რა იწვევს მოციმციმე არითმიას და მისი მკურნალობის რა თანამედროვე მეთოდები არსებობს
ავტორი: „თბილისელები“ 17:05 15.11

მოციმციმე არითმია, ანუ წინაგულთა ფიბრილაცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საყურადღებო არითმიაა, რამაც შორს წასულ შემთხვევებში შეიძლება, ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს. რა სიმპტომები მიგვანიშნებს მოციმციმე არითმიაზე, რა იწვევს ამ დაავადებას და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს, ამ და თემის ირგვლივ არსებულ სხვა საინტერესო შეკითხვებზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, ბატონი რამაზ ბათავანი გვესაუბრა.
– რა არის წინაგულთა ფიბრილაცია?
რამაზ ბათავანი: წინაგულთა ფიბრილაცია, იგივე მოციმციმე არითმია, ყველაზე გავრცელებული გულის რიტმის დარღვევაა, რომელიც ძირითადად, ხანდაზმულ პაციენტებში გვხვდება. მოციმციმე არითმიის დროს გული არარიტმულად იკუმშება, წინაგულების არაეფექტური შეკუმშვის შედეგად იზრდება გულში თრომბის წარმოქმნისა და ინსულტის განვითარების რისკი. მოციმციმე არითმია ასევე, იწვევს გულის უკმარისობას.
– რა იწვევს მოციმციმე არითმიას?
– მოციმციმე არითმიის ჩამოყალიბებას ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის კორონალური არტერიების დაავადება, გულის სარქველების დაავადება, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება (ალკოჰოლს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია მოციმციმე არითმიის აღმოცენებაში და გამომწვევ მიზეზებს შორის პირველ ხუთეულშია), თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა, ძილის ობსტრუქციული აპნოე, ფარისებური ჯირკვლის დისფუნქცია, დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია. საყურადღებოა, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მოციმციმე არითმიის განვითარების რისკი.
– რა გართულებების გამოწვევა შეუძლია მოციმციმე არითმიას? რამდენად მნიშვნელოვანია დროულად მივმართოთ ექიმს?
– მოციმციმე არითმია დასაწყისში შეიძლება, იყოს უსიმპტომო, ჩივილების სიმძაფრე დამოკიდებულია არითმიის დროს გულისცემის სიხშირეზე. შორს წასულ შემთხვევებში ჩნდება ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი რისკები, მათ შორის გულის უკმარისობა და იშემიური ინსულტი. ჩვეულებრივ, გული იკუმშება და დუნდება რეგულარული რიტმით. მოციმციმე არითმიის დროს გულის ზედა კამერები, ანუ წინაგულები არაეფექტურად იკუმშებიან, რაც იწვევს სისხლის შეგუბებასა და თრომბის წარმოქმნის საშიშროებას. წინაგულში წარმოქმნილი თრომბი შეიძლება, რომელიმე არტერიის სანათურში გადავიდეს და გამოიწვიოს მისი დახშობა. ერთ-ერთი ასეთი გართულებაა იშემიური ინსულტი. ინსულტის მქონე პაციენტთა 15-20 %-ს მოციმციმე არითმია აღენიშნება.
გულის უკმარისობის დროს ქვეითდება შრომისუნარიანობა. ამ დროს შეზღუდულია პაციენტების ჩვეული ფიზიკური აქტივობა. მიკროემბოლიების შემთხვევაში ქვეითდება ადამიანის მეხსიერება, აზროვნება. მოციმციმე არითმიის მქონე პაციენტთა, დაახლოებით, 20 პროცენტს ახასიათებს გამოხატული დეპრესია. არითმიის მქონე პაციენტთა 60 პროცენტზე მეტს აღენიშნება ცხოვრების ხარისხის გაუარესება. ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი და დროული მკურნალობის დაწყება.
– რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?
– პაციენტებმა, რომლებსაც აწუხებთ გულის ფრიალი, სისუსტე, ადვილად დაღლა, არათანაბარი პულსი, თავბრუ, ტკივილი გულის მიდამოში, ქოშინი მცირე ფიზიკურ აქტივობისას უნდა მიმართონ ექიმს.
– როგორ ხდება დიაგნოსტირება?
– დიაგნოსტიკა საკმაოდ მარტივია, მაგალითად, არითმიის დროს გადაღებული კარდიოგრამა საკმარისია დიაგნოზის დასადგენად.
– ვინ წარმოადგენს წინაგულთა ფიბრილაციის რისკ ჯგუფს?
– მოციმციმე არითმიის განვითარების რისკი აქვთ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ გულის იშემიური და/ან სარქვლოვანი დაავადება, ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, არტერიული წნევა, დიაბეტი, სიმსუქნე, ობსტრუქციული ძილის აპნოე (ძილის დროს სუნთქვის შეჩერება). ამ არითმიის განვითარება ასევე, ხშირია ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოსა და კოფეინის ჭარბი მოხმარების დროს.
– როგორია წინაგულთა ფიბრილაციის მკურნალობის მეთოდები? როგორ მკურნალობენ წინაგულთა ფიბრილაციას „ნიუ ჰოსპიტალსში“?
– „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოციმციმე არითმიის მკურნალობა ხდება როგორც მედიკამენტური, ასევე კათეტერული აბლაციის მეთოდით. მედიკემენტური მკურნალობა, პირველ რიგში, გულისხმობს თრომბის წარმოქმნის რისკის შემცირებასა და სიმპტომების კონტროლს, რაც სისხლის შედედების საწინააღმდეგო და ანტიარითმიული მედიკამენტების დანიშვნით ხდება, ამასთან, მნიშვნელოვანია თანმხლები დაავადებების მკურნალობა, რაც შეეხება კათეტერულ აბლაციას, ეს არის ნორმალრი რითმის აღდგენის ძალიან ეფექტური მეთოდი. აბლაციის დროს ხდება მოციმციმე არითმიის კერების „მოწვა“ (რადიოსიხშირული აბლაცია) ან „მოყინვა“ (კრიო აბლაცია).
სიახლეები ამავე კატეგორიიდან