მედიცინა

რა იწვევს წვის შეგრძნებას პირის ღრუში

№46

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.11, 2022 წელი

პირის ღრუ
დაკოპირებულია

პირის წვის სინდრომი შესაძლოა გამოიხატოს:

👉წვის შეგრძნებით, რომელიც თითქმის ყოველთვის მოიცავს ენას, შედარებით იშვიათად – ტუჩებს, ღრძილებს ან მთელ პირის ღრუს;

👉პირის სიმშრალის შეგრძნებით და ძლიერი წყურვილით;

👉გემოს შეგრძნების ცვლილებით, მწარე ან ლითონისმაგვარი გემოს შეგრძნებით;

👉გემოს შეგრძნების დაკარგვით.

პირის წვის სინდრომით გამოწვეულ დისკომფორტს რამდენიმე ფორმა აქვს:

👉გაღვიძებისას ტკივილი შესაძლოა სუსტი იყოს, მაგრამ დღის განმავლობაში მოიმატოს;

👉 შესაძლოა, ტკივილმა გაღვიძებისთანავე შეგაწუხოთ და მთელი დღე გაგრძელდეს;

👉 ტკივილმა შესაძლოა, დროგამოშვებით იჩინოს თავი.

პირის წვის სინდრომი, განურჩევლად ფორმისა, შესაძლოა, თვეობით, წლობით გაგრძელდეს. ხანდახან სიმპტომები თავისთავად ქრება ან იშვიათდება.

განასხვავებენ პირის ღრუს წვის სინდრომის ორ ძირითად ფორმას: პირველადსა და მეორეულს. როდესაც კლინიკური ან ლაბორატორიული ცვლილებები არ შეინიშნება, სინდრომი პირველადი ან იდიოპათიურია. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ პირის წვის იდიოპათიური სინდრომი გემოვნების პრობლემებსა და პერიფერიული ან ცენტრალური ნერვული სისტემის მგრძნობიარე ნერვების დაზიანებასთან არის დაკავშირებული.

თუ პირის წვა ჯანმრთელობის სხვა პრობლემამ გამოიწვია, მეორეულ სინდრომზე საუბრობენ.

მეორეული პირის წვის სინდრომის მიზეზად შესაძლოა იქცეს:

👉ქსეროსტომია – პირის ღრუს სიმშრალე, რასაც, თავის მხრივ, შესაძლოა; სათავე დაუდოს სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგიამ ან ამა თუ იმ მედიკამენტის მიღებამ, ხშირად ის კიბოს სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი მოვლენაა;

👉პირის ღრუს სხვა დაავადებები: სოკოვანი ინფექცია, ბრტყელი ლიქენი, გეოგრაფიული ენა.

👉 საკვები ნივთიერებების: რკინის, თუთიის, ვიტამინ B1-ის, B2-ის, B6-ის და B12-ის ნაკლებობა;

👉კბილის პროთეზი, მით უმეტეს – თუ ის ცუდადაა მორგებული პირის ღრუს და ახლომდებარე ქსოვილებს აწვება. გარდა ამისა, ხელოვნური კბილები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებმაც შესაძლოა, პირის ღრუს ქსოვილები გააღიზიანოს;

👉ალერგიული რეაქცია საკვებზე, საკვების დანამატებზე, სტომატოლოგიურ საშუალებებზე;

👉გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება – საყლაპავში კუჭის მჟავა წვენის უკუამოტყორცნა;

👉კბილებს შორის ენის მოყოლა, კბილების კრაჭუნი;

👉ენდოკრინული დაავადებები – დიაბეტი ან ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი აქტიურობა;

👉პირის ღრუს გაღიზიანება, რომელიც თავის მხრივ, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ენის ზედმეტი ხეხვით, მცვეთავი ზემოქმედების მქონე კბილის პასტის გამოყენებით, პირის ღრუში გამოსავლები საშუალებების ჭარბი მოხმარებით ან მჟავური ტიპის სასმელებით;

👉ფსიქოლოგიური ფაქტორები – შფოთვა, დეპრესია, სტრესი.

მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ:

👉 სითხის უხვი მიღება, ყინულის ნატეხების წუწვნა;

👉 მჟავე და ცხარე საკვებსა (მათ შორის – პომიდორზე, ფორთოხალზე) და სასმელზე, დარიჩინიან ან მენთოლიან პროდუქტებზე, ყავაზე უარის თქმა;

👉 ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება;

👉 სიგარეტისთვის თავის დანებება;

👉 მგრძნობიარე კბილებისთვის განკუთვნილი კბილის პასტის გამოყენება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი