მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ ჰემატომაზე

№42

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 26.10, 2023 წელი

ჰემატომა
დაკოპირებულია

ჰემატომა არის თხევადი სისხლის ან სისხლის კოლტების გროვა, რომელიც წარმოიქმნება სისხლძარღვის გახეთქვით.

ჯანმრთელობისა და ზოგჯერ სიცოცხლისათვის განსაკუთრებით საშიშია ქსოვილების სიღრმეში, ორგანოების ან სახსრის შიგნით წარმოქმნილი ჰემატომები. მსხვილი სისხლჩაქცევა საშიშია ინფექციის, ანთებისა და დაჩირქების განვითარების თვალსაზრისით.

ჰემატომა წარმოიშობა შიდა სისხლდენის გამო, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული. დაავადების მიზეზებია:

  • ტრავმირება, რაც იწვევს სისხლძარღვების, არტერიის, ვენების გახეთქვას;
  • სისხლძარღვის არატრავმული დაზიანება;
  • მალორი-ვეისის სინდრომი;
  • სისხლძარღვების გამტარუნარიანობის დარღვევა;
  • სისხლის მიმოქცევის დარღვეული პროცესი.

სახსრის დაზიანებისას შეიძლება, განვითარდეს ბურსიტი, სინოვიტი ან ჰემართროზი და არ არის გამორიცხული, ამას ადამიანის დაინვალიდება მოჰყვეს. მუცლის ღრუში ჩაქცეულმა სისხლმა კი შეიძლება, გამოიწვიოს პერიტონიტი. თავის ტვინის ჰემატომა იწვევს ამ ორგანოს ფუნქციის დარღვევას უმძიმესი შედეგებით, როგორებიცაა: კოგნიტიური ფუნქციების დარღვევა, სხეულის ნაწილის დამბლა. კანქვეშა ჰემატომის განვითარებიდან პირველივე საათებში აუცილებელია ტრავმირებულ ადგილზე ყინულის დადება.

ფერის ცვლილება – მედიკოსები გამოყოფენ ჰემატომის სამ სტადიას. თითოეული კანის გარკვეული შეფერილობით ხასიათდება, რომლის ქვეშაც ჩანს სისხლჩაქცევა.

სილურჯის გაჩენა - დაჟეჟილობისთანავე რბილ ქსოვილებში აღინიშნება მკვეთრი ტკივილი. ქსოვილების შეშუპების შედეგად დაზიანებულ ადგილზე კანის უბანი მკვეთრი წითელი და შესივებულია. შემდეგ წითელი შეფერილობა თანდათანობით იცვლება ლურჯით. წითელ შეფერილობას იძლევა ერითროციტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ჰემოგლობინს შეიცავენ. რამდენიმე საათში ჰემოგლობინი იწყებს დაშლას და დაჟეჟილი ადგილი ლურჯდება. შეშუპებისა და ანთების გამო დაზიანებულ ადგილზე იზრდება ტემპერატურა.

გამწვანება - 2-3 დღის შემდეგ შეშუპება და ტემპერატურა მცირდება, ქსოვილების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად წესრიგდება, თუმცა ზეწოლისას უმნიშვნელო მტკივნეულობა რჩება. კანის ლურჯი ფერი ნელ-ნელა მწვანეში გადადის.

გაყვითლება - დაახლოებით, მეხუთე დღისთვის შეშუპება გაივლის, ჰემოგლობინის ნარჩენები იშლება და ქსოვილებიდან გამოიყოფა. დაჟეჟილობის ადგილი ყვითლდება და ჩვეულებრივ შეფერილობას უბრუნდება.

ჰემატომის ვიზუალური სიმპტომები უფრო კარგად შესამჩნევია, როდესაც სისხლის ჩაქცევა კანქვეშა შრეში ხდება. თუ კოლტი წარმოიქმნება რბილი ქსოვილების უფრო ღრმა ფენებში, გარედან შესამჩნევია მხოლოდ მცირე ზომის, მაგრამ მტკივნეული შესიება. ასეთი წარმონაქმნები უფრო საშიშია, რადგანაც პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობს და შეიძლება, ახლდეს გართულებები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა