მედიცინა

რა იწვევს ქავილს გამონაყრის გარეშე

№40

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 10.10

ქავილი
დაკოპირებულია

გამონაყრის გარეშე ქავილს იწვევს:

* ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

ამ დროს ქავილი კანის გამოშრობის ბრალია. ამ კუთხით საყურადღებოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება – ჰიპოთირეოიდიზმი. კანის სიმშრალესთან ერთად, პაციენტი შესაძლოა, უჩიოდეს დაღლილობას, სიცივის მიმართ გადაჭარბებულ მგრძნობელობას, შეკრულობას, წონის მატებას, სახის შეშუპებას, კუნთების სისუსტეს, მენსტრუაციის დარღვევას, თმისა და ფრჩხილების გათხელებას, გულისცემის შენელებას, დეპრესიას, მეხსიერების დაქვეითებას და სხვა. ამ ჩივილების შემთხვევაში საჭიროა ენდოკრინოლოგთან მისვლა, რათა შეირჩეს შესაბამისი კვლევა და დაისვას სწორი დიაგნოზი.

* თირკმლის ქრონიკული დაავადებები

თირკმელების უკმარისობის დროს კანის მუდმივი ქავილის მიზეზია კანის სიმშრალე, ოფლის გამოყოფის შემცირება, ნივთიერებათა ცვლის შენელება, სისხლში ტოქსინების დაგროვება, ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესები... კანი, ორგანიზმიდან ნარჩენი და ზედმეტი პროდუქტების გამომყოფი ერთ-ერთი ორგანო, ამ დროს გამოყოფს აზოტის ნარჩენ პროდუქტებს, რომლებიც კანში მდებარე ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს და ქავილს იწვევს.

დადასტურებული ფუნქციური უკმარისობის შემთხვევაში, როდესაც თირკმელი ვერ გამოყოფს ზედმეტ, ორგანიზმისთვის უსარგებლო ნივთიერებებს, ორგანიზმიდან მათი გამოტანა ხდება, ეგრეთ წოდებული, ხელოვნური თირკმლის – დიალიზის საშუალებით. შედეგად შემაწუხებელი ქავილიც ქრება.

* ღვიძლის დაავადებები

ღვიძლიც აქტიურად ფილტრავს სისხლს. მისი დაზიანება კი მთელი სხეულის მდგომარეობაზე აისახება. ქოლესტაზმა, ანუ ნაღვლის შეგუბებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს კანის ქავილი გამონაყრის გარეშე. ამ შემთხვევაში ქავილს თან ახლავს შარდის გამუქება, განავლის გაბაცება, კანისა და სკლერის (თვალის თეთრი ნაწილის) სიყვითლე.

ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის დაავადებების დროს ქავილი იშვიათია, ის უფრო მეტად ღვიძლის ავტოიმუნური და ვირუსული დაავადებების დროს შეინიშნება. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ჰეპატოლოგს (ღვიძლის სპეციალისტს).

დადგენილია, რომ ღვიძლის დაავადებების დროს ქავილი უფრო მეტად ხელისგულებსა და ტერფებშია გამოხატული. ქავილი, როგორც წესი, მძაფრდება სითბოში და შესამჩნევლად იმატებს ღამით.

ქავილის დაცხრობისთვის ყველაზე ეფექტური გზა, რა თქმა უნდა, მიზეზზე ზემოქმედებაა, მაგრამ დაგეხმარებათ რეკომენდაციებიც, რომელთა შესრულება ხელს შეუშლის კანის შემდგომ გამოშრობას:

* ერიდეთ ქიმიკატების შემცველი ჰიგიენური საშუალებების გამოყენებას. ეცადეთ, გამოიყენოთ ჰიპოალერგიული საშუალებები;

* ბინის ჰაერი რეგულარულად დაანოტივეთ, განსაკუთრებით – ზამთარში;

* რეგულარულად ისვით დამატენიანებელი კრემი, განსაკუთრებით – შხაპისა და აბაზანის შემდეგ;

* ნუ დარჩებით საშხაპეში ათ წუთზე მეტხანს;

* დაიბანეთ თბილი და არა ცხელი წყლით;

* მოერიდეთ მშრალი კანის ძლიერად მოქავებას – შესაძლოა, გაიკაწროს და ნაკაწრიდან კანში ინფექცია შეიჭრას;

* გამოიყენეთ ურეცეპტოდ გასაცემი ქავილის საწინააღმდეგო კრემები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა