რა უნდა ვიცოდეთ ბროკოლის შესახებ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.08, 2023 წელი

ბროკოლი ჯანმრთელი კვების მსურველთა საყვარელი პროდუქტია. ყველაზე მეტი სასარგებლო ნივთიერებაა ახალგაზრდა ბროკოლიში. მისი შენახვა რეკომენდებულია მაცივარში. სინათლეზე ბევრი ნივთიერება ნადგურდება. მისი გაყინვა არ ახდენს გავლენას მის ქიმიურ შემადგენლობაზე, მაგრამ ბოსტნეულის განმეორებითი გაყინვა არ შეიძლება.
მიკროტალღურ ღუმელში მომზადებისას მისი სასარგებლო ნივთიერებების 80% იკარგება. ხარშვისას – ნახევარზე მეტი. ორთქლში ჩაშუშვისას მხოლოდ 5-6%. თუ გინდათ, ბროკოლიში შემავალი ძვირფასი ელემენტები უკლებლივ შეითვისოს ორგანიზმმა, ის უმად უნდა მიირთვათ.
მომზადების საუკეთესო მეთოდი ასეთია: დააქუცმაცეთ უმი ბროკოლი, რაც შეიძლება, წვრილად ხელით ან ჩოფერით და 30-60 წუთი დატოვეთ.
თუ უმს ვერ ჭამთ, ეცადეთ, ცეცხლზე მომზადების ხანგრძლივობა შეამციროთ, რათა სასარგებლო ელემენტებიც, ფერიც და არომატიც მაქსიმალურად შეინარჩუნოთ.
გემოთი ბროკოლი ყვავილოვან კომბოსტოს ჰგავს, მაგრამ უფრო პიკანტურია.
ბროკოლი ათავისუფლებს ორგანიზმს ზედმეტი ქოლესტერინისგან და ეხმარება სისხლძარღვების კედლების დაცვას. მასში შემავალი სულფარაფანი კი კლავს ზიანის მომტან ბაქტერიებს, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და ასევე, ეხმარება აღდგენაში.
ბროკოლი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები, ნერვული აშლილობები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, პოდაგრა.
სულფორაფანი ბროკოლს აძლევს მწვანე შეფერილობას და განაპირობებს მის მომწარო გემოს. სულფორაფანი ეფექტურად ებრძვის კუჭის წყლულის გამომწვევ ბაქტერიებს. ის ხელს უშლის მსხვილი ნაწლავის, ფილტვის, პროსტატისა და პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას.
ბროკოლიში შემავალი ორი ძირითადი კაროტენოიდი, ლუტეინი და ზეაქსანტინი, ამცირებს ასაკთან დაკავშირებული მხედველობის პრობლემების განვითარების რისკს. ეს მცენარე ბეტა-კაროტინსაც შეიცავს, რომელიც სხეულში A ვიტამინად გარდაიქმნება. შესაბამისად, A ვიტამინის დეფიციტის მქონე ადამიანებს, ბროკოლი შესაძლოა, მხედველობის გაუმჯობესებაში დაეხმაროს.
ბროკოლი კალციუმის შემადგენლობით ტოლს არ უდებს რძეს – 100 გრამ მოხარშულ კომბოსტოში არის 180 მილიგრამი კალციუმი მაშინ, როცა 100 გრამ რძეში მისი რაოდენობა 120 მილიგრამია; შეიცავს რკინის დღიური ნორმის 10%-ს (ნორმაა 18 მილიგრამი, ბროკოლი შეიცავს 1,8 მილიგრამს); შეიცავს C ვიტამინის თითქმის 100% დღიურ ნორმას (ნორმაა 90 მილიგრამი, ბროკოლი შეიცავს 89,2 მილიგრამს).
ბროკოლის სისტემატური გამოყენება აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას, ნაადრევ სიბერეს, მას ორგანიზმიდან გამოაქვს მძიმე ლითონების მარილები.
ბროკოლი აწესრიგებს სისხლში შაქრის შემცველობას. ის შეუცვლელი პროდუქტია პირველი და მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. მის შემცველობაში არსებული სულფორაფანი, რომელიც წარმატებით ებრძვის კიბოს, ასევე ასტაბილურებს შაქრის დონეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან