მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ ჩუტყვავილაზე

№51

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 28.12, 2023 წელი

ჩუტყვავილა
დაკოპირებულია

ჩუტყვავილა არის მწვავე ვირუსული ინფექცია. დაავადების გამომწვევია ჩუტყვავილა-ზოსტერის ვირუსი. ამ დროს მთელ სხეულზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც იწვევს ქავილს და თან ახლავს გაციების მსგავსი სიმპტომები. ვაქცინის წყალობით, დღესდღეობით ის ძალიან იშვიათია. ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა უკეთდებათ 12-15 თვის ბავშვებს და შემდგომ – 4-6 წლის ასაკში.

ნიშნები და სიმპტომები

ჩუტყვავილა იწყება კლასიკური გამონაყრის გარეშე, სიცხით, თავის ტკივილით, ყელის ან მუცლის ტკივილით. ეს სიმპტომები შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე დღე და სიცხე 38.3-38.8 გრადუსამდეც კი ავიდეს.

• თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება მუცელზე ან ზურგზე და სახეზე. შემდგომ კი თითქმის მთელ სხეულზე ვრცელდება. გამონაყარი არის წითელი და იწვევს ქავილს;

• გამონაყარი ჩნდება წითელი და პატარა ბორცვების სახით, რომლებიც მუწუკს ან მწერის ნაკბენს ჰგვანან. 2-4 დღის განმავლობაში მათი რაოდენობა თანდათან მატულობს, რომლებიც შემდეგ თხელკედლიან, სითხით სავსე ბუშტუკებად გარდაიქმნებიან. ბოლოს ბუშტუკები სკდება და ღია ჭრილობებს ტოვებს. საბოლოოდ, იქერცლება და ყავისფერ ფუფხს იკეთებს.

ჩუტყვავილა ძალიან გადამდები ინფექციაა. ის ვრცელდება როგორც ჰაერწვეთოვანი გზით (ხველა, დაცემინება), ასევე პირდაპირი კონტაქტით პაციენტის ლორწოსთან, ნერწყვთან ან დაავადებულის ბებერას სითხესთან. დაავადება გადამდებია გამონაყრის გამოჩენამდე 2 დღით ადრე, მანამ, სანამ ყველა ჭრილობა ფუფხს არ გაიკეთებს.

ჩუტყვავილას მკურნალობა

ჩუტყვავილას იწვევს ვირუსი, შესაბამისად, ანტიბიოტიკის მიღებას არანაირი აზრი არ აქვს. ანტიბიოტიკი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღია ჭრილობები ბაქტერიით დაინფიცირდება. ბავშვებში კი ეს საკმაოდ ხშირია, რადგან ისინი იფხანენ და კაწრავენ გამონაყარს.

ექიმმა შესაძლებელია, დანიშნოს სიმპტომური მკურნალობა. ზოგჯერ, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს უკვე აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები, ინიშნება ანტივირუსული წამლები.

ჩუტყვავილას პრევენციის საუკეთესო გზა მისი საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაა. ყველასთვის, მათ შორის ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის, თუკი მათ ჩუტყვავილა არასოდეს ჰქონიათ ან არ არიან წარსულში ვაქცინირებული, საჭიროა ორი დოზა.

ჩუტყვავილას ვაქცინები ძალიან ეფექტიანია დაავადების პრევენციის თვალსაზრისით, ამასთან უსაფრთხო. ვაქცინირებულ ადამიანთა უმეტესობას ჩუტყვავილა არ ემართება. თუკი ვაქცინირებულ ადამიანს ის მაინც შეხვდა, სიმპტომები, ძირითადად, მსუბუქია. დაავადება მიმდინარეობს მხოლოდ სიცხით, გამონაყრის გარეშე (ან, უბრალოდ, წითელი წერტილების სახით), ან დაბალი სიცხით, ან საერთოდ უსიცხოდ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა