რა უნდა ვიცოდეთ ინფექციური მონონუკლეოზის შესახებ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.04

ინფექციური მონონუკლეოზი არის გადამდები დაავადება. ხშირია მოზარდებსა და ახალგაზრდებში. ინფექციური მონონუკლეოზის გამომწვევი – ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პათოგენია: მოწიფული ასაკის მოსახლეობის 95% ამ ვირუსის მატარებელია. ადამიანის პირველადი ინფიცირება უმეტესად ახალგაზრდობისას ხდება. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულთან ახლო კონტაქტით. მას ხშირად კოცნის, თინეიჯერთა, კოლეჯის დაავადებასაც უწოდებენ,
ინფექციური მონონუკლეოზის ტიპური სიმპტომები, ჩვეულებრივ, ვლინდება ეპშტეინ-ბარის ვირუსით დაინფიცირებიდან ოთხიდან ექვს კვირაში.
ეს სიმპტომები მოიცავს:
• ძლიერ დაღლილობას;
• ცხელებას;
• ყელის ტკივილს;
• თავისა და სხეულის ტკივილებს;
• გადიდებულ ლიმფურ კვანძებს;
• გადიდებულ ღვიძლს ან ელენთას;
• გამონაყარს.
გადიდებული ელენთა და გადიდებული ღვიძლი ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია.
ადამიანების უმეტესობა უმჯობესდება ორ-ოთხ კვირაში. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა, გაუხანგრძლივდეს დაღლილობა კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში. ზოგჯერ ინფექციური მონონუკლეოზის სიმპტომები შეიძლება, გაგრძელდეს ექვსი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში.
ინფექციური მონონუკლეოზის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის EBV, მაგრამ შეიძლება, ეს დაავადება სხვა ვირუსებმაც გამოიწვიოს. როგორც წესი, ეს ვირუსები ყველაზე ხშირად ვრცელდება გამონაყოფებით, განსაკუთრებით, ნერწყვით. თუმცა, ეს ვირუსები, ასევე, შეიძლება, გავრცელდეს სისხლით, სქესობრივი კონტაქტით, სისხლის გადასხმით.
გადიდებული ელენთის შემთხვევაში უნდა მოერიდოთ აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას სრულ გამოჯანმრთელებამდე.
სიმპტომების შესამსუბუქებლად აუცილებელია დასვენება, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება, ჰიდრატაცია.
ვირუსი ორგანიზმს მთლიანად არ ტოვებს, სამუდამოდ რჩება იქ, მისი გააქტიურება კი პაციენტის იმუნური სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. დაავადების რეციდივი მხოლოდ იმუნოდეფიციტის შემთხვევაში ხდება. მონონუკლეოზის საწინააღმდეგო ვაქცინა ან სხვა სახის სპეციფიკური პროფილაქტიკა არ არსებობს. ეს დაავადება ყოველთვის იყო და იქნება. ერთადერთი, რაც მის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან