რა უნდა ვიცოდეთ ღვიძლის ჰემანგიომის შესახებ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.03, 2022 წელი

ჰემანგიომა კანის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ის, თურმე, სრულიად უვნებელია და ადამიანი ამ ლაქით მთელ სიცოცხლეს ისე გაატარებს, არაფერი შეაწუხებს. ამგვარი წარმონაქმნი ადამიანს შესაძლოა სხვა ორგანოშიც, მაგალითად, ღვიძლშიც ჰქონდეს. არც ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნე მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა რიცხვს, თუმცა კანის ჰემანგიომაზე მეტი საფრთხის შექმნა ნამდვილად შეუძლია.
ღვიძლის ჰემანგიომების უმრავლესობა სრულიად შემთხვევით აღმოჩნდება ხოლმე ორგანოს ულტრაბგერითი გამოკვლევისას. ისინი უხშირესად მცირე ზომისაა, არანაირად არ გამოვლინდება და შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. თუმცა დიდი ზომის ჰემანგიომამ შესაძლოა, სხვადასხვა სიმპტომი გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა სხვა ორგანოს მახლობლად არის განთავსებული ან სანაღვლე გზებს აწვება. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გამოვლინდეს ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ღვიძლის გადიდება. ჰემანგიომები იშვიათად სკდება, მაგალითად, ტრავმისას, თრომბოზისას. ასეთ დროს ძლიერი ტკივილი და მუცლის ღრუში სისხლდენა ვითარდება, რაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ჰემანგიომაზე ეჭვის მიტანისას, ჩვეულებრივ, აუცილებელი ხდება მისი დიფერენცირება ღვიძლის სხვა სიმსივნეების, მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნეებისგან. ამაში სპეციალისტებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, სცინტიგრაფია ეხმარებათ. ჰემანგიომაზე ეჭვის მიტანისას, როგორც წესი, ბიოფსიას არ მიმართავენ, რადგანაც მანიპულაციამ შესაძლოა, სისხლდენა გამოიწვიოს.
მკურნალობის კურსს შეგიძლიათ შინ მომზადებული სამკურნალო საშუალებებიც მიახმაროთ:
👉 შვრიის ნახარში: კარგად გარეცხეთ ერთი ჭიქა შვრია, დაასხით 1 ლიტრი ოთახის ტემპერატურის გამოხდილი წყალი, გააჩერეთ 10 საათი, შემდეგ კი დადგით ნელ ცეცხლზე და 30 წუთი ადუღეთ. გაზქურიდან გადმოდგმისთანავე შეფუთეთ და ამ მდგომარეობაში 12 საათი გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და საწყის მოცულობამდე, ანუ 1 ლიტრამდე, შეავსეთ გამოხდილი წყლით. მიიღეთ 100 მილილიტრი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. მკურნალობის ერთი კურსი 1-1,5 თვეს მოიცავს. გაიმეორეთ წლის განმავლობაში რამდენჯერმე ერთთვიანი შესვენებებით;
👉 სამკურნალო ნაყენი: დაგჭირდებათ 40 გრამი კრაზანა, 30 გრამი ველური ვარდკაჭაჭა, 20 გრამი ჩვეულებრივი მატიტელა, 10 გრამი გვირილის ყვავილი და 30 გრამი ხეჭრელის ფესვი. საღამოს აიღეთ აღნიშნული ნაკრების 20 გრამი, დაასხით 400 მილილიტრი ონკანის წყალი და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით 5-7 წუთის განმავლობაში ადუღეთ, გადმოდგით და 20 წუთი გააჩერეთ. მიღებული ნაყენი დღეში რამდენიმე მიღებაზე გადაანაწილეთ. მკურნალობის კურსი 1,5 თვეს გრძელდება. ამის შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ;
👉 ხახვი – 2 კილოგრამი ხახვი წვრილად დაჭერით და შეურიეთ 4 ჭიქა შაქრის ფხვნილი. ნარევი მოათავსეთ აირღუმელში ყვითელი ფერის სითხის წარმოქმნამდე. ღუმლიდან გამოღებული მასა მაქსიმალურად გაწურეთ დოლბანდში და მიირთვით თითო სადილის კოვზი დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი 4 თვეს გრძელდება.
თუ ღვიძლის ჰემანგიომა აღმოგაჩნდათ, უპირველესად, ერიდეთ ტრავმას. თუ პაციენტი სპორტის, მეტადრე – ტრავმული სპორტის მიმდევარია, ჩვენ მას ოპერაციამდე სპორტისთვის თავის დანებებას ვურჩევთ, რათა წარმონაქმნის გახეთქვა თავიდან ავიცილოთ. გახსოვდეთ, ჰემანგიომის გახეთქვა სახუმარო არ არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან