მედიცინა

რა იწვევს სმენის დაკარგვას

№48

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 05.12, 2024 წელი

სმენის დაკარგვა
დაკოპირებულია

ყური საკმაოდ ფაქიზი ორგანოა. უეცარმა, ძალიან ხმამაღალმა ხმამ შეიძლება, დაფის აპკის გახეთქვა გამოიწვიოს. 85 დეციბალზე მაღალი სიხშირის (მაგალითად, ყურსასმენებში მუსიკის ხმა) ბგერების მუდმივი ზემოქმედება შიგნითა ყურის უჯრედების დაზიანებას იწვევს, რის შედეგადაც ისინი ეფექტურად ვეღარ გადასცემენ ბგერებს და სმენა ქვეითდება.

ყურში გოგირდი ნორმის ფარგლებში თავისით გამოდის და წყლით გამოირეცხება. ზოგიერთ ადამიანს გოგირდი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წარმოექმნება ან ძალიან მკვრივი აქვს, ამის გამო ვითარდება გოგირდის საცობი, რაც ართულებს ბგერის გატარებას შიგნითა ყურში. პრობლემა მძიმდება, როდესაც ადამიანი გოგირდის მოშორებას ყურის ჩხირებით ცდილობს. შედეგად, ისინი გოგირდის საცობს უფრო შიგნით, ღრმად გადაანაცვლებენ.

სმენის დაკარგვა შესაძლოა განვითარდეს ნევრომის შედეგად. ეს კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც შიგნითა ყურიდან ტვინისკენ მიმავალ ნერვზე ვითარდება. მკურნალობა ოპერაციულია.

თუ სმენა უეცრად იკარგება, განსაკუთრებით ცალ ყურში, აუცილებლად საჭიროა ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია.

სმენის შესანარჩუნებლად:

* ნუ ჩართავთ ტელევიზორს ან მუსიკას ძალიან ხმამაღალზე;

* ყურსასმენებში მუსიკას ნუ მოუსმენთ მაქსიმალურ ხმაზე;

* შეეცადეთ, ყოველ 15 წუთში დაისვენოთ ხმაურისგან;

* ხმაურისგან თავდასაცავად გამოიყენეთ სპეციალური ყურსასმენები;

* ხანგრძლივი ხმაურის ზემოქმედების შემდეგ თქვენს სმენას 18-საათიანი სიჩუმით აღდგენის საშუალება მიეცით.

60 წლისთვის თითქმის ყველას აღენიშნება სმენის გაუარესება. თუმცა, სმენის დაქვეითებას ასაკობრივი ფაქტორებით განპირობებულ მოშლილობამდეც ბევრი რამ იწვევს. ერთ-ერთი მიზეზია ძლიერი, ხანგრძლივი ხმაური, რომელსაც დაფის აპკის მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების კვდომამდე მივყავართ. ეს ის დაბოლოებებია, რომელთა წყალობითაც ადამიანს სმენის შესაძლებლობა აქვს.

დაფის აპკის დაზიანების დროს ხდება სმენის დროებითი დაკარგვა. თავად დაფის აპკის გახეთქვას კი სხვადასხვა რამ იწვევს: ყურის მძიმე ინფექცია, სპორტის ისეთი სახეობით გატაცება, რომლის შედეგადაც ყური წნევის ძლიერ ცვალებადობას განიცდის (ასეთებია, მაგალითად, ყვინთვა, პარაშუტით ხტომა, სიმძიმეების აწევა), მექანიკური და აკუსტიკური ტრავმა. სმენის დაკარგვა ზოგიერთმა დაავადებამაც შეიძლება, გამოიწვიოს: რევმატოიდულმა ართრიტმა, სიფილისმა, მენიერის დაავადებამ და ოტოსკლეროზმა. სმენის დაქვეითება მოსალოდნელია, აგრეთვე, ზოგიერთი ანტიბიოტიკის, მაგალითად, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის პრეპარატების, მიღებისას. სმენის დაქვეითების მიზეზთა დაახლოებითი ნუსხა ასეთია:

•გენეტიკური განწყობა;

•ხმაურის ზემოქმედება;

•შიგნითა ყურის ინფექციური დაავადებები;

•ტოქსინების ზემოქმედება;

•სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

•ნევროლოგიური დაავადებები;

•სტრესი;

•მკურნალობის გართულება (ქიმიო- ან სხივური თერაპია);

•ქალა-ტვინის ტრავმა;

•ასაკი;

•დაფის აპკის პერფორაცია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა