მედიცინა

რა უნდა გაითვალისწინოთ მშობიარობის შემდეგ კოსმეტიკური პროცედურების დროს

№52

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 10.01

მშობიარობის შემდგომ
დაკოპირებულია

მშობიარობის შემდეგ ბევრ ქალს აქვს განსაკუთრებული სურვილი, მიმართოს იმ კოსმეტიკურ პროცედურებს, რომელთა ჩატარების შესაძლებლობაც ორსულობისას არ ჰქონდა.

რა შეიძლება და რა არა ძუძუთი კვების დროს?

სოლარიუმი და მზეზე გარუჯვა

არ არსებობს კვლევები, რომლებიც დაადასტურებდა ან უარყოფდა რუჯის არასასურველ გავლენას დედის რძეზე, ასე რომ, შეგიძლიათ, მშვიდად გაირუჯოთ, ოღონდ მზის დაბალი აქტივობის საათებში და მხოლოდ და მხოლოდ ძუძუთი კვებისას ნებადართული დამცავი კრემის გამოყენებით. არ დაგავიწყდეთ კრემის ჩამობანა ბავშვის კვების წინ.

ბოლო დროს სოლარიუმს უფრო და უფრო ნაკლები მომხმარებელი ჰყავს, რადგან კანისა და, საზოგადოდ, ორგანიზმისთვის მის მიერ მიყენებულ ზიანს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხედავს. დედის რძეზე სოლარიუმის მავნე გავლენა არ დასტურდება, მაგრამ მაშინ, როდესაც დედის მკერდი ისედაც ძალზე მგრძნობიარეა და ნებისმიერ დროს შეიძლება სარძევე ჯირკვლებში რძე ჩაგროვდეს, გამაგრდეს, დაიწყოს ანთება, მისი ზედმეტად გადახურება ნამდვილად არ არის სასურველი.

ლაზერული ეპილაცია

ლაზერული ეპილაცია არასასურველი თმის მოცილების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. ლაქტაციის პერიოდში მისი უვნებლობის შესახებ ინფორმაცია მწირია, ექიმების აზრი კი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ საკმარისია, არ გაიკეთოთ ლაზერული ეპილაცია ძუძუზე და ძუძუსთავის გარშემო – სხეულის სხვა უბნებზე თამამად შეგიძლიათ პროცედურის ჩატარება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ლაზერული ეპილაცია მაინც შეიცავს გარკვეულ რისკს მეძუძური დედის ისედაც დასუსტებული და გამოფიტული ორგანიზმისთვის, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში ამ პროცედურისგან თავის შეკავებას გვირჩევენ. საბოლოო ჯამში, თავად უნდა გადაწყვიტოთ რა გიღირთ და რა – არა, გაანაწილოთ პრიორიტეტები, პირველ ადგილზე დააყენოთ შვილი, რომლის ჯანმრთელობაც დიდწილად თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ არც საკუთარი თავი და სურვილები დაივიწყოთ, არ მოექცეთ საზოგადოების წნეხის ქვეშ. ძნელია, მაგრამ დროთა განმავლობაში პრიორიტეტების სწორად განაწილებას ისწავლით და მშვიდად განაგრძობთ ბავშვის კვებას.

ფილერი და ბოტოქსი

ნაოჭების საწინააღმდეგო პრეპარატების დოზები, რომლებიც გამოიყენება ამ კოსმეტიკური პროცედურების დროს, ძალიან მცირეა, შესაბამისად, მიზერულია მათი სისტემურად შეწოვის რისკი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ლაქტაციის პერიოდში ამ ნივთიერებების გავლენის შესასწავლად კვლევები თითქმის არ ჩატარებულა, შესაბამისად, არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რათა ვამტკიცოთ, რომ ეს პროცედურები უსაფრთხოა პატარასთვის, რომელიც ძუძუთი იკვებება, ამიტომ თუ ლაქტაციის პერიოდში ფილერის ან ბოტოქსის შეყვანას გადაწყვეტთ, პროცედურის შემდეგ, სულ მცირე, ორი საათი ბავშვს ძუძუ არ მოაწოვოთ. თუ შესაძლებელია, რძე გამოიწველეთ და ახლის ჩადგომას დაელოდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი