რა უნდა ვიცოდეთ ჩაბჟირებაზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 03.01
ბავშვი ტირის ტკივილის, შიშის ან ბრაზის გამო. შუა ტირილში სუნთქვა ეკვრის, ფითრდება ან ლურჯდება და გონებას კარგავს. ეს ქცევის დარღვევა არ არის, უნებლიე მდგომარეობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ამ დროს საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს. ჩაბჟირება უმეტესად წუთზე ნაკლებ ხანს გრძელდება. ზოგჯერ ძალიან ჰგავს კრუნჩხვას, მაგრამ ტვინის ელექტროენცეფალოგრამაზე კრუნჩხვისთვის დამახასიათებელი სურათი არ ისახება, ამიტომ ბავშვს არ სჭირდება კრუნჩხვის სამკურნალო მედიკამენტების მიღება. ჩაბჟირება აღენიშნება ბავშვების 4-5%-ს, როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს.
პირველი ეპიზოდი, წესისამებრ, 6-დან 18 თვემდე ასაკში ვითარდება. 2 წლიდან მისი განვითარების რისკი თითქმის ნულის ტოლია. 7 წლისთვის ჩაბჟირების ეპიზოდები წყდება. ყოფილა შემთხვევები, ბავშვებს ჩაბჟირება დაბადებიდან მეორე-მესამე კვირას დასწყებიათ ან 4 წლისთვის შეწყვეტილა.
როგორ მიმდინარეობს
მტირალი ბავშვი უეცრად წყვეტს ხმების გამოშვებას, არადა, რომ შეხედავ, გგონია, ისევ ტირის. ეს განსხვავდება იმ მდგომარეობისგან, როდესაც ბავშვი განზრახ იკავებს სუნთქვას: ამ დროს ადამიანი ღრმად ჩაისუნთქავს და სუნთქვას მერე წყვეტს, ჩაბჟირებამდე კი ბავშვი არ ჩაისუნთქავს, პირიქით, ჰაერს გარეთ უშვებს.
იმის მიხედვით, ფითრდება ბავშვი ამ დროს თუ ლურჯდება, განასხვავებენ ჩაბჟირების ფერმკრთალ და ციანოზურ ეპიზოდებს. ციანოზური ეპიზოდები უფრო ხშირია. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს ორივე ტიპისთვის დამახასიათებელი ფერი ედება. ასეთ ეპიზოდებს შერეულს უწოდებენ.
ციანოზური ეპიზოდი უმეტესად მაშინ ვითარდება, როდესაც ბავშვი იმედგაცრუებულია ან ბრაზობს. ამ დროს ის ხმამაღლა იწყებს ტირილს, თხუთმეტიოდე წამში კი უეცრად ჩუმდება, სუნთქვას წყვეტს და ლურჯდება. ამას თითქმის ყოველთვის მოსდევს გონების დაკარგვა. ეს მდგომარეობა, დაახლოებით, ერთ წუთს გასტანს. მერე სუნთქვა თანდათან ხშირდება და ბოლოს მწყობრში დგება.
ფერმკრთალი ეპიზოდი უმეტესად გამოწვეულია უეცარი შიშით ან ტკივილით. მაგალითად, ბავშვმა შესაძლოა, სირბილის დროს ფეხი წამოჰკრას, წაიქცეს, თავი დაარტყას და ამის გამო ჩაბჟირდეს. ამ დროს ჩაბჟირებას იწვევს არა თავის ტრავმა, არამედ უეცარი ტკივილი, რომელსაც ბავშვი თავის დარტყმისას განიცდის. ეპიზოდი იწყება იმით, რომ ბავშვს სუნთქვა უხშირდება და ოდნავ წამოიტირებს. შესაძლოა, არც კი წამოიტიროს – პირი გააღოს, თითქოს ტირილს აპირებსო, მაგრამ ხმა არ გამოსცეს. თუ ატირდა, ესეც მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდება. შემდეგ ბავშვი ფერს კარგავს და გული მისდის. შესაძლოა, ამ დროს ოფლმაც დაასხას, გახევდეს, უნებლიეთ აამოძრაოს კიდურები ან მოშარდოს.
სხეულის გახევებასა და უნებლიე მოძრაობებს რეფლექსურ ანოქსიკურ კრუნჩხვებს უწოდებენ. ეს არ არის ეპილეფსიური კრუნჩხვები, თუმცაღა ძალიან ჰგავს. რეფლექსური ანოქსიკური კრუნჩხვები გამოწვეულია გულისცემისა და სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითებით, რის გამოც ტვინისთვის სისხლის მიწოდება ერთბაშად იკლებს.
რამდენად ხშირია ჩაბჟირება
სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვა სიხშირით ბჟირდება: ზოგი – დღეში რამდენჯერმე, ზოგი – წელიწადში ერთხელ. ჩაბჟირების ეპიზოდები თავდაპირველად შესაძლოა, კვირა ან თვეგამოშვებით განვითარდეს, მერე და მერე კი გახშირდეს და კვირაში 6-ამდეც კი ავიდეს. გახსოვდეთ: რა სიხშირითაც არ უნდა ბჟირდებოდეს ბავშვი, ეს მის ტვინს ზიანს არ მიაყენებს და არც ეპილეფსიის განვითარების რისკს გაზრდის. თითქმის ნულის ტოლია შანსი, ჩაბჟირება ბავშვის სიკვდილით დასრულდეს. სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია რამდენიმე მსგავსი შემთხვევა, თუმცა მიზეზი ყოველთვის თანმხლები დაავადება იყო, უმეტესად – გულისა ან ფილტვის.
გამომწვევი მიზეზები
ძლიერი სტრესი – ბრაზი, შიში, ტკივილი – ანელებს გულისცემას და აქვეითებს სისხლის წნევას, რასაც გონების დაკარგვამდე მივყავართ. ანემიური ბავშვები უფრო ხშირად ბჟირდებიან.
როგორ მოვიქცეთ ჩაბჟირების დროს ჩაბჟირებას მკურნალობა არ სჭირდება. რამდენიმე მარტივი წესის დაცვა საკმარისია:
* ჩაბჟირებულ ბავშვს თავი გულის დონეზე მაღლა არ უნდა ედოს, რათა ტვინისთვის სისხლის მიწოდება იოლად აღდგეს;
* გულწასულს ხელში ნუ აიყვანთ – იწვეს, სანამ გონს მოვა, უმჯობესია, გვერდზე. თუ ბავშვი სამ წუთზე მეტია უგონოდაა და არც სუნთქვა აღუდგება, ხელოვნური სუნთქვა უნდა ჩატარდეს;
* თუ ბავშვს ჩაბჟირების ეპიზოდი დღეში რამდენჯერმე უმეორდება და ეს გავლენას ახდენს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც ექიმმა შეიძლება დაუნიშნოს, რკინაა – განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ბავშვს ანემია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




