მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ ანგიოლიპომაზე

№11

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

ანგიოლოპომია
დაკოპირებულია

ლიპომა კანქვეშა წარმონაქმნების საკმაოდ გავრცელებული ტიპია. მისი განვითარება ცხიმოვანი უჯრედების ჭარბ გამრავლებას უკავშირდება, ამიტომ ხალხში ცხიმგროვად იცნობენ. ლიპომის ერთ-ერთი, შედარებით იშვიათი ფორმაა ანგიოლიპომა, რომელიც ცხიმოვან ქსოვილთან ერთად სისხლძარღვებსაც შეიცავს. ისიც, სხვა ლიპომების მსგავსად, კეთილთვისებიანია, თუმცა, მათგან განსხვავებით, ზოგჯერ ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს.

ანგიოლიპომა მცირე ზომის რბილი, კანქვეშა გამობერილობაა, რომლის დიამეტრი, ჩვეულებრივ, 4 სანტიმეტრზე ნაკლებია. ლიპომისგან მისი გარჩევა, ერთი შეხედვით, ძნელია, თუ მასში ხილული სისხლძარღვები არ არის. ანგიოლიპომა ხშირად სქესობრივი მომწიფების შემდეგ ჩნდება და ამიტომ, უმეტესად, 20-დან 30 წლამდე ასაკის პირებთან აღირიცხება, მაშინ, როდესაც ლიპომა უფრო გავრცელებულია შედარებით ასაკოვან, მაგალითად, 50-დან 70 წლამდე ასაკის ადამიანებთან.

განასხვავებენ ანგიოლიპომის ორ ტიპს – ინფილტრაციულს და არაინფილტრაციულს. ეს უკანასკნელი უფრო გავრცელებულია და კანში ღრმად არ არის შეჭრილი, ინფილტრაციული კი იშვიათია და ღრმად აღწევს კანში, კუნთებში, ცხიმოვან ან ფიბროზულ ქსოვილში. ჩვეულებისამებრ, უმტკივნეულოა, თუმცა ქსოვილებში ღრმად მდებარეობის გამო მათი მოცილება უფრო ძნელია. ანგიოლიპომა ჯანმრთელობის სხვა გართულებებს, წესისამებრ, არ იწვევს. ანგიოლიპომა შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე გაჩნდეს. ყველაზე ხშირად წინამხარზე, მხარსა და ტორსზე გვხვდება, იშვიათად – ფეხებზე, კისერზე, თავზე, სახესა და ხელის მტევნებზე. კიდევ უფრო იშვიათია ანგიოლიპომის განვითარება ღრმად მდებარე ქსოვილებში. მაგალითად, ხერხემალში. ხერხემლის ანგიოლიპომამ შესაძლოა გამოიწვიოს სისუსტე, ტკივილი, დაბუჟების შეგრძნება ან მოძრაობის გაძნელება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში განვითარებულმა – ტკივილი, სისხლდენა და ანემია, თუ საკმაოდ დიდი ზომისაა – ნაწლავების დახშობაც კი.

სხვა ლიპომებისგან განსხვავებით, ანგიოლიპომა მგრძნობელობით გამოირჩევა და ზოგჯერ მტკივნეულიც კია, თუმცა მის მფარავ კანს, ჩვეულებრივ, ჯანსაღი შესახედაობა აქვს, ზოგიერთისთვის კი ის მხოლოდ ესთეტიკური დისკომფორტია. ანგიოლიპომური გამობერილობისთვის დამახასიათებელია მრგვალი ან სფეროსებრი შესახედაობა, რომელიც შეხებით რბილია და ისინჯება როგორც ცომისებრი ან რეზინისებრი წარმონაქმნი, ადვილად მოძრავია და ზოგჯერ სხეულის სხვადასხვა უბანზეა განვითარებული.

ანგიოლიპომის უშუალო მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ზოგ შემთხვევაში ის უკავშირდება:

* გენეტიკურ განწყობას – თუ მშობელს ან და-ძმას ანგიოლიპომა აქვთ, მისი განვითარების ალბათობა მეტია;

* დაზიანებას – ანგიოლიპომა შესაძლოა, განვითარდეს ბლაგვი ტრავმის (მაგალითად, თუ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდით) ან მცირე განმეორებითი ტრავმების შემდეგ;

* ანტირეტროვირუსულ მკურნალობას – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება ზრდის ანგიოლიპომის განვითარების რისკს;

* დიაბეტს – დიაბეტის მქონე პირებს ანგიოლიპომის განვითარების რისკი სხვებთან შედარებით მეტი აქვთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი