რა ნიშნებით უნდა ამოვიცნოთ ბრტყელტერფიანობა
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 14.08

ბრტყელტერფიანობის პირველი ნიშნებია: ადვილად დაღლა, ტერფისა და კოჭ-წვივის სახსრების ტკივილი სიარულისა და დიდხანს დგომისას, კოჭ-წვივის მიდამოს შესივება. ტერფი წაგრძელებულია, მისი წინა ნაწილი შიგნით არის შებრუნებული, ქუსლი კი გარეთ არის მიქცეული.
ტერფის ფორმა შეძენილი ბრტყელტერფიანობის დროს
შეძენილი სტატიკური ბრტყელტერფიანობა შეიძლება იყოს გასწვრივიც, როდესაც გასადავებულია გასწვრივი თაღიც და განივიც, როდესაც განივი თაღია გასადავებული და წინა ტერფი – გაბრტყელებული. გასწვრივი და განივი თაღების ერთდროული გასადავების შემთხვევაში – ეს კომბინირებული ბრტყელტერფიანობაა. გასწვრივი ბრტყელტერფიანობის პროგრესირებისას გასწვრივი თაღის დაშვების გამო ტერფი გრძელდება, განივი ბრტყელტერფიანობის პროგრესირებისას კი მოკლდება, ხოლო წინა ტერფი მარაოსავით იშლება.
რა გართულებებს იწვევს ბრტყელტერფიანობა
ბრტყელტერფიანობის გართულებებია: ფეხების ტკივილი, განსაკუთრებით – ღამით, სიარულის მანერის შეცვლა, გასწვრივი ბრტელტერფიანობის დროს შესაძლოა, შეიცვალოს მუხლის სახსრების ფორმა და ფეხები X-ისებრი გახდეს. ამორტიზაციისა და დრეკადობის ფუნქციის დაქვეითებას ტანდეგობის დარღვევამდე მივყავართ. ამ დროს ფეხსაცმელი გაცვეთილია შიგნითა კიდესთან, კოჭ-წვივის არე სივდება. განივი ბრტყელტერფიანობის დროს ტერფი ფართოვდება, პირველი თითი დეფორმაციას განიცდის, მეორე და მესამე თითები ჩაქუჩისებური ხდება. დროთა განმავლობაში ვითარდება ტერფის წვრილი სახსრების ართროზი. ბრტყელტერფიანობამ, ისევე როგორც ტერფის სხვა პრობლემებმა, შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს ჯანმრთელობაზე. ბრტყელტერფიანობა ყველაზე გავრცელებული ტერფის პათოლოგიაა. ტერფის თაღის სათანადო საყრდენის არარსებობის შედეგად, ბრტყელტერფიანობის დროს, შეიძლება აღინიშნოს წვივის როტაცია, რაც იწვევს მუდმივ ტკივილს ფეხებსა და თეძოებში. ასევე, ბრტყელტერფიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი კუნთებსა და ძვლებში, რადგან ეს იწვევს არასწორ პოზას და სიარულის არაბუნებრივ მანერას.
ბრტყელტერფიანობის სამკურნალო წამლები არ არსებობს, მაგრამ არსებობს ტკივილის შესამსუბუქებელი ან ტერფის თაღის მაკორექტირებელი მეთოდები. ეს მოიცავს გაჭიმვის ვარჯიშებს, ორთოპედიული ფეხსაცმლის, თაღოვანი საყრდენებით ღაბაშების ტარებას ან ფიზიოთერაპიას. მძიმე შემთხვევებში შეიძლება, საჭირო გახდეს ოპერაცია ბრტყელტერფიანობასთან დაკავშირებული ტერფის თაღის ან სხვა პრობლემების გამოსასწორებლად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან