მედიცინა

რა უნდა გავითვალისწინოთ ენტეროვირუსთან გასამკლავებლად

№33

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 28.08, 2021 წელი

ენტეროვირუსი
დაკოპირებულია

ენტეროვირუსულ ინფექციას საინკუბაციო პერიოდი ხანმოკლე აქვს – 4 დღე, თუმცა არ არის გამორიცხული, 10 დღეც გაგრძელდეს. დასაწყისი ყოველთვის მწვავეა – ტემპერატურა ერთბაშად იწევს 38-39 გრადუსამდე, დაავადებულს ამცივნებს, გული ერევა, აღებინებს, დღეში რამდენჯერმე, მუცელი შებერილი აქვს და სტკივა, ნაწლავთა მოქმედება გახშირებულია და თხიერი წყლისებური მასებით, დღეში 6-8-ს აღწევს. ენტეროვირუსული ინფექციის დასაწყისში ბევრ ბავშვს უწითლდება სახე და კისერი, ხელისა და ფეხის თითებზე უჩნდება გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად კვანძოვანია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში კი 1-3 მილიმეტრის დიამეტრის, წითელი არშიით გარშემორტყმულ ბუშტუკებად გადაიქცევა. ასეთივე ელემენტები შეინიშნება პირის ღრუს ლორწოვანზე. პატარას უჭირს წოვა, წრიალებს, ჭირვეულობს, ტირის. არცთუ იშვიათად გამონაყარი მთელ სხეულს ედება, აქვს წვრილწინწკლოვანი, ლაქოვანი ან მინიჩაქცევების ხასიათი, რაც 1-2 დღე გრძელდება და უკვალოდ ქრება.

დაავადების პირველ ხანებში, როცა პატარას შემაწუხებელი სიმპტომები და მაღალი სიცხე აქვს, მისი კვება შეუძლებელია და არც არის საჭირო. გამოტოვეთ ერთი კვება – პირღებინების შემდეგ კუჭის ლორწოვანი გარსი გაღიზიანებულია, ამიტომ უმჯობესია, მივცეთ მას 4-6 საათით განტვირთვის საშუალება. ამ პერიოდში ბავშვს აქტიურად ჩავუტაროთ რეჰიდრატაცია – დავტვირთოთ ელექტროლიტების ხსნარით. განტვირთვის შემდეგ შეგიძლიათ, მისი კვება ჩვეულებრივ განაგრძოთ: ჩვილს, თუ ის ბუნებრივ კვებაზეა, მოაწოვოთ ძუძუ, თუ ხელოვნურზე – მისცეთ რძემჟავა ნარევი. ბავშვს აჭამეთ ჩვეულებრივზე ნაკლები და ჩვეულებრივზე ხშირად. გარდა სპეციალიზებული ნარევებისა, შეგიძლიათ მისცეთ ურძეო ფაფები, ხაჭო, მოხარშული ხორცი ნახარშის გარეშე – თუ ყოველივე ამას ავად გახდომამდეც იღებდა, ხილიდან კი – ბანანი.

5-7 დღის შემდეგ, როდესაც სრული გამოჯანმრთელება დაიწყება, შეიძლება, დაუბრუნდეთ კვების ჩვეულ რეჟიმს. ერთადერთი შეზღუდვა ნახშირწყლებსა და ცხიმებს ეხება. რაციონიდან ორი კვირით ამოიღეთ ძროხის ცხიმიანი რძე, არაჟანი, კარაქი, დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი ტკბილეული. თუ ბავშვი ავადმყოფობის შემდეგ გახდა, დაკარგა მადა, კვებეთ ხშირად, მაგრამ მცირე ულუფებით. ნუ დააძალებთ იმაზე მეტს, ვიდრე ითხოვს – ამან შესაძლოა, პირღებინების პროვოცირება გამოიწვიოს.

გახსოვდეთ, რომ ავადობა პიკს ზაფხულსა და შემოდგომაზე აღწევს. სამ თვემდე ბავშვები, დედის ორგანიზმიდან პლაცენტური გზით მიღებული ანტისხეულების წყალობით, იშვიათად ავადდებიან, თუმცა არსებობს სახიფათო გამონაკლისებიც.

ჩვილი ვირუსებისგან რომ დაიცვათ, პირველ თვეებში უნდა შეუქმნათ კარანტინთან მიახლოებული პირობები – მასთან მიუშვათ მხოლოდ ოჯახის ჯანმრთელი წევრები, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქუჩიდან შემოსვლის შემდეგ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს გამოიცვლიან და ხელებს დაიბანენ.

ეცადეთ, პატარა ძუძუდან ზაფხულში არ მოიწყვიტოთ – დედის რძეში შემავალი ანტისხეულები მას ენტეროვირუსული ინფექციისგან დაიცავს. ნუ წაიყვანთ ახალშობილს დასასვენებლად შორს. გზაში და ახალ გარემოში ინფიცირების ალბათობა მეტია. თუ გამგზავრებას მაინც გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ჩვეულებრივ ონკანის წყალში ვირუსი დიდხანს ცოცხლობს, ამიტომ სანამ ამ წყლით საკვებს მოამზადებთ, გადაადუღეთ. ბავშვისთვის კი უმჯობესია, ახალ გარემოსთან შეგუებამდე, წყალი შეიძინოთ.

უფროსებმა კი ამ დაავადების თავიდან ასარიდებლად, გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ღონისძიებები: ჭამის წინ ხელები დავიბანოთ. მკურნალობის მთავარი მიმართულება ისაა, რომ გაუწყლოება აიცილოთ თავიდან, ამისთვის კი, რაც შეიძლება, ბევრი სითხე მიიღეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი