რა უნდა ვიცოდეთ ანგინაზე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 09.11
ანგინა ასიდან სამოცდაათ შემთხვევაში გამოწვეულია ვირუსით, რომელიც ხშირად ხელს უწყობს ბაქტერიული ფლორის გააქტიურებას და ბაქტერიული ინფექციის ჩამოყალიბებას. უმწიფარი იმუნური სისტემის გამო ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ. მაგრამ რაც უფრო ხშირად ხდება ბავშვი ავად რესპირატორული ინფექციით, მით უფრო უკეთ იწვრთნება იმუნური სისტემა.
რაკი ანგინა უმეტესად ვირუსული ინფექციების მესამე-მეხუთე დღეს ვითარდება, ვირუსების აქტიურობის სეზონზე მისი სიხშირეც იმატებს.
მიკრობების განსაზღვრული შტამები ბავშვის ცხვირ-ხახაშიც არის, მაგრამ ისინი მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როდესაც ორგანიზმის იმუნიტეტი ქვეითდება, მაგალითად, ვირუსული ინფექციისას, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევისას. მშობლები ამას ხშირად გაციებას აბრალებენ.
ანგინა შეიძლება, რესპირატორული ინფექციის გამოვლინება იყოს, ვინაიდან ამ სისტემის პირველი რგოლი სწორედ ხახის ლორწოვანი და ტონზილებია, რომლებიც დარტყმას საკუთარ თავზე იღებენ. ყელის გაწითლება, ტემპერატურის მატება ინფექციის საპასუხო რეაქციაა. ეს კატარული ანგინაა. თუ პროცესში ბაქტერიული ფლორაც ჩაერთო, ყალიბდება ბაქტერიული ანგინა, იწყება ყელის ძლიერი ტკივილი, დიდდება კისრის ლიმფური კვანძები, ნუშურებზე ჩნდება ნადები, უმეტესად – თეთრი. ეს უკვე ფოლიკულური ანგინა გახლავთ. დაავადებას თან სდევს მაღალი ტემპერატურული რეაქცია – 38-39°C. ხშირია ინტოქსიკაციის მოვლენები: ზოგადი სისუსტე, ღებინება, ზოგჯერ მენინგიზმის სურათიც კი ვითარდება. ასეთ დროს ზოგადგამაჯანსაღებელ სიმპტომურ საშუალებებთან ერთად აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპია, მაგრამ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით – ანტიბიოტიკები თრგუნავენ იმუნურ პასუხს და ზრდიან ხელმეორედ დაავადების რისკს, ამიტომ საჭიროების გარეშე მათი დანიშვნა მხოლოდ ზიანის მომტანია.
სასურველია წოლითი რეჟიმი, სითხის უხვად მიღება, პირის ღრუს სანაცია შესასხურებლებით, ყელში გვირილის ნაყენის, სოდიანი წყლის, წყალში გაზავებული იოდინოლის (1:1) გამოვლება, ცხვირის გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით. ეს შინაც შეიძლება მოვამზადოთ – დანის წვერით აღებული მარილი გავხსნათ 100 მილილიტრ ანადუღარ წყალში. საკვები უნდა იყოს დანაწევრებული, თხიერი და თბილი, უმჯობესია მცენარეული პროდუქტი და რძის ნაწარმი.
ნუშურების ანთება შესაძლოა, ოტიტით – ყურის ანთებით გართულდეს. ყურის ტკივილის დროს ჩვილი უარს ამბობს ძუძუზე და ხმამაღლა ტირის. არსებობს რევმატული პროცესის ან თირკმლისმხრივი გართულებების განვითარების ალბათობა, ამიტომ სტრეპტოკოკული ანგინიდან მეათე-მეთოთხმეტე დღეს უნდა გაკეთდეს შარდის საერთო ანალიზი, რათა გამოირიცხოს თირკმლის ინფექცია, პიელონეფრიტი, ნეფრიტი. შედარებით მოზრდილ ასაკში შესაძლოა, განვითარდეს დანამატი ღრუების ანთებაც – ჰაიმორიტი ფრონტიტი და სხვა.
ნუშურების სიდიდე არ ნიშნავს, რომ ისინი ამოსაკვეთია, ვინაიდან ტონზილები, ისევე როგორც ადენოიდები, ასაკთან ერთად უმეტესად თვითონვე ატროფირდება. ასე რომ, მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს, როდის არის მიზანშეწონილი ოპერაციული მკურნალობა და როდის – არა.
თუ ბავშვი ხშირად ავადმყოფობს ანგინით ან უკვე გამოაჩნდა გულზე შუილი, მფრინავი ხასიათის ტკივილი სახსრებში, ცვლილებები საშარდე სისტემის მხრივ, ყურადღება უნდა მიექცეს სისხლში ანტი-ო-სტრეპტოლიზინის ტიტრს, C-რეაქტიულ ცილას. ამ და სხვა ტესტების მიხედვით ვადგენთ, რამდენად მწვავეა პროცესი, რამდენად სახიფათოა ტონზილები ბავშვისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ ტარდება ოპერაციული მკურნალობა.
ანგინა აუცილებლად გაიშვიათდება, თუ ბავშვს სწორად ვუმკურნალებთ. ასევე, მნიშვნელოვანია ვიტამინოთერაპია, რაციონალური კვება, გაკაჟება ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის – სპორტით. ყველაზე მარტივი ხერხია თბილ წყალში დასველებული პირსახოცით დაზელა და მასაჟი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან