მედიცინა

რა იწვევს პოდაგრას და როგორ ვებრძოლოთ მას

№8

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

პოდაგრა
დაკოპირებულია

პოდაგრის შეტევას სახსრებში ჩალაგებული შარდმჟავას მარილები იწვევს. სახსრებში მათი ჩალაგების მიზეზი კი სისხლში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატებაა. შარდმჟავა ჩვენს ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ნივთიერებების, პურინების, დაშლის შედეგია. პურინები ზოგიერთი სახის საკვებშიც მოიპოვება, მაგალითად, ხორცსა და თევზში. პურინებით მდიდარია ალკოჰოლური სასმელები, განსაკუთრებით – ღვინო და ლუდი, ასევე ფრუქტოზით დამტკბარი ტკბილი სასმელები. ორგანიზმში წარმოქმნილი შარდმჟავა თირკმელების საშუალებით გარეთ გამოიდევნება. ეს ფიზიოლოგიური მექანიზმი შეიძლება დაირღვეს, როცა შარდმჟავა მეტისმეტად ბევრია ან თირკმელები სათანადო რაოდენობით მის გამოდევნას ვერ ახერხებს. ამ შემთხვევაში სისხლში შარდმჟავას დონე იმატებს და სახსრებში და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ბასრი, ნემსისმაგვარი კრისტალების ფორმირებას იწვევს, რაც შემდგომ ტკივილის, ანთებისა და შეშუპების მიზეზი ხდება. რისკები ორგანიზმში შარდმჟავას მომატებული კონცენტრაციის მქონე ადამიანებს პოდაგრის განვითარების შედარებით მაღალი რისკი აქვთ.

კონცენტრაციის მომატებას ხელს უწყობს:

* პურინების შემცველი საკვები – ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, პარკოსნები და ალკოჰოლური სასმელები;

* სიმსუქნე – ჭარბი წონის დროს ორგანიზმში უფრო მეტი შარდმჟავა გამომუშავდება და თირკმელებს მისი გამოდევნა უჭირთ;

* ზოგიერთი ქრონიკული დაავადება და სამედიცინო მდგომარეობა, მაგალითად, ნებაზე მიშვებული არტერიული ჰიპერტენზია, დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, გულისა და თირკმლის დაავადებები;

* ზოგიერთი მედიკამენტი – ჰიპერტენზიის სამკურნალოდ გამოყენებული ზოგიერთი შარდმდენისა და ასპირინის მცირე დოზას შარდმჟავას დონის აწევა შეუძლია;

* პოდაგრის ოჯახური ისტორია – თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს პოდაგრა აქვს, თქვენი დაავადების რისკიც იზრდება;

* ასაკი და სქესი – პოდაგრა მამაკაცებს უფრო ხშირად ემართებათ. ეს იმიტომ, რომ ქალის ორგანიზმში შარდმჟავას დონე ბუნებრივადაა უფრო დაბალი, თუმცა მენოპაუზის შემდეგ ის იმატებს და თითქმის კაცისას უტოლდება. ამის კვალობაზე, კაცებს პოდაგრა უმეტესად 30-დან 50 წლამდე ემართებათ, ხოლო ქალებთან სიმპტომატიკა შედარებით გვიან, მენოპაუზის შემდეგ იჩენს თავს;

* ბოლო პერიოდში გადატანილი ოპერაცია ან ტრავმა.

დაიმახსოვრეთ ის პროდუქტები, რომლებიც თქვენს სუფრაზე იშვიათად უნდა მოხვდეს: ღვიძლი, თირკმელი, ტვინი, ენა, ნებისმიერი ხორცი, განსაკუთრებით – ახალგაზრდა ცხოველისა, თევზი, ფრინველი, ლორი, კონსერვი, ხორცისა და თევზის ნახარში, მცენარეებიდან – პარკოსნები, სოკო, ბოლოკი, ყვავილოვანი კომბოსტო, შოკოლადი, ასევე – ჩაი, ყავა, კაკაო, ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი, განსაკუთრებით - შამპანური.

სვით ბევრი წყალი – დღეში 1,5 ლიტრი მაინც. კარგია ტუტე მინერალური წყლები („ბორჯომი“).

კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე (ხილის, ბოსტნეულის, ხაჭოსი). დააყენეთ წითელი მოცვი ჩაისავით (20 გრამი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე). მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

სამკურნალო რეცეპტები:

* 20-20 გრამი კრაზანა, გვირილის ყვავილი, ცაცხვის ყვავილი, დიდგულას ყვავილი აურიეთ ერთმანეთში, ჩაყარეთ ფაიფურის ჭურჭელში, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და 15 წუთით ჩადგით ცხელი წყლის აბაზანაში. გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე და გაფილტრეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. შეავსეთ 1 ლიტრამდე გადადუღებული წყლით და შედგით მაცივარში. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ინახება მხოლოდ 3 დღე.

* 3 ჩაის კოვზ მარიამსხალას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და 2 საათი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.

პოდაგრის გამწვავებისას მტკივანი სახსარი დაისუსხეთ ჭინჭრით, დილით კი ნავთით გაიწმინდეთ. დილაობით სვით ნივრისა და ლიმონის ნაყენი. ფიტოთერაპიის პარალელურად, დილა-საღამოს, ჭამამდე 40-60 წუთით ადრე ან ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ, მიირთვით ვაშლი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი