მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ ალკოჰოლის აუტანლობის შესახებ

№3

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 27.01

ალკოჰოლი
დაკოპირებულია

ბევრისთვის ალკოჰოლის მიღება საშიში გართულებების საწინდარია. არსებობს მდგომარეობა, როცა ადამიანის ორგანიზმი ალკოჰოლიანი სასმლის მონელებას ვერ ახერხებს. ამ მდგომარეობას ალკოჰოლის აუტანლობა ჰქვია. ალკოჰოლის აუტანლობისას სასმლის მიღებისთანავე უსიამოვნო შეგრძნებები იჩენს თავს. ყველაზე გავრცელებული და მსუბუქი სიმპტომები სურდო და ცხვირის ღრუს დახშობაა.

ალკოჰოლის აუტანლობა გენეტიკურად არის განპირობებული და არ იკურნება. ამ დროს ორგანიზმი თანდაყოლილი დეფექტის გამო ვერ გამოიმუშავებს ფერმენტებს, რომლებიც სპირტის მოლეკულების დასაშლელად არის საჭირო. სმისგან თავის შეკავება უსიამოვნების თავიდან აცილების ერთადერთი გზაა.

ალკოჰოლის აუტანლობა ალერგია არ არის, თუმცა შესაძლოა, სასმლის დანამატებმა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, რომელიც ხშირად ალკოჰოლის აუტანლობაში ერევათ. არასასურველ რეაქციას იწვევს, ასევე, მედიკამენტებთან ერთად სასმლის მიღებაც.

ალკოჰოლის აუტანლობის ან სასმლის დანამატების მიმართ რეაქციის სიმპტომებია:

• სახის წამოწითლება;

• წითელი ამობურცულობა კანზე, რომელსაც თან ახლავს ქავილი;

• უკვე არსებული ასთმური მდგომარეობის გაუარესება;

• სურდო ან ცხვირის ღრუს დახშობა;

• არტერიული წნევის დაცემა;

• გულისრევა და ღებინება;

• ფაღარათი.

ერიდეთ ალკოჰოლიან სასმელებს. მსუბუქი რეაქციის დროს შესაძლოა, ეფექტური აღმოჩნდეს ანტიჰისტამინური მედიკამენტი. ძლიერი რეაქციისას – კანის ცვლილებების, პულსის შესუსტების, ღებინების, სუნთქვის გაძნელების დროს – კი სასწრაფო სამედიცინო ჩარევაა საჭირო.

მსუბუქი აუტანლობისა და სასმლის დანამატებზე რეაქციის დროს ექიმის დახმარება შესაძლოა, არც კი დაგჭირდეთ. ამ დროს საკმარისია სასმლისგან თავის შეკავება, მისი ოდენობის შემცირება ან განსაზღვრული ტიპის სასმელების ნაკლები ოდენობით მიღება. თუ სიმპტომები მკვეთრია, მაგალითად, უჩივით ძლიერ ტკივილს ან ვარაუდობთ, რომ ისინი ალერგიით ან რომელიმე მედიკამენტთან სასმლის ურთიერთქმედებითაა განპირობებული, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ალკოჰოლის აუტანლობის ან სასმლის დანამატისადმი ალერგიული რეაქციის დროს მოსალოდნელია:

• შაკიკის შეტევა - სავარაუდო მიზეზი ზოგიერთ ალკოჰოლურ სასმელში ჰისტამინის არსებობაა. გარდა ამისა, იმუნური სისტემა ჰისტამინს თვითონვე გამოყოფს ალერგიული რეაქციის დროს;

• ძლიერი ალერგიული რეაქცია - ის შესაძლოა გამოიხატოს სიცოცხლისთვის საშიში ფორმით – ანაფილაქსიური შოკით, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

თუ ალერგიული ხართ რომელიმე საკვების მიმართ, აუცილებლად გაიკეთეთ სპეციალური სამაჯური, რომ გარშემო მყოფები ინფორმირებულნი იყვნენ. გაითვალისწინეთ: ძლიერი ალერგიული რეაქციის დროს ავადმყოფთან კომუნიკაცია ზოგჯერ შეუძლებელია, მის გადასარჩენად კი აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო ჩარევა. ასეთ დროს სამაჯურზე მითითებული ინფორმაცია ექიმს სწორი ტაქტიკის სწრაფად შერჩევაში დაეხმარება. ექიმთან აუცილებლად გაარკვიეთ ისიც, ხომ არ აჯობებს, თან ატაროთ ადრენალინის აუტოსაინექციო ფორმა, რომელიც მძიმე ალერგიული რეაქციის დროს გადარჩენის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა.

ალკოჰოლიანი სასმლის შეძენის დროს ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი და გაარკვიეთ სასმლის შემადგენლობა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სულფიტებსა და ზოგიერთ მარცვლეულს. ფრთხილად იყავით – შესაძლოა, ეტიკეტზე ყველა ინგრედიენტი არ იყოს მითითებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული