მედიცინა

რა ოპერაცია დანერგა ნიკა ხუნჯგურუამ ამიერკავკასიაში და რა შემთხვევაშია საჭირო ღეროვანი უჯრედების გადანერგვა

№13

ავტორი: „თბილისელები“ 00:16 31.03

ნიკა ხუნჯგურუა
დაკოპირებულია

ახალგაზრდა, წარმატებული ორთოპედ-ტრავმატოლოგის, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ორთოპედ-ტრავმატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის – ნიკა ხუნჯგურუას სახელს უაკავშირდება ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ოპერაციების დანერგვა ამიერკავკასიაში და უამრავი პაციენტის უკეთესობისკენ შეცვლილი ცხოვრება. რას გულისხმობს ეს ოპერაციები, რა შედეგები აქვთ და რა გზა გაიარა ნიკა ექიმმა წარმატებულ სამედიცინო კარიერამდე – ამის შესახებ თავად გვესაუბრა.

– ბატონო ნიკა, რა გზა გაიარეთ, სანამ წარმატებულ სამედიცინო კარიერას შეიქმნიდით?

ნიკა ხუნჯგურუა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დავამთავრე,

კიევში გავიარე ორწლიანი ორდინატურა, რის შემდგომაც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვმუშაობდი პოლონეთში, სადაც ჩემი ძირითადი მიმართულება სპორტული მედიცინა–ართროსკოპია და ჯვარედინა იოგების პლასტიკა-აღდგენა იყო.

– საქართველოში როდის დაბრუნდით და აქ რომელ კლინიკებთან დაიწყეთ თანამშრომლობა?

– 2011–2015 წლებში, პერიოდულად, ჩამოვდიოდი საქართველოში და ვმუშაობდი ორთოპედ–ტრავმატოლოგ მერაბ კაპანაძესთან, რომელიც ძალიან კარგი პროფესიონალია და ჩვენი მეგობრობა და კოლეგიური კავშირი დღემდე აქტიურად გრძელდება. საქართველოში ჩემი პირველი სამსახური „ავერსის“ კლინიკა იყო, სადაც, ასევე, მერაბ ექიმის ინიციატივით მოვხვდი, ამის შემდგომ ისევ ერთად ვმუშაობდით „ნიუ ჰოსპიტალსსა“ და ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში.

– ტატიშვილის სამედიცინო ცენტრთან რა პერიოდიდან თანამშრომლობთ?

– 2016 წლიდან დღემდე დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში ვმუშაობ და ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ. ჩვენთან ძირითადი მომართვიანობა სპორტული მედიცინის განხრითაა, რადგან ჩვენი კლინიკა ნაკრების ფედერაციას ემსახურება. მე, ძირითადად, ძიუდოისტებთან ვმუშაობ და ჩვენს ჩემპიონებთან ძალიან მეგობრული ურთიერთიობები მაქვს.

– რა ოპერაციები კეთდება თქვენს დეპარტამენტში?

– გვაქვს მიმართულება, სადაც ვაკეთებთ მუხლისა და მენჯ–ბარძაყის სახსრის ტოტალურ ენდოპროთეზირებას, მხრისა და მუხლის სახსრის ართროსკოპიას, ჯვარედინა იოგების პლასტიკას. ჩვენს დეპარტამენტში, ასევე, გამოყოფილი გვაქვს მტევნის ქირურგია, სადაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

– იმისთვის, რომ ოპერაცია წარმატებული იყოს, საჭიროა ხარისხიანი პროთეზი, თქვენ რა ხარისხის მასალით მუშაობთ?

– ჩვენ ვაკეთებთ ამერიკულ პროთეზს, რაც დღეს ყველაზე თანამედროვეა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ეს კონკრეტული საყოველთაო დაზღვევითაც ფინანსდება და მე ბევრი ვიმუშავე კომპანიასთან, რომ ეს პროთეზი მინიმალური სარგებელის პირობებში მიგვეღო.

– დიდი წვლილი გაქვთ საქართველოში ღეროვანი უჯრედების ოპერაციის დანერგვაში, რა შემთხვევებში კეთდება ეს ოპერაცია?

– ეს ოპერაცია იტალიელი პროფესორისგან, ალექსანდრე პრიანოსგან ვისწავლე, რომელიც 20 წლის წინ ღეროვანი უჯრედების გადანერგვის კვლევაში იღებდა მონაწილეობას მილანის კვლევით ინსტიტუტში, რომლის ხშირი სტუმარიც ვარ. 5 წლის წინ, ამიერკავკასიაში პირველად, ჩვენს კლინიკაში დავიწყე ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, რომელიც კეთდება პირველიდან მესამე ხარისხის ართროზის, სხვადასხვა იოგის დაზიანებისა და მენისკისა და ჯვარედინა იოგების ნაწილობრივი დაზიანების დროს. მაღალი ხარისხის დაზიანების შემთხვევაში კეთდება მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროთეზირება. სტატისტიკურად, დაახლოებით, 300-მდე პაციენტთან გვაქვს ღეროვანი უჯრედების გადანერგვა გაკეთებული. ზოგადად, ჩვენი კლინიკა ყველანაირ ორთოპედიულ მომსახურებას ფარავს.

– ვიცით, რომ პაციენტები ხშირად გადიან ქვეყნიდან სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად, ამ კუთხით რა მდგომარეობაა თქვენს მიმართულებაში?

– თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში არ არსებობს ოპერაციის სირთულე, რასაც ქართველი ექიმები ვერ გააკეთებენ. მოგეხსენებათ, რომ ექიმთან დროულად ვიზიტის კულტურა საქართველოში ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, ამიტომ პაციენტები ჩვენთან მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ისეთი დონის დაზიანებებით მოდიან, რაც თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ უცხოელ ექიმებს ნანახი არ ექნებათ.

– საშუალოდ, რა რაოდენობის პაციენტის მიღება გიწევთ ყოველთვიურად და როგორ დაახასიათებთ თქვენს შდეგებს?

– თვეში, დაახლოებით, 150–200 პაციენტს ვიღებ, მაქსიმალურად კარგ შედეგს ვდებთ. ღეროვანი უჯრედების გადანერგვის მიმართულებით ჩვენთან მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ხელმისაწვდომი ფასია და აქაც ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი, ძალიან ვეცადე, ისეთი ფასი მიგვეღო, რომ მინიმალური მოგებების პირობებში იმუშაოს კლინიკამაც და ექიმმაც.

– როგორია რეაბილიტაციის პერიოდი?

– ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ერთდღიანი პროცედურაა და რეაბილიტაცია არ სჭირდება, თუ მივიღე გადაწყვეტილება, რომ პაციენტს აქვს პირველი–მეორე ხარისხის ართროზი, დილას რომ გავუკეთებ ღეროვნის გადანერგვას, საღამოს უკვე სახლში ვუშვებთ. გადანერგვა ჩხვლეტით კეთდება. მე ვმუშაობ ცხიმოვანი ქსოვილიდან აღებულ ღეროვანზე და არა ძვლის ტვინიდან აღებულზე, ძვლის ტვინიდან აღებულ ღეროვან უჯრედებზე ჩვენს სფეროში კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

– პირველი პაციენტი გახსოვთ?

– პირველი პაციენტი ღეროვანი უჯრედების გადანერგვაზე იყო ჩვენი კოლეგა, რომელსაც ჰქონდა მესამე ხარისხის ვასკულარული ნეკროზი. მას შემდეგ 5 წელი გავიდა და არაჩვეულებრივი შედეგი გვაქვს. ეს ოპერაცია ძალიან ბევრჯერ გვაქვს გაკეთებული ჩვენს ოლიმპიურ სპორტსმენებთან და ისევე, როგორც თითოეულ სხვა შემთხვევაში, აქაც არ გვაქვს შეცდომის უფლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა