რა შემთხვევაში არ შეიძლება ოტრივინის მოხმარება და როგორია მისი გვერდითი ეფექტები?
ავტორი: ეკო ტატულაშვილი 17:41 09.06

ნაზალური პრეპარატი ოტრივინი ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების მოხსნის მიზნით გამოიყენება. უფრო კონკრეტულად, მიზანშეწონილია გაციების, სინუსიტის, ალერგიული რინიტისა და მსგავსი მდგომარეობების დროს. თუმცა მისი ხანგრძლივად ან ზედმეტი დოზებით გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება ან ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანება.
გარდა ხანგრძლივი და ზედმეტი დოზებით გამოყენებისა, ოტრივინს, როგორც სხვა ნებისმიერ მედიკამენტს, გარკვეული შეზღუდვები ახლავს თან. სტატიაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ — თუ როდის არ შეიძლება ოტრივინის მოხმარება ან რა პოტენციური გვერდითი ეფექტებია გასათვალისწინებელი.
მაგალითად, თუ პაციენტს აქვს ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა ოტრივინის აქტიური ნივთიერების (ქსილომეტაზოლინი) ან სხვა კომპონენტების მიმართ, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ამასთან, ოტრივინის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ჩაუტარდათ ჰიპოფიზის ტრანსფენოიდალური მოცილება (ან ტრანსნაზალური ან ტრანსორალური ქირურგიული ჩარევა ტვინის მაგარი გარსის გაშიშვლებით); ან აღენიშნებათ შემდეგი მდგომარეობები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, დახურულკუთხოვანი გლაუკომა (როდესაც თვალის ფერადი გარსი სადრენაჟო სისტემას ბლოკავს), ატროფიული რინიტი, მშრალი რინიტი.
აღსანიშნავია, რომ სისხლძარღვთა შემავიწროებელი თვისებების გამო, ორსულობის პერიოდში ოტრივინი არ უნდა გამოიყენოთ. გარდა ამისა, არ არის ცნობილი, გადადის თუ არა ქსილომეტაზოლინი დედის რძეში, ამიტომ ამ მედიკამენტის ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის შესაძლებელი.
რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს პრეპარატს?
რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, მათი ჩამონათვალი ასეთია:
● ყელისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე და გაღიზიანება — ქსილომეტაზოლინის ხშირმა და/ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, წვის შეგრძნება, დისკომფორტი, მედიკამენტოზური რინიტი;
● თავის ტკივილი — ასევე, ხშირად პაციენტებში, ოტრივინის გამოყენების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი;
● გულისრევა — რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, პაციენტებს ღებინება აღენიშნებოდეს;
● გულისცემის დარღვევა — ოტრივინმა შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული ან მომატებული გულისცემა, არითმია, ჰიპერტონია, რაც უკავშირდება პრეპარატის გავლენას სისხლძარღვებზე;
● ალერგიული რეაქციები — იშვიათ შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა გამონაყარი, ქავილი, ან ანგიონევროზული შეშუპება;
● მხედველობის დროებითი გაუარესება — ეს ძალიან იშვიათი და ხანმოკლე გვერდითი ეფექტია.
ნებისმიერ შემთხვევაში, რეკომენდებულია კონსულტაცია ექიმთან. ამასთან, მედიკამენტი 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ უნდა გამოიყენოთ, რადგან შესაძლოა ხანგრძლივი გამოყენების შედეგი მედიკამენტოზური რინიტი იყოს.
გაითვალისწინეთ, რომ ქსილომეტაზოლინის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები (მაგ., ძილიანობა, კომა) ჰიპერტონია ან ჰიპოტონია, ტაქიკარდია და ბრადიკარდია, ასევე გულისრევა, ღებინება, სიფერმკრთალე, ჭარბი ოფლიანობა, ჰიპოთერმია, გუგის შევიწროება, სუნთქვის დათრგუნვა, ატაქსია და შფოთვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან