რა შეიძლება გახდეს უშვილობის მიზეზი და როდის უნდა მიმართოთ ექიმს
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 06.04, 2023 წელი

თანამედროვე მიდგომით: თუ ქალი, რომელსაც რეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვს და ერთი წლის განმავლობაში არ დაორსულდა, მას უშვილობის დიაგნოზი ესმება. იმის გამო, რომ ასაკის მატებასთან ერთად ქალის ნაყოფიერებაც მცირდება, ექიმები 35 წლის და ამაზე უფროსი ასაკის ქალებს ურჩევენ, მკურნალობა უკვე ექვსთვიანი სქესობრივი ცხოვრების შემდეგ დაიწყონ.
შთამომავლობის დასატოვებლად მამაკაცს ჯანსაღი სპერმა უნდა ჰქონდეს. საღი სპერმატოზოიდების წარმოსაქმნელად ერთი სათესლე ჯირკვალი მაინც უნდა ფუნქციობდეს სათანადოდ. ორგანიზმი უნდა წარმოქმნიდეს ტესტოსტერონს და სხვა ჰორმონებს, რომლებიც აუცილებელია სპერმატოზოიდების გამომუშავებისთვის.
თუ დრო გადის, მაგრამ პარტნიორი არ ორსულდება, მამაკაცმა უნდა მიმართოს ექიმს, როდესაც:
👉აღენიშნება ერექციის, ეაკულაციის ან სქესობრივ აქტთან დაკავშირებული სხვა პრობლემა, შემცირებული აქვს სექსუალური ლტოლვა;
👉აწუხებს ტკივილი, დისკომფორტი, შემკვრივება ან შეშუპება სათესლე ჯირკვლის არეში;
👉ადრეც ჰქონია სათესლე ჯირკვლის ან პროსტატის დაავადება ან სექსუალური დარღვევა;
👉გადატანილი აქვს საზარდულის, სათესლე ჯირკვლის, ასოს ან სათესლე პარკის ოპერაცია;
👉პარტნიორი 35 წელს გადაცილებულია.
რისკის ფაქტორები
მამაკაცის უნაყოფობის რისკს ზრდის:
👉ასაკი – 40 წელს გადაცილებულ მამკაცებს ახალგაზრდებთან შედარებით უჭირთ ნაყოფის ჩასახვა;
👉 ჭარბი წონა, სიმსუქნე;
👉 მოწევა;
👉ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
👉მარიხუანას მოხმარება;
👉ტესტოსტერონის დამატებითი მიღება – არ აქვს მნიშვნელობა, ტესტოსტერონის პრეპარატი ექიმმა გამოწერა ჩვენებისამებრ თუ მამაკაცი თვითნებურად იღებს მას კუნთების მასის გაზრდის მიზნით;
👉რადიაციის ზემოქმედება;
👉სათესლე ჯირკვლებზე მაღალი ტემპერატურის ხშირი ზემოქმედება (ეტლში ჯდომა, საუნით ხშირი სარგებლობა, ცხელი აბაზანის ხშირი მიღება);
👉ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ფლუტამიდი, ციპროტერონი, ბიკალუტამიდი, სპირონოლაქტონი, კეტოკონაზოლი, ციმეტიდინი;
👉 გარემოში არსებული ტოქსინების ზემოქმედება.
ქალებისთვის რისკის ფაქტორებია:
👉ასაკი – ასაკის მატებასთან ერთად ქალის სხეულში კვერცხუჯრედების რაოდენობა და ხარისხი იკლებს; რთულდება ჩასახვა და იზრდება სპონტანური აბორტების რისკი;
👉მოწევა – საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს მილების დაზიანებასთან ერთად, მოწევა ზრდის მუცლის მოშლისა და ექტოპიური ორსულობის რისკს, აბერებს საკვერცხეებს და ნაადრევად ფიტავს კვერცხუჯრედებს;
👉წონა – ჭარბმა წონამ, ისევე როგორც წონის მნიშვნელოვანმა დეფიციტმა, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ოვულაციაზე.
👉მიმდინარე ან გადატანილი სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია – ქლამიდიამ და გონოკოკმა შესაძლოა, ფალოპის მილები დააზიანოს. მრავალ პარტნიორთან დაუცველი სექსი ზრდის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის რისკს, რამაც მოგვიანებით შეიძლება, ნაყოფიერების პრობლემები გამოიწვიოს;
👉ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან