნდა მივაწოდოთ. ამისთვის საუკეთესო საშუალება საკვებია. კალციუმი არაერთი საკვები პროდუქტის შემადგენლობაში შედის. ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა ორგანიზმს კალციუმითაც ამარაგებს და არაერთი სხვა პრობლემისგანაც გვიცავს.

კალციუმის მთავარი წყარო რძე და რძის ნაწარმია. საუკეთესოა ყველი, მაწონი, ხაჭო. მცენარეული საკვებიდან კალციუმს შეიცავს თეთრთავა, ასევე, ჩინური კომბოსტო და ბროკოლი.

კალციუმის შემცველობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ცხიმის შემცველობაზე. რაც უფრო მეტი ცხიმია პროდუქტში, მით ნაკლებია კალციუმი.

მოზარდობა ის პერიოდია, როდესაც კალციუმის მოთხოვნილება ყველაზე დიდია, მისი დაკმაყოფილება კი – ყველაზე ძნელი. თუ ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებთან საქმე შედარებით მარტივადაა (ჩვილი კალციუმის მთელ მარაგს დედის რძიდან ან ხელოვნური ნარევიდან იღებს; პატარა ბავშვების მენიუც საკმაოდ მდიდარია კალციუმის შემცველი პროდუქტებით), მოზარდი დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის და ხშირად მშობლები ვერც კი აკონტროლებენ მის რაციონს. თინეიჯერების მენიუში კალციუმით მდიდარ საკვებს იშვიათად ნახავთ, ამიტომ, სანამ ერთად სადილობთ და ვახშმობთ, დრო მაქსიმალურად გამოიყენეთ ბავშვის ორგანიზმის კალციუმით გასამდიდრებლად.

მოუმზადეთ ბავშვს ხილის დესერტი რძით, არაჟნით, კეფირით. ხაჭოს დაამატეთ ცოცხალი ხილი, რძეს – ცოტაოდენი მურაბის წვენი ან შოკოლადის სიროფი. ერიდეთ არომატიზებულ რძის ნაწარმს – მასში ბევრია შაქარი. კერძს კი უცხიმო ყველი მოახეხეთ. წვნიანს ხშირად დაამატეთ თეთრი ლობიო.

რა ხდება ორსულებში:

ძვლების ფორმირებისა და ზრდისთვის კალციუმი აუცილებელია. ნაყოფისთვის კალციუმის წყარო დედის მიერ მიღებული საკვები და კალციუმის დანამატებია. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, კალციუმს დედის ძვლებისგან მოიპარავს. აქვე უნდა ითქვას, რომ ორსულობის დროს კალციუმის შეწოვა იმატებს. დედის სხეული მეტ ესტროგენს გამოიმუშავებს, რაც ძვლების დამცავი კიდევ ერთი მექანიზმია. ამის კვალობაზე, ორსულობის დროს ძვლოვანი მასა იკარგება, მაგრამ სათანადო მართვით მშობიარობის შემდეგ მალევე აღდგება.

ლაქტაციის დროსაც შეიძლება ძვლოვანი მასა დაიკარგოს, მაგრამ ესეც დროებითია – კვლევებმა აჩვენა, რომ მეძუძური ქალები ძუძუთი კვების შეწყვეტიდან 6 თვეში აღიდგენენ ძვლის სიმკვრივეს.

დიდი რაოდენობით კალციუმის მიღება არ ნიშნავს უფრო ჯანმრთელ ძვლებს. პირიქით, დღიური მაქსიმალური ლიმიტის გადაჭარბება ქმნის ჰიპერკალცემიის საფრთხეს, რამაც შესაძლოა, ორგანიზმში სხვადასხვა დარღვევა გამოიწვიოს, მაგალითად, გულის რიტმის ცვლილებები, თირკმლის კენჭოვანი დაავადება, ძვლების ტკივილი, მეხსიერების დაქვეითება, კუნთების ტკივილი, ქრონიკული სისუსტე და დაღლილობა. ამიტომ მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა.

კალციუმის დღიური ნორმა განისაზღვრება ასაკისა და სქესის მიხედვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა