რა უნდა ვიცოდეთ ღვიძლის კიბოზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
ღვიძლის კიბო არის სიმსივნური დაავადება, რომელიც გვხვდება ღვიძლში ნებისმიერ ადგილას. ღვიძლი არის დიდი ორგანო მუცლის ზედა მარჯვენა მხარეს. ის გვეხმარება საჭმლის მონელებაში და შლის ტოქსინებს. ღვიძლის კიბო შეიძლება, განვითარდეს ღვიძლში (პირველადი) ან გავრცელდეს სხვა ორგანოდან (მეორადი). რამდენად სერიოზულია ღვიძლის კიბო, დამოკიდებულია მის მდებარეობაზე ღვიძლში, ზომაზე, გავრცელებულია თუ არა, პირველადია თუ მეორადი და ასევე, როგორია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზოგადად.
ღვიძლის კიბო შესაძლოა, არ გამოიხატოს სიმპტომებით ან ძნელად შესამჩნევი იყოს. გამოხატული სიმპტომები კი არასპეციფიკურია და შესაძლოა, მსგავსი იყოს ღვიძლის პირველადი და მეორადი (მეტასტაზური) დაზიანების დროს. ღვიძლის კიბოს სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
* თვალების სკლერებისა და კანის შეყვითლება, ასევე, კანის ქავილი, მუქი შარდვა და ჩვეულებრივზე უფერული განავალი;
* უმიზეზოდ მადის დაკარგვა ან წონის დაკლება;
* დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე;
* ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება ან გრიპის მსგავსი სიმპტომები;
* ტკივილი მუცლის მარჯვენა მხარეს.
სხვა სიმპტომებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს საჭმლის მონელებაზე, როგორიცაა:
* დისკომფორტის შეგრძნება;
* ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა მხარეს ან მარჯვენა მხარში;
* ჭამის დროს ძალიან სწრაფად დანაყრების შეგრძნება;
* მუცლის შესივება, რომელიც არ არის დაკავშირებული ჭამასთან.
ღვიძლის პირველადი კიბო შეიძლება, დაემართოს ნებისმიერ ადამიანს. მისი გამომწვევი მიზეზი ყოველთვის არ არის ნათელი. უმეტესად რისკ-ჯგუფები არიან:
* 60 წელზე მეტი ასაკის (ყველაზე ხშირად 85 წელს გადაცილებული) ადამიანები;
* მამრობითი სქესის ადამიანები;
* გარკვეული სამედიცინო ფონის მქონე ადამიანები, რომელთაც აქვთ ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, ნაღვლის ბუშტის კენჭები, დიაბეტი, ღვიძლში პარაზიტი;
* აღნიშნული დაავადების არსებობა უახლოეს ნათესავებში - გენეტიკური ფაქტორი.
ღვიძლის მეორადი კიბო გამოწვეულია სიმსივნური უჯრედების გავრცელებით სხვა ორგანოებში არსებული სიმსივნიდან (მეტასტაზები).
ღვიძლის კიბოს სტადიები და მათი სიმპტომები
ღვიძლის კიბოს სხვადასხვა სტადიაზე, პაციენტს, როგორც წესი, განსხვავებული სიმპტომები აღენიშნებათ.
პირველი სტადია – საწყის ეტაპზე სიმსივნე ლოკალიზებულია მხოლოდ ღვიძლზე და არ ვრცელდება სისხლძარღვებში, სხვა ორგანოებსა თუ ლიმფურ კვანძებში. პაციენტი უჩივის საერთო სისუსტეს, ასევე, უსიამოვნო შეგრძნებებს მუცლის მარჯვენა მიდამოში. ამ დროს უკვე შეიმჩნევა ღვიძლის ზომაში ზრდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საწყის სტადიაზე შესაძლებელია, დაავადება სრულიად უსიმპტომო იყოს. ასეთ შემთხვევაში ღვიძლის კიბო შემთხვევით რადიოლოგიურ გამოკვლევაზე ვლინდება.
მეორე სტადია – მოგვიანებით სიმსივნე შეიძლება, შეიზარდოს სისხლძარღვებში, ამასთან, თავი იჩინოს რამდენიმე მცირე ზომის სიმსივნურმა წარმონაქმნმა. ამ ეტაპზე, როგორც წესი, ვლინდება გულისრევის შეგრძნება, ღებინება, საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა და ტკივილი მუცლის არეში.
მესამე სტადია – ამ დროს სახეზეა რამდენიმე სიმსივნური წარმონაქმნი და კიბო გავრცელებულია ღვიძლის მსხვილ ვენებში. შესაძლოა, მეტასტაზები გაჩნდეს მეზობელ ორგანოებშიც, როგორიცაა ლიმფური კვანძები. მესამე სტადიას ახასიათებს ფეხებისა და წელის შეშუპება. შეიძლება გამოვლინდეს თვალის, კანისა და ლორწოვანის სიყვითლეც.
მეოთხე სტადია – სიმსივნე გავრცელებულია მეზობელ ორგანოებსა თუ სისხლძარღვებში. მეტასტაზებმა შეიძლება, მიაღწიოს მოშორებით მდებარე ორგანოებამდე და ლიმფურ კვანძებამდეც. ცხადია, ამ დროს ღვიძლის კიბოსთვის დამახასიათებელი სიმპტომები უფრო ინტენსიური და მწვავეა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან