რა უნდა იცოდნენ ორსულებმა ალერგიის შესახებ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 12.04

ორსულობასთან ალერგიის თანხვედრა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქრონიკული დაავადებისა, არ არის სახარბიელო, თუმცა ალერგია ორსულობის უკუჩვენებად არ მიიჩნევა. მომავალი დედის ორგანიზმში იმატებს ჰორმონ კორტიზოლის დონე, რომელსაც ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. ამიტომ არის, რომ ორსულებთან ალერგიული რეაქცია იშვიათი და მსუბუქია. ისეთმა სერიოზულმა დაავადებებმაც კი, როგორიც არის ბრონქული ასთმა და ჭინჭრის ციება, ორსულობის პერიოდში შესაძლოა, საერთოდ არ იჩინოს თავი. მშობიარობის შემდეგ კი კორტიზოლის რაოდენობა თანდათან პირვანდელ დონეს უბრუნდება და ალერგიული დაავადებაც ჩვეულ სახეს იღებს.
თუ პირველი ორსულობისას ალერგიამ თავი საერთოდ არ შეგახსენათ, შესაძლოა, მომდევნო ორსულობებმაც მშვიდად ჩაიაროს. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ორსულობისას ალერგია ადრინდელზე მძაფრად გამოვლინდეს. ეს გამოწვეულია ქალის იმუნურ სისტემაში მიმდინარე ფიზიოლოგიური ძვრებით და, ამის კვალობაზე, უკვე ცნობილ ან ახალ, ორგანიზმისთვის უცნობ ალერგენებზე უფრო აქტიური რეაქციით.
თუ პაციენტს ალერგიული დაავადება აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, მისი სიმპტომები ორსულობის დაგეგმვამდე დასტაბილურდეს, რათა ქალი უსიმპტომოდ შეხვდეს ორსულობას და მინიმალური მედიკამენტური ჩარევა დასჭირდეს. თუ ალერგია სეზონურია, უმჯობესია, ორსულობის პერიოდი მცენარეთა ყვავილობის ფაზას არ დავამთხვიოთ, თუმცა ეს არ არის იოლი, რადგან ორსულობა ხანგრძლივი პროცესია.
ალერგიული დაავადების მართვის პირველი ნაბიჯი ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტაა. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორსულობისას იძენს, რათა სისტემური მოქმედების მედიკამენტების გამოყენება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.
ქალებს, რომლებსაც ალერგიული დაავადება აქვთ, ორსულობამდე გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეთ კანის სინჯებით, პროვოკაციული ტესტებით და სხვა, განსაკუთრებით – ქალებს, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგია იმ მედიკამენტების მიმართ, რომელთა გამოყენება შესაძლოა ორსულობის პერიოდში გახდეს საჭირო. წარსულში გადატანილი ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევაში საჭიროა დადგინდეს მიზეზი, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი დედისა და ნაყოფისთვის სახიფათო მდგომარეობის ხელახლა განვითარების რისკი.
ალერგიის პირველი გამოვლენა ნებისმიერ პერიოდშია შესაძლებელი, მათ შორის – ორსულობის დროსაც, ამიტომ სასურველია, ორსულმა მაქსიმალურად აარიდოს თავი ალერგენებთან კონტაქტს, ხშირად დაიმუშაოს ცხვირის ღრუ ფიზიოლოგიური ან ზღვის მარილის შემცველი ხსნარით, ერიდოს ქარიან ამინდში გარეთ გასვლას. ამასთან ერთად, აუცილებელია საცხოვრებელ გარემოში სისუფთავის შენარჩუნება, იატაკის, ავეჯის ზედაპირის სველი წესით დამუშავება.
ალერგია, როგორც პროცესი, გავლენას არ ახდენს არც ორსულობაზე და არც ნაყოფზე, თუმცა მისმა შედეგებმა და ფარმაკოლოგიურმა მკურნალობამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს. მაგალითად, ხანგრძლივად მიმდინარე, უკონტროლო ალერგიული რინიტი, როდესაც ცხვირის ლორწოვანი შეშუპებულია, სუნთქვა კი გაძნელებული და ორსული მუდმივად განიცდის ჟანგბადის უკმარისობას, არასასურველია როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის, ამიტომ ინიშნება არაფარმაკოლოგიური მკურნალობა, ხოლო საჭიროებისამებრ – ადგილობრივი მედიკამენტებიც, რომელთა უსაფრთხოება კვლევებით არის დადასტურებული.
კანი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები – თმა, ფრჩხილები და ლორწოვანი – ორსულობისას ცვლილებებს განიცდის. არსებობს უშუალოდ ორსულობით გამოწვეული ალერგიის მსგავსი ჩივილები, რომელთა გამო ქალი შესაძლოა, ალერგოლოგთან მოხვდეს. ესენია გამონაყარი, ქავილი და რინიტი.
ორსულთა 20%-თან გამონაყრის გარეშე გამოვლენილი ქავილი შესაძლოა, ფიზიოლოგიური იყოს. ის, ძირითადად, თავის კანს, ანუსს, ვულვას, მესამე ტრიმესტრში კი მუცლის არეს მოიცავს. დამატენიანებელი აბაზანები და მზის სხივები სიმპტომებს ხსნის და მდგომარეობას აუმჯობესებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან