მედიცინა

რა საფრთხის წინაშე გვაყენებენ კოღოები

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 13.05, 2022 წელი

კოღო
დაკოპირებულია

კოღოები გარდა უსიამოვნო ხმისა და კბენისა, კანზე ტოვებენ კვალს და შესაძლებელია, სხვადასხვა დაავადების გადამტანებიც აღმოჩნდნენ. საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ეგზოტიკურ ქვეყანაში მოგზაურობის დაგეგმვისას, უნდა გავიგოთ რომელი დაავადებები შეიძლება, მივიღოთ კოღოებისგან და ჩავიტაროთ პროფილაქტიკური ვაქცინაცია. გაითვალისწინეთ, რომ ოთახის ყვავილებს საკმაოდ მძაფრი სუნი აქვთ, რაც კოღოებს აღიზიანებთ. დადგით ყვავილები ფანჯრის რაფაზე და კოღოები აღარ შემოვლენ. კოღოებს არ მოსწონთ დამწვარი გირჩის სუნიც. ასევე, ნივრის სუნი. შესაბამის სეზონზე კი უნდა გამოვიყენოთ არასპეციფიკური დაცვის საშუალებები – მწერების საწინააღმდეგო ბადეები, ფუმიგატორები და სპეციალური სპრეები, რომლებიც აფრთხობს კოღოებს. ენდემურ რაიონებში მგზავრობისას, დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლინებისთანავე, საჭიროა მივმართოთ ექიმს.

მალარია

ეს დაავადება საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. მალარიით ადამიანი ავადდება ანოფელესის გვარის ინფიცირებული მწერის ნაკბენით. მალარიის ნიშნებია: სხეულის ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი და შემცივნება. აღნიშნული სიმპტომები ვლინდება კბენიდან დაახლოებით ორ კვირაში ან შესაძლოა, უფრო ადრეც. ამასთან, სპეციალისტების თქმით, ინკუბაციური პერიოდი შეიძლება, რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია, რომ დაავადება რთული სადიაგნოსტიკოა და საჭიროა შესაბამისი მკურნალობის დაწყება დასნებოვნებიდან პირველ 24 საათში.

ყვითელი ცხელება

პირველი სიმპტომები ვლინდება ინფიცირებიდან 3-4 დღეში. პირველ სტადიაზე შეიძლება, გამოვლინდეს ისეთი ნიშნები, როგორიცაა: სხეულის ტემპერატურის მომატება, კუნთებისა და თავის ტკივილი, შემცივნება, მადის დაქვეითება, გულისრევა და ღებინება. 3-4 დღის შემდეგ შესაძლოა, ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ნორმას დაუბრუნდეს. თუ დაავადება ტოქსიკურ სტადიაში გადავა – იზრდება ტემპერატურა, ვლინდება სიყვითლე და სისხლდენა. ტოქსიკურ ფაზაში, დაავადებულთა ნახევარი იღუპება რამდენიმე კვირაში. ამ დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური თერაპია არ არსებობს. სამაგიეროდ არის ვაქცინა, რომლის გაკეთებასაც ურჩევენ მოგზაურებს ეგზოტიკურ ქვეყნებში გამგზავრების წინ.

დენგეს დაავადება

მისი გამომწვევია თანამოსახელე ვირუსი. ამასთან არსებობს 4 სეროტიპი, რაც იმას ნიშნავს, რომ დასნებოვნება შესაძლებელია ოთხჯერ. არის დაავადების ისეთი ვარიანტი, როგორიცაა მძიმე დენგე, რომელიც იწვევს გართულებებსა და სიკვდილს. დენგემ შეიძლება გამოიწვიოს გრიპისმაგვარი მდგომარეობა. სპეციფიკური თერაპია არ არსებობს. მაგრამ დაავადების გადატანის შემდეგ, იმუნიტეტი რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში. დენგეს დაავადების სიმპტომებია: თავის ძლიერი ტკივილი, თვალების, კუნთების, სახსრების ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ლიმფური ჯირკვლების შესიება, გამონაყარი.

ზიკას ცხელება

ინფიცირების ნიშნებია: ზოგადი სისუსტე, ტემპერატურის მომატება, გამონაყარი, კონიუნქტივიტი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ზიკას ცხელების ერთ-ერთ გართულებად ასახელებენ გიიენ-ბარეს სინდრომს. მისთვის დამახასიათებელია ქვედა კიდურების ნაწილობრივი დამბლა, რომელიც შესაძლოა რამდენიმე საათში ხელებზე და სხეულის სხვა კუნთებზეც გავრცელდეს. არ არის გამორიცხული, ამან სუნთქვის ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს, რის შედეგადაც ადამიანი შეიძლება, დაიხრჩოს. ზოგჯერ დამბლა მთელი ცხოვრება რჩება.

დიროფილარიოზი

პრობლემა ვითარდება კანქვეშა უჯრედისში, ასევე ლორწოვანზე და კონიუნქტივაზე. პათოლოგია გამოირჩევა ნელი მიმდინარეობითა და ხანგრძლივი განვითარებით. დაავადების დასაწყისზე შეიძლება მიუთითებდეს კანზე წარმოქმნილი შესქელება, რომლის ქვეშაც იმალება მზარდი მატლი. ამასთან მატლს შეუძლია მიგრირება და დღე-ღამეში 30 სანტიმეტრით გადაადგილება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი